ეროვნული ნაკრები

14:24 | 7.04.2016 | ნანახია 2300 - ჯერ

„ბორჯღალოსანთა" განვითარების უცხოური გეგმა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ რაგბის ქომაგების და სპეციალისტების მხრიდან განსაკუთრებული სიყვარული რომ დაიმსახურა, არახალია.

„უხილავი მეგობრები“ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ ექვსი ერის ორგანიზატორებს, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი საჯარო პასუხების შემდეგ, ქართული რაგბის განვითარების ალტერნატიულ გზებს ეძებენ და აი ერთ-ერთი მათგანი, სამპუნქტიანი გეგმა:

„საქართველოს ნაკრების მორიგმა წარმატებამ ერთა თასზე და გასაოცარმა გმირობამ 2015 წლის მსოფლიო თასზე, ამ გუნდს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი შესძინა.ისინი იბრძვიან, რათა უფრო მაღალ დონეზე, პირველი ეშელონის გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვონ.

იდეა, რომლის თანახმადაც ექვსი ერის ბოლოადგილოსანი ერთა თასის გამარჯვებულს უნდა ჩაენაცვლებინა, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ ექვსი ერის ორგანიზატორებმა ყველას „ცივი შხაპი“ გადაავლეს, როდესაც განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნების განვითარება მათი საქმე არაა. არსებობს გარკვეული ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური პრობლემები, რომლებიც საქართველოს ექვს ერზე დამატებას, გნებავთ იტალიის ჩანაცვლებას აფერხებს.

მაშ რა ალტერნატიული გზები არსებობს? აი რამდენიმე იდეა, რომელთა მეშვეობითაც პროგრესი და წინსვლა შენარჩუნდება:

1. შემოდგომის ტესტებს მიღმა, საქართველო უნდა ჩაერთოს საერთაშორისო კალენდარში

ირლანდია და შოტლანდია ბოლო წლებში საქართველოში „ა“ ნაკრებ გუნდს გზავნიდა თბილისის თასზე სათამაშოდ. თუმცა, უფრო საინტერესო უნდა იყოს შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებისა და ექვსი ერის გუნდების „ა“ ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩების გამართვა.

თამაშები შესაძლოა ალტერნატიულ სტადიონებზე ჩატარდეს, რათა მაყურებელი მივიზიდოთ. „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე, მსოფლიო თასის მატჩს ინგლისსა და ურუგვაის ნაკრებებს შორის, უამრავი ადამიანი დაესწრო და რატომ არ შეიძლება ინგლისი საქართველოს „სენტ-ჯეიმს პარკზე“, ან „ენფილდზე“ და „ოლდ ტრაფორდზე“ ეთამაშოს?

ზუსტად ასე, საფრანგეთი და ბრიტანული გუნდებიც, შესაძლოა ეთამაშონ საქართველოს ახალ ადგილებზე, ნაკლები ტევადობის სტადიონებზე და ამით თამაშის პოპულარობასაც შეუწყობენ ხელს.

ამით მწვრთნელებს საშუალება მიეცემათ საქმეში, ძლიერ მეტოქესთან მატჩში იხილონ უახლოესი რეზერვი და საქართველოს ნაკრებიც მიიღებს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს, ვიდრე ახლა ეთამაშება. პოტენციურად, ამან შესაძლოა „ლელოსი“ ისტორიულ შედეგებამდე მიიყვანოს.

სამწუხაროდ, აქ შესაძლოა გარკვეული პრობლემა წარმოიშვას მოთამაშეების გათავისუფლების კუთხით. კლუბებმა, განსაკუთრებით ფრანგულმა კლუბებმა, სადაც ქართველები მრავლად თამაშობენ, ოფიციალური კალენდრის მიღმა, შესაძლოა, არ მოისურვონ მოთამაშეების გათავისუფლება. ამიტომ, საჭირო იქნება, რომ კალენდრის შედგენისას მოხდეს შეთანხმება კლუბებს, ნაციონალური ლიგების ხელმძღვანელობასა და „მსოფლიო რაგბის“ შორის.

