ჩელენჯ კაპი

12:14 | 25.08.2016 | ნანახია 2254 - ჯერ

კვლავ ქართველების გარეშე - ევროთასის მესამე დონეზე კენჭი ყარეს

მცირედი იმედი, უფრო ოცნება, რომ ეგებ ქართული კლუბი წელსვე გამოჩენილიყო საკლუბო ევროთასებზე, არ გამართლდა. ორგანიზატორებმა საბოლოოდ დაადგინეს, რომ ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ეტაპზე კვლავ 8 გუნდი ითამაშებს და მათ შორის საქართველოს ჩემპიონი არაა.

საქართველოს რაგბის კავშირის და ქართული კლუბების სურვილია, რომ ევროთასებზე ითამაშონ, მაგრამ ამისათვის ფულია საჭირო, რომლის გამონახვა ვერც წელს მოხერხდა. მიდის მუშაობა, რათა სახელმწიფოს დახმარებით გაისად მაინც გახდეს შესაძლებელი საქართველოს ჩემპიონის ევროტურნირებში ჩართვი, დღეს კი, რეალობა ასეთია.

დეტალები რუსეთის ჩემპიონის, ლაშა მალაღურაძის „კრასნი იარის“ ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. წელს შესარჩევ ეტაპზე არ ითამაშებენ რუმინული და პორტუგალიური კლუბებიც. მონაწილე 8 გუნდს შორის 4 იტალიურია - „მოლიანო“, „როვიგო“, „კალვიზანო“ და „დენდერმონდი“; რუსეთზე უკვე ვთქვით, ესპანეთს „ელ სალვადორი“, გერმანიას შარშანდელის მსგავსად „ჰაიდელბერგერი“, ხოლო ბელგიას „დენდერმონდი“ წარმოადგენს.

კენჭისყრის შედეგად პირველ ჯგუფში „მოლიანო“, „ელ სალვადორი“, „ჰაიდელბერგერი“ და „როვიგო“ მოხვდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში „კრასნი იარი“, „პეტრარკა“, „კალვიზანო“ და „დენდერმონდი“ ითამაშებენ. შარშანდელის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება და პირველი ჯგუფის გუნდები მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს დაუპირისპირდებიან, ანუ თითოეულს ოთხ-ოთხი თამაშის ჩატარება მოუწევს. ქულათა დარიცხვის სისტემა ასეთია - გამარჯვებული 4 ქულას იღებს, ფრეზე 2 იწერება, 4 და მეტი ლელოს გატანისთვის, ან 7 და ნაკლები სხვაობით მარცხისთვის 1 პრემიალური ქულაა.

მალაღურაძის „კრასნი იარს“ 15 ოქტომბერს „მოლიანოსთან“, ხოლო 22-ში „ელ სალვადორთან“ სოჭში მოუწევს თამაში. ეს იმიტომ, რომ ორგანიზატორებმა კრასნოიარსკში თამაშების ჩატარებაზე უარი განაცხადა. 10 დეკემბერს „ჰაიდელბერგერთან“ და 17 დეკემბერს „როვიგოსთან“, რუსებს გასვლაზე უწევთ თამაში.

ორი საუკეთესო გუნდი დასკვნით პლეი ოფში გადის, სადაც ჩელენჯ ქაფის ძირითად ბადეში მყოფ რუსულ „ენისეისთან“ და რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსთან“ მიმოსვლით ორ თამაშს გამართავს და ორი უკეთესი გაისად ჩელენჯ ქაფზე ითამაშებს. სისტემას სამართლიანს და დახვეწილს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ჯერჯერობით რეალობა ასეთია და იმედია, გაისად საქართველოს ჩართვის გარდა, მესამე დონის ტურნირის სისტემაც საბოლოოდ დაიხვეწება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:25 | 26.08.2016
qomagi (248)

რა თანხაა ასეთი რომ აღარ დაადგა საშველი მის მოძიებას? ან სად არიან სპორტისა და საქართველოს სიყვარულით დადაგული ბიზნესმენები?

15:15 | 25.08.2016
test (124)

რა გახდა ერთი კლუბისთვის ფინანსების გამონახვა?! რა უბედურებაა!!! ან რა თანხაა ასეთი გადაუხდელი ?!

14:32 | 25.08.2016
BEERTRANCE (1073)

ისევ მომავლის იმედად.

0.079986