ზაფხულის ცხელი დღეები ბათუმის დამსვენებლებს აგერ უკვე მეცხრედ გაულამაზა ქვიშის რაგბის ტურნირმა, რომელიც ბოლო დროს საერთაშორისო გახდა და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.
ზოგადად, ქვიშის რაგბის მიმართ ინტერესი მთელს მსოფლიოში იზრდება და ის წელს, რიოში ოლიმპიური თამაშების საჩვენებელ პროგრამაშიც იყო შეტანილი. როგორი იყო განვლილი ტურნირი და რას გეგმები აქვს საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაციას? ამაზე მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურა დუგლაძე თავად მოგვიყვება:
ქვიშის რაგბის ფედერაცია 2006 წელს დავაარსეთ და მომდევნო წლიდან ყოველწლიურად ვატარებთ ტურნირს ქვიშის რაგბიში. ერთადერთი გამონაკლისი 2008 წელი იყო, როდესაც რაგბისთვის და სპორტისთვის საქართველოს არ ეცალა. წელს შეჯიბრი მე-9 გაიმართა და ის ყველაზე მასშტაბური იყო. სამწუხაროდ, ბათუმმა წელსაც ვერ უმასპინძლა პროფესიონალებს და ტურნირი მხოლოდ მოყვარულებში ჩატარდა. მასში ქალთა 6-მა და კაცთა 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კაცთა შორის 9 ქართული და სამი უცხოური გუნდი მონაწილეობდა - ინგლისიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.
მსურველები სხვებიც იყვნენ, მაგრამ გვიან შემოგვეხმიანენ და ამის გამო წელს მათი ჩართვა ვერ მოხერხდა. ძალიან დიდი სურვილი აქვთ ლატვიელებს. ჩვენის მხრივ გვსურს, რომ სამომავლოდ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებიც შემოვიერთოთ. უწინარესად ეს რა თქმა უნდა რუმინეთს და უკრაინას ეხება. თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, არაა გამორიცხული შავი ზღვის ქვეყნების კონფერენცია მოვაწყოთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ.
- წლევანდელი შეჯიბრის ხარისხით თუ ხართ კმაყოფილი?
- უშუალოდ წლევანდელ შეჯიბრს რაც შეეხება, ახალი გუნდი იყო რუსეთი. მათ დიდი გამოცდილება ქონდათ და ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ. რუსებმა იქაც ძალიან მაგრად ითამაშეს და რომ არა ბათუმელების ვაჟკაცობა, ტურნირს მოიგებდნენ. საბოლოოდ ფინალი ბათუმმა 4:3 მოიგო და მე როგორც ორგანიზატორი ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან დონემ აშკარად აიწია. ისევ რუსეთს დავუბრუნდები. ეს გუნდი წელიწადში მინიმუმ ოთხ საერთაშორისო ტურნირს თამაშობს და მათი ჩართვა ჩვენთვის ძალიან კარგი საზომი იყო.
- ასეთ მასშტაბურ ტურნირს მხოლოდ თქვენი ძალებით ვერ ჩაატარებდით.
- ტრადიციულად, ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ბათუმის მერიამ. ტურნირის მასშტაბის ზრდის ფონზე მათთან ერთი სათხოვარი მექნება - სამომავლოდ იქნებ მოხერხდეს მეტი საშხაპეების და სხვა ჰიგიენური საშუალებების დამონტაჟება, რადგან ტურნირში ჩართულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, არსებული საკმარისი აღარ იქნება. ძალიან დიდი და გულწრფელი მადლობა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ქალბატონ მაია აზარაშვილს, მის ორგანიზაციას ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“. მაია პირადად გვედგა მხარში, ერთი წუთით არ მოგვცილებია და ბედნიერი ვარ, რომ ქართული სპორტის ლეგენდისგან ასეთი მხარდაჭერა მქონდა.
ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით ჩატარდა და მადლობა მის გენერალურ სპონსორ „თიბისი ბანკს“, რომელმაც ჩამოიტანა ჩვენთვის ასე ნანატრი უსაფრთხოების ბალიშები. ეს ბალიშები ვიზუალურადაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მადლობა პარტნიორ „ნატახტარს“ და „რაინოს“, რომელმაც ძალიან ლამაზი საჩუქარი გაგვიკეთა და კონკრეტულად ამ ტურნირისთვის გამოიწერა ულამაზესი, უმაღლესი ხარისხის, სპეციალურად ქვიშის რაგბისთვის დამზადებული ბურთები. თითო ბურთი ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად გადაეცა.
- ზევით ახსენეთ, რომ სამომავლოდ ქვიშის რაგბის ტურნირის მასშტაბის გაფართოებაზე ფიქრობთ. ხომ არ ფიქრობთ მის ეტაპებად ჩატარებას?
- ქვიშის რაგბის მასშტაბი მთელს მსოფლიოში იზრდება. წელს რიოს ოლიმპიადაზე ქვიშის რაგბი საჩვენებელი სპორტის სახეობა იყო, როგორც წინა ოლიმპიადაზე 7-კაცა რაგბი. 7-კაცა რაგბი უკვე შეიყვანეს ოფიციალურ სახეობად და ამ ლოგიკით არაა გამორიცხული, სამომავლოდ ქვიშის რაგბიც გახდეს ოლიმპიური სახეობა. ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, რომ ინტერესი არის, როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში.
გარდა ამისა, ქვიშის რაგბი არის დინამიური თამაში, რომელიც მორაგბეებს სასარგებლო უნარებს გამოუმუშავებს. შეგახსენებთ, რომ 5-6 წლის წინ საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და სულ 4-ჯერ ითამაშა ამ ტურნირზე. იმ ბიჭებიდან, რომლებიც მაშინ მამუკა ტყეშელაშვილმა შეარჩია, ნახევარზე მეტმა საქართველოს ეროვნულ და 7-კაცა ნაკრებში ითამაშა. ეს დისციპლინა სპეციფიკიდან გამომდინარე ახალგაზრდაა და შესაძლოა ბევრისთვის გახდეს ტრამპლინი.
რაც შეეხება ტურნირების ეტაპებად ჩატარების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე გვაქვს ერთი სტადიონი ბათუმში და მეორე რუსთავში, სადაც ბავშვთა ფესტივალს ვგეგმავთ შემოდგომაზე. ასევე ჩვენი სურვილია, რომ მსგავსი სტადიონი მოეწყოს ანაკლიაში და იქაც გაჩნდეს ქვიშის რაგბის კერა. ამ საკითხთან დაკავშირებით რაგბის კავშირი მხარში გვიდგას და მიმდინარეობს მოლაპარაკება. სამომავლოდ შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ რაგბისთვის, არამედ ქვიშის ყველა სახეობისთვის - ფეხბურთი, ფრენბურთი, თბილისშიც გაკეთდეს მოედანი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვისარგებლებთ.
- რა ტურნირებს უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში ქვიშის რაგბის ფედერაციისგან?
- როგორც უკვე ვახსენე, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად, ოქტომბერში რუსთავში ვგეგმავთ ბავშვებში ქვიშის რაგბის ფესტივალის მოწყობას. ზამთარში გუდაურში ვგეგმავთ თოვლის რაგბის ტურნირს და არაა გამორიცხული, სეზონზე ორი ასეთი ტურნირი გაიმართოს.
