4 ერი

17:10 | 20.08.2016 | ნანახია 4435 - ჯერ

დაუნდობელი ზელანდია და გასაცოდავებული ავსტრალია

„ოლ ბლექსმა“ ავსტრალიას 2016 წლის „რაგბი ჩემპიონშიპის“ პირველ მატჩში შანსი არ დაუტოვა, სიდნეიში დამწყები ბავშვებივით გაუსწორდა და 42:8 დაამარცხა.

ზელანდიელებმა მასპინძლებს აბსოლიტურად ყველაფერში აჯობეს, მაღალ სისწრაფეებზე მათი სათამაშო დისციპლინა მოარღვიეს და ლელოებიც ერთიმეორეს მიყოლებით დადეს. „ვოლაბებს“ შემადგენლობაში ვარსკვლავური სახელი და გვარები ყავდათ, მაგრამ მეტოქის ფონზე ისინი უსუსურად გამოიყურებოდნენ და პრაქტიკულად წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებდნან.

ანგარიში ბერნარდ ფოლიმ ჯარიმით გახსნა და მე-3 წუთზე ავსტრალია დაწინაურდა, თუმცა მერე სტუმრებმა მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სუსტი ადგილი იპოვეს და სათამაშო უპირატესობის ანგარიშში ასახვა დაიწყეს. თერნოვერის შემდეგ მასპინძლებმა ბურთი 40-მეტრიან ხაზთან მოიგერიეს, მაგრამ ფეხით თამაში ავსტრალიელთა ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო, ზელანდიელთა იერიში მარცხენა ფლანგზე სწრაფად გაიშალა, რაიან კროტიმ პირველი მბოჭავი ჩამოიცილა, კიდევ ორს გაექცა და თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო ბოდენ ბარეტიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ „ვოლაბებმა“ პირველსავე ტაიმში ტრავმის გამო სამი უკანახაზელი დაკარგეს. კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი მე-11 წუთზე დატოვა მეთ გიტომ, 30-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა მისი შემცვლელი მეთ ტოომუა, ხოლო ზედ შესვენების წინ ხელი იტკინა მისმა შემცვლელმა რობ ჰორნიმ. მაგრამ მარცხი ამის ბრალი სულაც არ ყოფილა, უბრალოდ „ოლ ბლექსი“ მეტოქეზე ზედმეტად ძლიერი იყო. მათი მარცხენა ფლანგიდან შეტევებს ჯერ ბარეტის აცილებული ჯარიმა მოყვა, მერე ბროდი რეტალიკმა ახლოდან დარტყმით ლელოს ხაზი გადაკვეთა, თუმცა ბურთში ჩაუჯდნენ და უპირატესობით დაბრუნებული ჯარიმა ბარეტიმ გაიტანა - 3:10.

ამის შემდეგ ფეხით თამაში გაჩაღდა, საიდანაც კვლავ ზელანდიამ იხეირა. დაფარებას რამდენიმე პასი მოყვა და ლელოში კვლავ რეტალიკი შევიდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეტევის საწყისი განიხილა, წესების დარღვევა აღმოაჩინა და მას მეორედ გაუუქმდა 5-ქულიანი შეტევა. სამაგიეროდ ბარეტიმ 23-ე წუთზე კვლავ მარცხენა ფლანგიდან გაიტანა ჯარიმა და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა.

სტუმრების ტემპმა და ყველა კომპონენტში ასეთმა სათამაშო უპირატესობამ მასპინძლები ისე დააბნია, ზედიზედ ორი საკუთარი დერეფანი წააგეს, მაღალ სისწრაფეზე გათამაშებულმა კომბინაციამ ავსტრალიელები დაცვის გარეშე დატოვა და ბარეტიმ ლელოში გაინავრდა. 31-ე წუთზე ავსტრალიამ აუტი კი მოიგო, მაგრამ ფოლის ფეხით თამაშისას მეორედ დაუფარეს, ამჯერად ჟერომი კაინომ და მესამე ლელო დადო. ტაიმის მიწურულს ბარეტიმ ცენტრთან გაჭრა ხაზი და ბურთი ვაისაკე ნაჰოლოს გადააწოდა, რომელიც ისეთი სისწრაფით შეფრინდა ლელოში, ფეხი იტკინა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ბარეტიმ სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 32:3 დასრულდა.

პირველი 40 წუთის შემდეგ, „ოლ ბლექსი“ ბურთს 66%, ხოლო ტერიტორიას 71% აკონტროლებდა და შედეგიც აბსოლიტურად ლოგიკური იყო. მეორე ტაიმში ისინი დამშვიდებული გამოვიდნენ მოედანზე მხოლოდ ერთხელ იფეთქეს, ისიც მაშინ, როდესაც ავსტრალიელს ბურთი დაუვარდა, მალაკაი ფეკიტოას დამხმარე ორივე მხარეს ყავდა, მაგრამ პასი არ გააკეთა და ერთადერთმა მდევარმა შებოჭა, თუმცა იერიში მარჯვნივ გაიშალა და დენ კოულსი მიზანს მაინც მიწვდა. ორიოდე წუთში ლამაზი შეტევა ლელოთი შეცვლაზე შესულმა ჯულიან სავეამ დააგვირგვინა და ანგარიში კატასტროფული გახადა - 42:3.

მხოლოდ მატჩის მიწურულს შეძლო ავსტრალიამ მეტოქის 5-მეტრიან ზოლთან მიახლოვება და მოლში ჯარიმისთვის კირან რიდი სინბინით დაისაჯა. მეტობა მასპინძლებმა გამოიყენეს და ნიკ ფიფსმა ერთადერთი საპასუხო ლელო დადო. ამაზე „ოლ ბლექსმა“ მორიგი ლამაზი ლელოთი უპასუხა - ბარეტმა ფლანგზე ფეხით ჩაკიდა და ისრაელ დეგმა მცველის მცდელობის მიუხედავად ალამთან დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფმა მანამდე, რაქიდან შეტევის მცდელობისას აღმოაჩინა, რომ კენ ჰეიმსს ბურთი წინ დაუვარდა და ლელო გააუქმა.

ამრიგად, ახალმა ზელანდიამ „რაგბი ჩემპიონშიპი“ მძლავრად დაიწყო და ბარეტის კარში უკეთ რომ ერტყა და არჩათვლილი ლელოებიც ჩათვლილიყო, ეგებ მეტოქე სარეკორდო სხვაობითაც დაემარცხებინა. 42:8 მესამე ადგილზეა ამ გუნდებს შორის დაფიქსირებულ სხვაობებში და „ოლ ბლექსის“ ყველა ასპექტში დომინირების ფონზე, ეს აბსოლიტურად ლოგიკური შედეგია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:53 | 22.08.2016
BEERTRANCE (1073)

ვავავავა რა უქნეს ბიჯოს.

20:56 | 20.08.2016
geogoli (367)

ზელანდიამ ავსტრალია უბრალოდ ვერ შეამჩნია მოედანზე. გადაურბინა ერთი ამოსუნთქვით და თან სანახობრივად. ესეთი საბრალო ავსტრალია მე არ მახსოვს
ეს წუთია სამხრეთ აფრიკამ დაამარცა არგენტინა, არადა არგენტინა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე 10 ქულას იგებდა. ძალიან მაგარი თამაში იყო. არგენტინელებს გამარჯვებულის ფიქოლიგია ვერა და ვერ ჩამოუყალიბდათ, მოგებული თამაში დათმეს. აფიკას კი ყოჩაღ, ბოლოს მაგრად მოუმატეს.

19:39 | 20.08.2016
ukleba (77)

ახლა ვხვდები რამდენად საპატიო იყო ზელანდიასთან ჩვენი წაგება მსოფლიოზე. მაგარი იჭები გვყავს. ძალიან ბევრს გაამწარებენ

17:25 | 20.08.2016
GO_GO_LELOS (81)

საუცხოო თამაში იყო გადაურბინეს ავსტრალიას

0.087458