„ტულონის“ სკანდალური პრეზიდენტი მურად ბუდჯელალი ნაციონალური ლიგის პრეზიდენტის, პოლ გოზიეს მოღვაწეობით უკმაყოფილოა და 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მის წინააღმდეგ იბრძოლებს.
LNR-ი საფრანგეთის ორი მოწინავე პროფესიული ლიგის - ტოპ 14-ისა და პრო დ2-ის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. ბოლო პერიოდში გოზიე საფრანგეთის რაგბის კავშირთან აქტიურად თანამშრომლობს და ზემოთნახსენებ ლიგებში რეფორმებს ახორციელებს, მუდამ უკმაყოფილო ბუდჯელალი კი, გარკვეული სიახლეების წინააღმდეგია.
არჩევნებში გოზიეს კონკურენტი მურადის გარდა „ტულუზის“ პრეზიდენტი ჟან-რენე ბუსკატელიც იქნება და ბუდჯელალისთვის მთავარი საკუთარი გამარჯვება კი არა, გოზიეს მარცხია: „ამ პოსტის დაკავებას ჟან-რენეს ვუსურვებ. ეს საუკეთესო კანდიდატურაა, მაგრამ თუ ის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მაშინ თავად ვიბრძოლებ გოზიეს წინააღმდეგ, მაშინაც კი, თუ მეცოდინება, რომ შანსი არა მაქვს. აუცილებელია ეს კაცი შეიცვალოს“.
აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული ბუდჯელალმა ბოლო მომენტში საკუთარი კანდიდატურა ბუსკატელის სასარგებლოდ შეცვალოს. პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატების წარდგენის ვადა 2 სექტემბერს იწურება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია