რუსული რაგბის ფლაგმანები - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „კრასნი იარი“ და ამჟამინდელი ლიდერი „ენისეი-სტმ“-ი, რომლებიც შემოდგომიდან ევროთასებში უნდა ჩაერთონ, საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში ვერ გამართავენ.
ორივე გუნდი ციმბირულია და მათი მშობლიური ქალაქი კრასნოიარსკია. ევროთასების ორგანიზატორმა EPCR-მა რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოპევს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროთასების თამაშები ციმბირში არ გაიმართება.
უარი დასაბუთებულია - რეგიონის ბუნებრივი პირობები თამაშების ჩატარების პერიოდში, მანძილი ევროპული ქალაქებიდან კრასნოიარსკამდე და ირლანდიური „კონახტის“ შარშანდელი გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ მაშინ ირლანდიელები „ენისეისთან“ კრასნოიარსკში თამაშს დათანხმდნენ და მოყინულ მოედანზე, 15-გრადუსიან ყინვაში მოუხდათ ბურთაობა; ყინვის შედეგად დაზიანდა მათი თვითმფრინავი და „კონახტის“ მორაგბეებს სამ ჯგუფად, სხვადასხვა მარშრუტით მოუწიათ შინ დაბრუნება, მათი მგზავრობა კი, რამდენიმე დღე გაგრძელდა.
მაგრამ რუსეთი ევროპული რაგბის გარეშე არ დარჩება და კლუბებს ალტერნატივად სოჭი, მოსკოვი და კრასნოდარი აქვთ ასარჩევი.
შეგახსენებთ, რომ „ენისეიმ“ ჩელენჯ ქაფის გასულ სეზონში ღირსეული თამაში აჩვენა, ჯგუფურ ეტაპზე „ბრივთან“ და „ნიუკასლთან“ გამარჯვებები მოიპოვა და მოქმედი ჩემპიონის, „კრასნი იარის“ ნაცვლად, ჩელენჯ ქაფზე გამსვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება EPCR-მა სწორედ მას მიანიჭა. დავით კაჭარავას გუნდმა იტალიური „როვიგოსგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა და ძირითად ტურნირში გავიდა, სადაც ფრანგულ „ბრივთან“, ინგლისურ „ვუსტერთან“ და უელსის „ნიუპორტთან“ მოუწევს თამაში.
ევროტურნირების გარეშე არ დარჩა ლაშა მალაღურაძის, ვალერი ცნობილაძის და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარიც“, რომელიც ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ჯერჯერობით უცნობია მისი მეტოქეები და ისიც, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნის რომელი გუნდები ითამაშებენ ამ ტურნირში. ამ ეტაპზე რუსების გარდა თანხმობა ოთხმა იტალიურმა კლუბმა განაცხადა. საქართველოს ბოლო 4 წლის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ ევროთასებში წელსაც ვერ ითამაშებს და მიზეზი ტრადიციულია - უსახსრობა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია