13-14 აგვისტოს ნაფარეულში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი გაიმართა 7-კაცა რაგბში. ტურნირში მონაწილეობა დიდი 10-ის ყველა გუნდმა და პირველი ლიგის საუკეთესო ექვსეულმა მიიღო. ჩვენ ტურნირის ერთ-ერთ ორგანიზატორს იოსებ პარწიკანაშვილს გავესაუბრეთ. გავიგეთ თუ როგორ ვითარდება კახეთში რაგბი, რა სიახლეები იგეგმება კახეთში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის და ასევე, შვიდკაცა რაგბის პირველ შესარჩევ ეტაპზეც ვისაუბრეთ.
იოსებ პარწიკანაშვილი: კახეთში რაგბი ვითარდება, კარგი სიტუაციაა თელავსა და საგარეჯოში. პირველ ლიგაში გვყავს გუნდი „კახეთი“, ასევე რეგიონულ ლიგაში გამოდის ჩვენი ორი გუნდი - „კახელები“ და „ჭადარი“. გვყავს ბავშვთა გუნდებიც. ხუთ სოფელში არიან მწვრთნელები. ეს სოფლებია იყალთო, ნაფარეული, კონდოლი, ვარდისუბანი და აკურა. გაერთიანებული გუნდები გვყავს თელავში.
- ტურნირები თუ ტარდება რაიონში?
- რა თქმა უნდა, ჩავატარეთ 2006 და 2007 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის ტურნირი. ასევე ჩვენი გუნდები მონაწილეობენ თბილისში გამართულ სარაგბო ფესტივალებში. ვატარებთ შიდა და რაიონულ ჩემპიონატებს. წლის დასაწყისში იყალთოსა და წინანდალში ჩავატარეთ ბავშვთა რაიონული ფესტივალი.
- მომავალში თუ გეგმავთ მსგავსი ტურნირებს ჩატარებას?
- შემოდგომაზე ვაპირებთ სამ სოფელში მსგავსი ტურნირების გამართვას. ეს სოფლებია ნაფარეული, ვარდისუბანი და კონდოლი.
- გადავიდეთ შვიდკაცა რაგბიზე, ვისი იდეა იყო ამ ტურნირის ნაფარეულში ჩატარება?
- იდეა წამოაყენა შალვა სიდონაშვილმა, რომელიც ავიტაცეთ და თელავის მუნიციპალიტეტის დახმარებით დავიწყეთ ტურნირისთვის მზადება. თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 20 ათას ლარამდე დახარჯა. მადლობას ვუხდი ალექსანდრე შათირიშვილს, ზურა სვიმონიშვილს, დავით ნაპირელსა და შოთიკო ჩეკურიშვილს. გვერდში დაგვიდგა მთელი გამგეობა. რაგბის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა და რა თქმა უნდა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ჩვენ ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ ამ ტურნირის ჩატარება.
- როგორ მოახერხეთ ასეთ მოკლე დროში ტურნირის ორგანიზება?
- ყველას პესიმისტური განწყობა ჰქონდა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული, მოეწონათ მოედნის ხარისხი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, რომლებმაც დიდი შრომა ჩადეს სტადიონის მოწესრიგებაში - მოედნის გათიბვა, დახაზვა, მოწესრიგება. საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ ერთ კვირაში. დაგვეხმარნენ მეორე ლიგის გუნდიდან, „ა“ ლიგაში მონაწილე ჭაბუკები და მოსახლეობაც გვერდში დაგვიდგა.
- რა როლს შეასრულებს ასეთი ტურნირები კახეთში რაგბის განვითარების მხრივ?
- რეგიონი ფაქტობრივად ჩამკვდარია და ესეთი დონის ტურნირები აქაურობას გამოაცოცხლებს. რაგბის ტურნირი იზიდავს ხალხს და ეს დაეხმარება რაგბის თემს გაძლიერებაში. 3 წელია შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატი საქართველოში არ ჩატარებულა და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი იდეით ჩატარდა ეს ტურნირი ნაფარეულში.
ვაკო ყიფიანი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები, იმედია ეგ მხოლოდ პირველი მერცხალია.
კახელების ხასიათი ძალიან მიესადაგება რაგბს, წარმატებას გისურვებთ.