სხვა

11:36 | 24.08.2016 | ნანახია 3219 - ჯერ

მალაღურაძის 13 ქულა და გრძელი სალელოვე პასი [+ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, რუსეთის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „ვვა-პოდმოსკოვიეს“ სამი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაუტანა, რითაც „კრასნი იარის“ 28:13 გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ქართველი უნივერსალი კრასნოიარსკელთან სასტარტო შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და გარდა კარში დარტყმებისა, აქტიური იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მის გარდა „კრასნი იარის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს ვალერი ცნობილაძე, ხოლო ბურჯმა მიხეილ წიკლაურმა თავად ითამაშა შეცვლაზე.

ამ შეხვედრის შედეგზე დიდად იყო დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი დაასრულებდა რეგულარულ გათამაშებას მეორე ადგილზე და როგორც ჩანს, „ენისეის“ კვალდაკვალ თანაქალაქელი „კრასნი იარი“ გაყვება. არადა, მატჩის დებიუტში მოსკოველებმა მასპინძლების უყურადღებობით ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ.

წონასწორობა ხუთ წუთში აღდგა, ცნობილაძემ დერეფანში ააგდო ბურთი, ლელოდან 5 მეტრში მოლი დადგა, რომელიც წინ ვერ მიიწევდა, მაგრამ მასში უკანახაზელები, მათ შორის მალაღურაძეც ჩაერთო და ფუკოფუკამ ბურთი დაამიწა, ხოლო ლაშამ გარდასახა. ამის შემდეგ, 20-იდან 28-ე წუთამდე მან სამი ჯარიმა გაიტანა და „იარი“ 9 ქულით დააწინაურა. პირველ ჯერზე მან ზუსტი დარტყმა ცენტრიდან შეასრულა და მატჩის კომენტატორი აღაფრთოვანა, მეორედ ჩახურვაზე ითამაშა კარგად, მეტოქეს ბურთი ხელიდან გამოგლიჯა და ჯარიმა ამას მოყვა.

ტაიმის ბოლომდე ერთი ჯარიმა „ვვა-პოდმოსკოვიემ“ გაქვითა, თუმცა კრასნოიარსკელებმა მეორე ლელო დადეს და ტაიმი 21:10 მოიგეს. შესვენების შემდეგ თამაშის სანახაობრივი მხარე დაიკარგა, მალაღურაძეს ორი ჯარიმა გაუცუდდა, ხოლო სტუმრებმა ორი შანსიდან ერთი გამოიყენეს და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანეს. 74-ე წუთზე მალაღურაძემ კარის წინიდან ზედ კიდის ხაზთან, ოტროკოვის მისამართით გრძელი გადაცემა გააკეთა და ამ უკანასკნელს ლელოს გატანის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, ხოლო ლაშამ გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა - 28:13 და „კრასნი იარი“ 9 თამაშიდან 31 ქულით მეორე ადგილზეა.

ამავე ტურში დავით კაჭარავას „ენისეიმ“, რომელიც 40 ქულით პირველ ადგილზეა, „ყუბანი“ 35:9 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შუამარბი განაცხადში არ იყო. რაც შეეხება ბომბარდირთა სიას, მალაღურაძეს და კაჭარავას 35-35 ქულა აქვთ და მე-10-მე-11 ადგილებზე არიან. ლაშამ 1 ლელო, 4 ჯარიმა და 9 გარდასახვა გაიტანა, ხოლო დათის ანგარიშზე 7 ლელოა და ის რუსეთის პრემიერ-ლიგის საუკეთესო მელელოვეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:00 | 24.08.2016
BEERTRANCE (1073)

PRO-D2 ნამდვილად გაქაჩავდა არადა.

0.10465