ბათუმის ქვიშის რაგბი 2016
A ჯგუფი | B ჯგუფი | C ჯგუფი | D ჯგუფი |
დევები | მეკობრეები | BULLDOGS UK | ვითიბიბანკი |
RUSSIA BEACH RUGBY | პროკრედიტბანკი | მწვადიაური | თელავი |
ბათუმისუნივერსიტეტი | თიბისიბანკი | ბარბაროსები | KARTALAR |
ჯგუფური ეტაპი- 6 აგვისტო | |||||
N |
| შედეგი |
| ||
1 | დევები | 4 | - | 7 | RUSSIA BEACH RUGBY |
2 | მეკობრეები | 5 | - | 1 | პროკრედიტ ბანკი |
3 | BULLDOGS UK | 5 | - | 2 | მწვადიაური |
4 | ვითიბი ბანკი | 4 | - | 6 | თელავი |
5 | დევები | 3 | - | 6 | ბათუმის უნივერსიტეტი |
6 | მეკობრეები | 10 | - | 4 | თიბისი ბანკი |
7 | BULLDOGS UK | 4 | - | 1 | ბარბაროსები |
8 | ვითიბი ბანკი | 4 | - | 5 | KARTALAR |
9 | RUSSIA BEACH RUGBY | 10 | - | 5 | ბათუმის უნივერსიტეტი |
10 | პროკრედიტ ბანკი | 2 | - | 5 | თიბისი ბანკი |
11 | მწვადიაური | 1 | - | 5 | ბარბაროსები |
12 | თელავი | 8 | - | 4 | KARTALAR |
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ცხრილი
N | A ჯგუფი | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
1 | Russia | 2 | 0 | 0 | 17-9 | 4 |
2 | ბათუმის უნი | 1 | 0 | 1 | 11-13 | 2 |
3 | დევები | 0 | 0 | 2 | 7-13 | 0 |
N | B ჯგუფი | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
1 | მეკობრეები | 2 | 0 | 0 | 15-5 | 4 |
2 | თიბისი | 1 | 0 | 1 | 9-12 | 2 |
3 | პროკრედიტი | 0 | 0 | 2 | 3-10 | 0 |
N | C ჯგუფი | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
1 | Bulldogs UK | 2 | 0 | 0 | 9-3 | 4 |
2 | ბარბაროსები | 1 | 0 | 1 | 6-5 | 2 |
3 | მწვადიაური | 0 | 0 | 2 | 3-10 | 0 |
N | D ჯგუფი | მ | ფ | წ | ბურთები | ქულა |
1 | თელავი | 2 | 0 | 0 | 14-8 | 4 |
2 | Kartalar | 1 | 0 | 1 | 9-12 | 2 |
3 | ვითიბი | 0 | 0 | 2 | 8-11 | 0 |
ქულათა ნიხრი:მ მოგება - 2 ქულა, ფფრე - 1 ქულა, წ წაგება - 0 ქულა.
7 აგვისტო 2016
ფლეი-ოფი
სანუგეშო ფლეი-ოფი (მე-9 ადგილისთის) | |||||
N |
| შედეგი |
| ||
13 | დევები | 4 | - | 5 | მწვადიაური |
14 | პროკრედიტ ბანკი | 0 | - | X | ვითიბი ბანკი |
15 | დევები | X | - | 0 | პროკრედიტ ბანკი |
16 | მწვადიაური | 8 | - | 7 | ვითიბი ბანკი |
** პროკრედიტ ბანკი მიზეზთა გამო გამოეთიშა ასპარეზობას
სანუგეშო ფლეი-ოფი (მე-5 ადგილისთის) | |||||
N |
| შედეგი |
| ||
17 | ბათუმის უნივერსიტეტი | 7 | - | 3 | ბარბაროსები |
18 | თიბისი ბანკი | 6 | - | 5 | Kartalar |
19 | ბარბაროსები | 8 | - | 5 | Kartalar |
20 | ბათუმის უნივერსიტეტი | 0 | - | 1 | თიბისი ბანკი |
მოწინავე ოთხეული - 1 ადგილისთვის | |||||
N |
| შედეგი |
| ||
21 | Russia Beach Rugby | 6 | - | 0 | Bulldogs UK |
22 | მეკობრეები | 5 | - | 2 | თელავი |
23 | Bulldogs UK | 1 | - | 3 | თელავი |
24 | Russia Beach Rugby | 3 | - | 4 | მეკობრეები |
ადგილოსნები
1 | მეკობრეები | 7 | ბარბაროსები |
2 | Russia Beach Rugby | 8 | Kartalar |
3 | თელავი | 9 | მწვადიაური |
4 | Bulldogs UK | 10 | ვითიბი ბანკი |
5 | თიბისი ბანკი | 11 | დევები |
6 | ბათუმის უნივერსიტეტი | 12 | პროკრედიტ ბანკი |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიაბ კარგია, წარმატებას გისურვებთ.
წარმატებები, ეგ მართლა კარგია რო უცხოეთიდანაც ჩამოდიან გუნდები სათამაშოდ.