სხვა

18:54 | 21.08.2016 | ნანახია 1945 - ჯერ

ნატრიაშვილი, სამხარაძე, არჩუაშვილი და გენებაშვილი რუმინეთში ლიდერობენ

იური ნატრიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, მიხეილ არჩუაშვილი და ლევან გენებაშვილი - ასეთია რუმინეთის ჩემპიონატში ქართველი ლეგიონერების წარმომადგენლობა და ისინი თანაბრად, ორ გუნდში არიან გადანაწილებული.

ბიძინა სამხარაძე რუმინეთში დიდი ხანია თამაშობს და სეზონის წინ ის „ბაია მარეს“ კაპიტნად აირჩიეს. მას ცოტა ხნის წინ შეუერთდა იური ნატრიაშვილი, რომელიც წარსულში რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობდა, მერე 6 თვით სამშობლოში დაბრუნდა და ისევ უცხოეთს, ამჯერად საფრანგეთს მიაშურა. „ბრივში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ, მან მძიმე ტრავმა მიიღო და მერე დაბალი ლიგის გუნდებში მოუწია თამაში, ხოლო გაისად ტოპ 14-ში დაბრუნდა და ორი გრანდის - ჯერ „კლერმონის“ და მერე „ტულონის“ „ჯოკერი“ იყო. ახლა ის კარიერას კვლავ რუმინეთში, ბიძინა სამხარაძესთან ერთად აგრძელებს.

მიხეილ არჩუაშვილი ბუქარესტის „სტიაუაში“ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადავიდა. ზაფხულში გუნდში სინჯებს გადიოდნენ კვაჭი ლევან გენებაშვილი და მეორეხაზელი ამირან ჩიტეიშვილი. ლევანი გუნდში დატოვეს, ხოლო ამირანი შინ დაბრუნდა.

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, გუნდებმა სუპერ-ლიგის ოთხი ტური მოილიეს, რომელშიც 7 გუნდი თამაშობს და სასიხარულოა, რომ პირველ-მეორე ადგილებს ქართველი ლეგიონერების გუნდები იყოფენ.

„სტიაუამ“ საწყისი სამი თამაში ზედიზედ მოიგო - კლუჟის „უნივერსიტატეა“ 45:6 და იაშის „პოლიტეჰნიკა“ 37:11 დაამარცხა, ხოლო ბუქარესტულ დერბიში „დინამოს“ 27:21 სძლია. ბოლო მატჩში „სტიაუა“ რუმინული რაგბის ფლაგმან „ტიმიშოარა-სარასენსს“ შეხვდა და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ვლაიკუმ ორი გასატანი ჯარიმა ააცილა და 6:8 დამარცხდა. ამრიგად, ბუქარესტელებმა 3 პრემიალური ქულაც აიღეს, 4 თამაშიდა ჯამში 15 მოაგროვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.

ოთხივე თამაშში მიიღო მონაწილეობა არჩუაშვილმა, რომელიც პირველ სამ შემთხვევაში სრულად გაისარჯა. „ტიმიშოარასთან“ მან პირველ ტაიმში თავში ძლიერი დარტყმა მიიღო, მაგრამ თამაში გააგრძელა და მწვრთნელმა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეცვალა. გენებაშვილმა „დინამოს“ წინააღმდეგ შეცვლაზე 18 წუთი ითამაშა, ხოლო „პოლიტეჰნიკასთან“ სასტარტო იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ლევანი სასტარტო იყო „ტიმიშოარასთან“ მატჩშიც. ჩიტეიშვილმა შინ გამომგზავრებამდე შეცვლაზე ითამაშა „უნივერსიტატეასა“ და „დინამოს“ წინააღმდეგ.

მეორე ადგილზე მყოფ „ბაია მარეს“ სამი თამაში აქვს ჩატარებული, 11 ქულა მოაგროვა და 4-ით ჩამორჩება ლიდერს. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ტურში „სტიაუა“ ბუქარესტში სწორედ „ბაია მარეს“ დაუხვდება. „ბაია მარემ“ პირველ ტურში იაშელებს 35:10 მოუგო, მეორე ტურში „ტიმიშოარა-სარასენსთან“ 12:19 დამარცხდა, მესამე ტურში ისვენებდა და გუშინ ბუქარესტის „ოლიმპიას“ 53:25 სძლია.

სამხარაძე სამივე თამაშში სასტარტოში იყო და ორი ლელოც დადო - „პოლიტეჰნიკასთან“ და „ოლიმპიასთან“. ორი თამაში - „პოლიტეჰნიკასთან“ და „ოლიმპიასთან“ დაიწყო სასტარტოში ნატრიაშვილმა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.123805