სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა არგენტინასთან მატჩის დასკვნით 10 წუთში 17 უპასუხო ქულა აიღო და დაძაბული მატჩი 30:23 მოგებით დაასრულა.
„პუმები“ ახლოს იყვნენ შარშანდელი შედეგის გამეორებასთან და „სპრინგბოკის“ სტუმრად დამარცხებასთან, თუმცა დასკვნით წუთებში გატყდა და მსოფლიო თასზე მესამე ადგილისთვის მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანში არ შედგა. არადა, ამის შანსი იყო. არგენტინამ ტაიმი 10 ქულის სხვაობით მოიგო და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრეც 10 ქულას იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და გულშემატკივარი გაახარეს.
თუ სამხრეთ აფრიკა დამარცხდებოდა, ეს მათი შეცდომების ბრალი იქნებოდა, რა თქმა უნდა არგენტინელთა კარგი გარჯის დამსახურების შედეგად. უკვე დიდი ხანია ასეა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ - უკანასკნელ 5 წელიწადში, ანუ სამ ერზე მიერთების შემდეგ, სამხრეთამერიკელები ძალიან გაიზარდნენ, ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და ის უკვე არის დიდი სარაგბო ქვეყანა.
მატჩის დებიუტი მასპინძლების იყო. მე-6 წუთზე პაბლო მატერამ ფაფ დე კლერკს რაქიდან არ გაატანა ბურთი, მაგრამ ელტონ იანტისს ჯარიმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, ერთ წუთში იანტისმა ცენტრთან გაჭრა ხაზი და შეტევა ლელოთი რუან კომბრინკმა დაასრულა, ხოლო მგეზავმა გარდასახა. სტუმრებმა მეტოქეს ნიკოლას სანჩესის ჯარიმით უპასუხეს, თუმცა მე-18 წუთზე იანტისმა 42 მეტრიდან საპასუხო ჯარიმა გაიტანა.
არგენტინელთა მდგომარეობა თითქოს დამძიმდა, როდესაც ვიდეო-გამეორების შედეგად მანუელ მონტერო უხეში ბოჭვისთვის სინბინში გაუშვეს და მათ გასატანი ჯარიმაც ჩამოერთვათ, მაგრამ მოხდა პირიქით. აფრიკელებმა შეცდომები დაუშვეს და 24-ე წუთზე სანჩესმა 45 მეტრიდან ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირა - აღსანიშნავია, რომ ბურთი ჰორიზონტალურ ძელს დაეცა და კარში ისე გავიდა. განახლდა თუ არა შეხვედრა, ფაკუნდო ისას მიერ მარცხნიდან დაწყებული კონტრშეტევა სწრაფად განვითარდა და საპირისპირო ფლანგზე მატიას ორლანდოს ლელოთი დასრულდა, ხოლო სანჩესმა გარდასახა და არგენტინა 13:10 დაწინაურდა.
დასკვნით 10 წუთში „ბოკემ“ მეტოქეს შტურმი მოუწყო და ჯერ იოჰან გუსენს გაუფუჭდა ჯარიმა, მერე ბრაიან ჰაბანას უნდა დაედო ლელო, თუმცა ჯეელობის დროინდელი სისწრაფე აღარ შერჩა და მიზნამდე 5 მეტრში შეაჩერეს, ხოლო ბოლოს ლიონელ მაპუე ლელოში შევიდა, მაგრამ გაწოლისას ბურთი ხელიდან გაუსხლტა. სამხრეთ აფრიკის უიღბლობა გაგრძელდა და 38-ე წუთზე იანტისის 47 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა.
მეორე ტაიმი „სპრინგბოკმა“ არეულად დაიწყო და გაუმართლა იანტისის შეცდომით მეტოქემ რომ ვერ ისარგებლა, ხოლო 46-ე წუთზე ჰაბანა მეტოქეს ჰაერში ეთამაშა და 10 წუთით დასასვენებლად წავიდა. კაცნაკლულმა აფრიკამ ჯარიმა იქით გამოიმუშავა და იანტისმა 40 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა, ხოლო შემადგენლობები რომ გათანაბრდა 2 წუთში 10 ქულა გაუშვა.
63-ე წუთზე სანჩესს კარის წინ 45 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 2 წუთში მეორე შანსი მიიღო და ამჯერად 40 მეტრიდან ზუსტი იყო. კიდევ ორ წუთში „პუმებმა“ შეტევის მიმართულება მოულოდნელად შეცვალეს, სანჩესმა ფეხით რბილად გადაკიდა ბურთი მეტოქის 22-ში და კორდერო მასთან ერთად ლელოში შეხტა 23:13.
მასპინძლებს გაუმართლათ, 71-ე წუთზე საპასუხო ლელოს დადება რომ მოახერხეს. დე კლერკმა შერკინებიდან თავად შეუტია, სამი მცველი მიიზიდა და ძალიან კარგი, შებრუნებული პასით ლელოში გუსენი შეუშვა, ხოლო იანტისმა გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. ერთ წუთში მან კარის წინ 25 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა, ხოლო 75-ე წუთზე გუსენმა თავისი ნახევრიდან დაკრა ჯარიმა, მაგრამ ბურთმა კარამდე ვერ მიაღწია. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, აფრიკამ სათუო ჯარიმის დარტყმას უკვე ლელოზე თამაში არჩია და არც შემცდარა: მეტოქის 22-ში დერეფანს მოლი მოყვა, შეტევა მოკლე ფრთაზე განვითარდა და უაითლიმ ლელო დადო, ხოლო იანტიზმა რთული პოზიციიდან გარდასახა - 30:23.
ამრიგად, პირველი რაუნდის შემდეგ „რაგბი ჩემპიონშიპს“ ახალი ზელანდია ლიდერობს, რომელმაც ავსტრალია პრემიალური ქულით დაამარცხა, სამხრეთ აფრიკა მეორეა, ხოლო არგენტინას 7 ქულით მარცხისთვის ერთი ქულა შეხვდა და მესამე პოზიციაზეა. ერთ კვირაში მასპინძლები შეიცვლება და ახალი ზელანდია ავსტრალიას, ხოლო არგენტინა სამხრეთ აფრიკას დაუხვდება.
2016 წლის რაგბი ჩემპიონშიპი
I რაუნდი
ავსტრალია - ახალი ზელანდია 8:42
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 30:23
1. | ახალი ზელანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 42:8 | 5 | 1 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 30:23 | 4 | 0 |
3. | არგენტინა | 1 | 0 | 0 | 1 | 23:30 | 1 | 1 |
4. | ავსტრალია | 1 | 0 | 0 | 1 | 8:42 | 0 | 0 |
27 აგვისტო
ახალი ზელანდია - ავსტრალია
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია