ტოპ 14

16:52 | 22.08.2016 | ნანახია 6194 - ჯერ

13 ქართველი ტოპ 14-ის პირველ ტურში

გასულ შაბათ-კვირას, ყველაზე ადრე ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან, სტარტი აიღო საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის 2016-2017 წლების გრძელმა მარათონმა და პირველსავე ტურში მოედანზე 13 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ.

თამაშების უმეტესობა შაბათს, პარალელურ რეჟიმში დაიწყო, ხოლო კვირას ერთი თამაში შედგა და ჩვენც მიმოხილვა ამ შეხვედრით დავიწყოთ, რადგან მასში ელიტური დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს. „ბეიონმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და 28:23 დაამარცხა. 21 წლის ქართველს მწვრთნელებმა ტოპ 14-ის პირველსავე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ანდეს ადგილი და შესვენებისას შეცვალეს. ბადრის არაფერი გაუფუჭებია და მთლიანობაში, დებიუტანტის კვალობაზე ნორმალურად ითამაშა. ის კარგად იდგა შერკინებაში, სადაც „ტულონი“ მძლავრობდა და შეტევასა და დაცვაში აქტიურობას ცდილობდა.

ალხაზაშვილის პირად სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მან ორჯერ მიიღო ბურთი და ერთი გადაცემა გააკეთა, უფრო მეტი იმუშავა დაცვაში და 11 ბოჭვა შეასრულა, თანაც ისე, არცერთი გაფუჭებია. „ტულონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო გორგოძე და მან მოედანზე 56 წუთი გაატარა. მამუკა აქტიური იყო დაცვაშიც და შეტევაშიც. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი რვაჯერ მიიღო, სამი გადაცემა გააკეთა, მიძალებებით 16 მეტრი დაფარა, ერთხელ მცველს გაცდა და ორჯერ ოფლოუდი შეასრულა. დაცვაში მას 10 ბოჭვის წილ 3 გაუცუდდა.

სტუმართა შორის თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო ჩილაჩავა და დასკვნითი 27 წუთი ითამაშა. მან ერთხელ შეუტია, თანაც ისე, რომ ხაზი სუფთად გაჭრა და მერე მბოჭავიც ჩამოიცილა, რასაც ოფლოუდი მოყვა. ჯამში ლევანმა ამ შეტევით 4 მეტრი იარა. მის ანგარიშზე ერთი პასი და 2 ბოჭვაა. „ბეიონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა ბურჯმა ხინჩაგიშვილმა. მან 5-ჯერ შეუტია, ჯამში 8 მეტრით წაწია ბურთი წინ, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და ერთხელ მცველი გააბითურა, ხოლო ერთხელ პასი გააკეთა. დაცვაში მისი მონაგარი 7 შესრულებული ბოჭვაა, ერთი გაუფუჭდა და სამჯერ დაჯარიმდა.

თამაშს რაც შეეხება, მასპინძელთა ადრეულ ჯარიმას ლეიგ ჰალფპენიმ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მე-17 წუთზე კი, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს. ბუსტოს მოიანოს გარდასახვას უილ დუ პლესმა 23-ე წუთზე ჯარიმა მიაყოლა. „ტულონმა“ საპასუხო ლელო 29-ე წუთზე დადო, გორგოძემ ალხაზაშვილის დახმარებით დაარტყა, სებასტიან ბორდემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და რაქიდან სალელოვედ ჩარლზ ოლივონმა შეუტია - 13:13.

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ხინჩაგიშვილი და ორი მისი თანაგუნდელი მოლს მოწყდნენ და ლელოში შევიდნენ, ბურთი გრიგორი არგანისმა დაამიწა და დუბლი შეასრულა. დუ პლესს მანამდე ჯარიმა ჰქონდა გატანილი და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ჰალფპენიმ ჯარიმა გაქვითა, თუმცა 65-ე წუთზე „ბეიონმა“ სწრაფი კონტრშეტევით ერთხელაც იხეირა და მონრიბოტმა ანგარიში 28:16 გახადა. 71-ე წუთზე ჰალფპენიმ სტუმართა მეორე ლელო მიითვალა და გარდასახვაც თავად შეასრულა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბეიონმა“ 4, ხოლო „ტულონმა“ 5 ქულით მარცხისთვის ერთი ქულა ჩაიწერა.

კიდევ ერთი ქართული დერბი შედგა „კლერმონისა“ და „ლა როშელის“ დაპირისპირებაში, რომელშიც ფრე დაფიქსირდა - 30:30. „კლერმონი“ სტუმრად თამაშობდა და ლელო-გარდასახვით მე-2 წუთზე დაწინაურდა. მასპინძლებმა საპასუხო ლელო-გარდასახვა მე-10 წუთზე დადეს. 5 წუთში არტურ იტურიამ დერეფნიდან მოულოდნელად შეუტია, ხოლო 30-ეზე დევიდ სტრეტლიმ გადაცემა ჩაჭრა და „ვულკანები“ 24:10 დაწინაურდნენ.

„ლა როშელის“ შერკინებამ ზედ შესვენების წინ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო საათის თავზე ლელო ენრიკო ჯენუარიმ დადო და ანგარიში გათანაბრდა. დასკვნით 20 წუთში მორგან პარამ და „კლერმონის“ ყოფილმა მორაგბემ ბროკ ჯეიმსმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და გუნდებმაც 2-2 ქულა გაიყვეს.

„კლერმონის“ შემადგენლობაში სრულად ითამაშა კოლელიშვილმა და 4 შეტევით ჯამში 30 მეტრი მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია პირველ ტურში ქართველ ლეგიონერებს შორის. მან გზად ორი მცველი ჩამოიცილა. ვიტო კარგი იყო დაცვაშიც და 17 ბოჭვა შეასრულა - ეს მეორე მაჩვენებელია მატჩში მონაწილეებს შორის და მას 3 ბოჭვით აჯობა თანაგუნდელმა იტურიამ. ქართველ მესამეხაზელს ერთი ბოჭვა გაუცუდდა და ერთხელ დაჯარიმდა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა სტუმართა ბურჯმა ზირაქაშვილმა. შეტევის სტატისტიკაში მას ნულები უწერია, ხოლო დაცვაში 4 შესრულებული და 6 გაცუდებული ბოჭვა. ზირაქაშვილი 2-ჯერ დაჯარიმდა და როგორც ჩანს, საუკეთესო ფორმისგან ჯერ ძალიან შორსაა. 54-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მასპინძელთა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც სამი შეტევით 5 მეტრი მოიგო, დაცვაში 2 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონისა“ და კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის „ბრივის“ დაპირისპირებაში - 15:15. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ასიეშვილმა მიიღო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა. ნავროზაშვილს მოურჩენელმა ტრავმამ კვლავ შეახსენა თავი და უკვე ერთი თვეა ვერ ვარჯიშობს, ხოლო დანარჩენები ახალგაზრდები არიან და იმედია, თამაში მოგვიანებით მოუწევთ.

„ბრივი“ ჟერმეინის სამი ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ფრედერიკ მიშალაკმა 24-იდან მე-40 წუთამდე 4 ზუსტი დარტყმით უპასუხა - 12:9. მეორე ტაიმში მან კიდევ ერთი, ხოლო სტუმართა მგეზავმა ორი ჯარიმა გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ქართული დერბი არ შედგა ვასილ კაკოვინის „ტულუზისა“ და მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიეს“ შეხვედრაში, რადგან კაკოვინი განაცხადში არ იყო. 23-კაციან შემადგენლობაში იყო სტუმართა ოთხივე ქართველი ლეგიონერი, მაგრამ ბაზაძეს თამაშში ჩართვა არ მოუწია. სრულად გაისარჯა მეორეხაზელი მიქაუტაძე, რომელმაც ამ კლუბის მაისურით პირველად ითამაშა და 80 წუთში 9-ჯერ შეუტია, რომლის დროსაც ჯამში 4 მეტრი დაფარა. მან 8 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი შეასრულა, ხოლო ერთხელ დაჯარიმდა.

სრულად ითამაშა ბურჯმა ქუბრიაშვილმა 3 შეტევით სამი მეტრი დაფარა და ორი პასი გააკეთა. დაცვაში მან 2 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა, ხოლო ერთხელ დაჯარიმდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა ნარიაშვილმა, რომელმაც 5-ჯერ მიიღო ბურთი, მაგრამ წინ ვერ წაიწია და ერთი პასი გააკეთა, დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა.

თამაში დაძაბული გამოდგა და მატჩის ორადორი ლელო მასპინძლებმა დადეს. „მონპელიე“ 44-ე წუთისთვის 12:10 დაწინაურდა, თუმცა ჯერ ჯარიმა, ხოლო 53-ე წუთზე ლელო და გარდასახვა გაუშვა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 20:12 „ტულუზის“ სასარგებლოდ.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც მეტოქეს სამზე მეტი ლელო გაუტანა და ამისათვის პრემიალური ქულა მიიღო, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეა“, რომელმაც „გრენობლი“ 54:20 დაამარცხა. ჟვანიამ შეცვლაზე ნახევარი საათი ითამაშა და ბურთით ორჯერ შეუტია, თუმცა წინსვლის გარეშე. პარიზელებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს და აქედან 4 დასკვნით 11 წუთში. ორი ლელო დადეს სტუმრებმაც და აქედან ერთი 77-ე წუთზე, ანუ მაყურებელს მხიარული დასასრული ჰქობდა და ჯამში 5 ლელო იხილა, ბოლო, პრემიალური, უკვე გაწითლებულ დროზე. აღსანიშნავია, რომ „სტად ფრანსე“ მთელი თამაში წინ იყო და ეს მეტოქის უდისციპლინობის შედეგია - პლისონმა ერთ საათში 7 ჯარიმა გაიტანა.

ქვეყნის ჩემპიონი „რასინგი“ „ბორდოს“ ეწვია და ულელოო თამაშში 9:15 დამარცხდა. ჟირონდელები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, დენ კარტერმა სამჯერ შეძლო ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანა, მაგრამ „ბორდომ“ ჯარიმით ყველა ჯერზე უპასუხა. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „კასტრმა“ „პოს“ წინააღმდეგობა დასკვნით 20 წუთში გატეხა და საბოლოოდ 28:11 იმარჯვა.

ტოპ 14-ის მეორე ტურის თამაშები 27-28 აგვისტოს გაიმართება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:37 | 24.08.2016
buratino (480)

წარმატებები ჩვენს ლომკაცებს!

00:45 | 24.08.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ხომ არ იცით როგორაა მერაბ კვირიკაშვილი? ფარავდეს უფალი მას და მის შვილებს!

12:39 | 24.08.2016
buratino (480)

როგორც ვიცი, მეკომ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და "ლელო-სარასენსში" ითამაშებს

12:52 | 23.08.2016
→ LELOS← (98)

წარმატებული სეზონი ჩვენ ლომებს. ნოემბრისთვის ყველა ჯამრთელად უნდა იყოთ დიდი ბძლოლები გველოდება!!! აბა თქვენ იცით!!!

09:17 | 23.08.2016
krasni (587)

მოგვანატრენ თავი ბიჭებმა. ცხელი ნოემბერი გველის.

20:30 | 22.08.2016
Kala94 (151)

წარმატებები ბიჭებო !

17:37 | 22.08.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებულ სეზონს ვუსურვებ.

0.208665