4 ერი

22:37 | 25.08.2016 | ნანახია 1335 - ჯერ

დებიუტანტით „უოლაბების“ წინააღმდეგ

„ჩიფსის“ ცენტრს ენტონ ლინერტ-ბრაუნს „რაგბი ჩემპიონშიპის“ მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრებთან გასამართ მატჩში დებიუტი ექნება. „ოლ ბლექსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 21 წლის მორაგბე შაბათს გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ტრავმირებული რაიან კროტის ნაცვლად შეიყვანა.

გასულ შაბათს ახალმა ზელანდიამ „უოლაბებს“ სიდნეიში 6 ლელო გაუტანა და 42:8 დაამარცხა. 27 აგვისტოს განმეორებითი შეხვედრა ველინგტონში გაიმართება და თბილისის დროით 11:35 საათზე დაიწყება. წინა მატჩთან შედარებით, ლინერტ-ბრაუნის ძირითადში გამოჩენა ერთ-ერთია იმ ოთხ ცვლილებას შორის, რომელიც მწვრთნელმა განახორციელა.

ბურჯმა ჯო მუდმა ტრავმა მოიშუშა და სასტარტო შემადგენლობაშია, უაით კროკეთმა კი, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და თუ თამაშში ჩაერთვება, თავის 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. სხვა ორი ცვლილება სათადარიგოებს ეხება და კვაჭის შემცვლელად ჯეიმს პარსონსი, ხოლო 23 ნომრით სეტა ტამანივალუ არიან.

„უწინარესად, მინდა ენტონის მივულოცო ნაკრებში დაწინაურება. მას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა სუპერ რაგბიში, ყველა კომპონენტში ძლიერად ითამაშა და მწამს, მორიგ დიდ ნაბიჯს გადადგამს. შაბათს ყველანი მოუთმენლად ველით, ეს ენტონისთვის განსაკუთრებული საღამო იქნება და ვფიქრობ, მან და მისმა ოჯახმა უნდა იამაყონ ამ მიღწევით.

მინდა მივულოცო „კროკის“, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს და „ოლ ბლექსში“ ესეც უდიდესი მიღწევაა. ისაა ადამიანი, რომელიც მუდამ ბევრს შრომობდა გუნდის საკეთილდღეოდ. მისი დამოკიდებულება მისაბაძია და ისაა ადამიანი, რომლის გუნდში ყოლითაც ნებისმიერი მწვრთნელი ბედნიერი იქნებოდა“ - ასე დაახასიათა ჰანსენმა დებიუტანტი და კეპების დამრგვალების მომლოდინე მორაგბეები.

„ოლ ბლექსის“ თავკაცმა რაღა თქმა უნდა მომავალ თამაშზეც ისაუბრა: „ამ თამაშმა ბევრი რამ უნდა დაგვანახოს, როგორც ჩვენს, ასევე ავსტრალიის შესახებ. სპორტში ყოველთვის რთულია, წინა კარგი თამაშის მომავალი შეხვედრისთვის კოპირება. მთელი კვირის განმავლობაში რთული სამუშაო გვქონდა: აუცილებელი იყო მიწაზე დავშვებულიყავით და გაგვეკეთებინა ყველაფერი, რაც მომავალი თამაშისთვის გვესაჭიროება. რა თქმა უნდა ვეცადეთ, რომ გარკვეული სათამაშო კომპონენტები გაგვეუმჯობესებინა. ავსტრალია ამაყი გუნდია და ბედნიერი ვერ იქნება გასულ შაბათს ნაჩვენები თამაშით. შედეგად ველით, რომ მომავალ შაბათს ჩვენს წინააღმდეგ შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებენ. ველით საინტერესო, ფიზიკურ და მაღალი ინტენსივობის თამაშს, რომელმაც Bledisloe Cup-ის მფლობელი უნდა გაარკვიოს“.

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. იზრაელ დეგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. ენტონ ლინერტ-ბრაუნი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. ჯეიმს პარსონსი, 17. უაით კროკეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლიამ სკუაირი, 20. არდი სავეა, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. აარონ კრუდენი, 23. სეტა ტამანივალუ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075336