2. მივიწვიოთ საქართველო რომელიმე ძლიერ ლიგაში

იტალიური რაგბისთვის გარდამტეხი იყო მათი ორი კლუბის „კელტების ლიგაში“ მიწვევა, რომელიც ამჟამად პრო 12-ად იქცა. იტალიელები აქ მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურებიან, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობა ქართული კლუბისთვის, ან ახლადჩამოყალიბებული რეგიონალური ფრანშიზისთვის, გააჩენს იმის საშუალება, რომ ქართველი მორაგბეების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბაზა შეიქმნას.

მეორე მხრივ, ამ გუნდს შესაძლოა შევთავაზოთ ადგილი საფრანგეთის, ან ინგლისს დაბალ ლიგაში და მერე მათ თავად იბრძოლონ ზევით ასასვლელად. გეოგრაფიული და მატერიალურ-ტექნიკური კუთხით, ალბათ უკეთესი იქნება თუ საქართველო საფრანგეთის ლიგას შეუერთდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევა, მაგრამ ის იმსახურებს ხელშეწყობას, რათა წინსვლა განაგრძოს და პირველი დონის სარაგბო ქვეყანად იქცეს.

SANZAAR-ის [სამხრეთ ნახევარსფეროს მთავარი ტურნირების, ოთხი ერის და სუპერ რაგბის ორგანიზატორი] მუშაობის გათვალისწინებით, რომელმაც მაქსიმუმი გაიღო საკუთარ ტურნირებში არგენტინის და იაპონიის ინტეგრაციისთვის, დროა ექვსმა ერმაც აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რათა მომდევნო მსოფლიო თასებზე ჩრდილოეთი კვლავ მდევრის როლში არ დარჩეს.

3. ევროპის ერთა თასის მონაწილე გუნდების ნაკრების შექმნა

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების მსგავსად, სადაც ყველა ქვეყნის უძლიერესი მოთამაშეებისგან ნაკრები გუნდი იკვრება, შესაძლოა შეიქმნას ერთა თასის მონაწილე გუნდების ნაკრები, რომელიც პირველი დონის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს და ამით მოთამაშეებს განვითარების მეტი შანსი მიეცემათ.

ეს იდეა თავის დროზე წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის განხორციელდა, როდესაც ფიჯის, სამოასა და ტონგას ნაკრებების საუკეთესო მორაგბეებით შემდგარმა გუნდმა, 2004-2008 წლებში ფაქტობრივად ყველა პირველი დონის ნაკრებთან შინ და გარეთ ითამაშა. ვარაუდობდნენ, რომ ამით სამივე ქვეყანა მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებას ნახავდა, მაგრამ 2009 წელს სამოამ ალიანსი დატოვა, რადგან მათი ვარაუდით, კონცეფცია არასწორი იყო.

მიუხედავად ამისა, ერთა თასის ნაკრები გუნდის შექმნამ, შესაძლოა მთელს ევროპაში გამოიწვიოს ინტერესი და მიიზიდოს გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან. ეს გუნდს მისცემს საშუალებას, რომ გააერთიანოს რამდენიმე ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობა და რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს პირველი დონის გუნდებს. შესაძლოა, გასახურებულ მატჩში ისინი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებსაც ეთამაშონ ოთხწლიან ციკლში.

ეს მხოლოდ რამდენიმე რჩევაა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს და სხვა ქვეყნების ინტეგრირება უნდა მოხდეს მსოფლიო რაგბის პირველი დონის ქვეყნებში. საბოლოო ჯამში, აუცილებელია უახლოეს პერიოდში რაღაც შეიცვალოს, რათა საქართველომ შეძლოს მაღალ დონეზე თამაში. დროა მსოფლიო რაგბის მწვერვალზე გაშლილ ექსკლუზიურ სუფრაზე, საქართველოსთვის დამატებითი ადგილი გაჩნდეს“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084764