4 ერი

15:45 | 26.08.2016 | ნანახია 1967 - ჯერ

„მაორი კონკიას“ დებიუტი „ოლ ბლექსში“

გასულ შაბათს კეინ ჰეიმსმა პირველად მოირგო „ოლ ბლექსის“ მაისური და საკუთარი დებიუტი სიდნეიში ავსტრალიელთა 42:8 დამარცხებით აღნიშნა. ის შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და რამდენიმე წამში ჯულიან სავეას მეექვსე ლელოს თანაავტორი გახდა.

ნამატჩევს, 27 წლის მორაგბემ საკუთარ დებიუტზე და „კონკიასავით“ საოცარ ისტორიაზე თავისი მხრებივითი გაშლილი ღიმილით ისაუბრა. გაირკვა, რომ ჰეიმსს სუპერ რაგბის გასული სეზონის წინ კონტრაქტი არცერთ ფრანშიზთან აკავშირებდა და უფრო მეტიც, მას კონტრაქტი არც ახლა აქვს სუპერ რაგბის რომელიმე მონაწილესთან.

კეინის აღზევება დაგვიანდა და ის სუპერ რაგბიში პირველად მხოლოდ 2014 წელს, „ჰაილენდერსის“ რიგებში გამოჩნდა, თუმცა მერე ტრავმებმა იჩინეს თავი და გასული სეზონის სტარტზე, საკუთარ თავს პროფესიონალ მორაგბეს ვერ უწოდებდა. ჰეიმსს გაუმართლა და „ჩიფსმა“ მისი დამატება მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ბურჯის პოზიციაზე „ბელადებს“ პრობლემები შეექმნათ. შედეგად, 27 წლის მორაგბეს 2016 წლის სუპერ რაგბის გათამაშებაში 9 თამაში მოუგროვდა, რის შემდეგაც „ოლ ბლექსში“ უხმეს და ავსტრალიასთან მატჩის წინ სათადარიგოთა სკამზე გაამწესეს.

„ოლ ბლექსის“ მაისურით თამაში შვიდი წლიდან ჩემი ოცნება იყო. რამდენიმე ისტორია ვიცი, როდესაც „ოლ ბლექსში“ გამოძახებულ მოთამაშეებს სათადარიგოთა სკამიდან წამოდგომა არ მოუწიათ და ამის შემდეგ შანსი აღარც მიუღიათ. მსგავსი ფიქრები თავში მეც მეტრიალებდა. დიახ, მე მივიღე ჩემი კუთვნილი მაისური, მაგრამ ის ვერ იქნებოდა ოფიციალური, თუ მოედანზე თუნდაც ერთი წუთით არ შევიდოდი. ასე რომ, დღეს 22-ის ნაცვლად ერთი წუთიც რომ მეთამაშა, ახლა ისეთივე ბედნიერი ვიქნებოდი, როგორსაც მხედავთ“ - გაანდო ჟურნალისტებს საკუთარი ემოციები ჰეიმსმა, რომელსაც ახალი ზელანდიის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

ცოტა ხნის წინ, მისი ძლიერი თამაში შერკინებაში სულ შემთხვევით გახდა ცნობილი ახალი ზელანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის: „ჩემი მწვრთნელი კევინ შულერი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ნაკრების ბურჯებმა ტრავმა მიიღეს და მათ დახმარება სჭირდებოდათ. მე მახლობლად ვარჯიშობდი, შერკინებაში მართლა ძლიერი ვარ და პირველი ვარჯიშის შემდეგ უაით ქროქეთმა მკითხა, თუ სად ვთამაშობდი. ვუთხარი, რომ კონტრაქტი არავისთან მქონდა და ჩემთვის ვვარჯიშობდი, რამაც ის გაოცებული დატოვა“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099392