6 ერი

12:48 | 7.04.2016 | ნანახია 1396 - ჯერ

დანაშაული და სასჯელი

ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენა ბურჯი ჯო მარლერი, მეტოქის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სარაგბო საზომებით სოლიდური, 20 ათასი ევროთი დასაჯეს.

შემთხვევა გასულ თვეში, ექვსი ერის ბოლოსწინა ტურში მოხდა. ინგლისი უელსს ეთამაშებოდა და მარლერმა მოწინააღმდეგის ბურჯს, სამსონ ლის „ციგანი ბიჭი“ უწოდა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, დამოუკიდებელმა დისციპლინარულმა კომიტეტმა დაადგინა, რომ მარლერმა მეტოქეს რასობრივ ნიადაგზე მიაყენა შეურაცხყოფა.

დისციპლინარებმა გაითვალისწინეს, რომ ამის შემდეგ, ინგლისელმა ლის ჯერ შესვენებისას, მერე თამაშის შემდეგ და ბოლოს საჯაროდაც, ბოდიში მოუხადა და დისკვალიფიკაციის სახით მხოლოდ 2-მატჩიანი სასჯელი და 20 ათასი ევრო გამოუწერეს, რომელიც საქველმოქმედო მიმართულებით დაიხარჯება.

ამავდროულად, არგენტინის ჩემპიონატში, წაქცეული მეტოქისთვის ფეხის სახეში ამორტყმის გამო, დამნაშავეს 99-წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

27 მარტს, ფოთში, „ბათუმისა“ და „არმიას“ მატჩის დასრულების შემდეგ, მთავარ მსაჯ ნიკა ამაშუკელს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენეს. საქართველოს რაგბის კავშირის დისციპლინარულმა კომიტეტმა დამნაშავეები დასაჯა [იხილეთ -„მსაჯის საქმეს“ გამგეობა განიხილავს], მაგრამ „დაჭრის საქმე“ მის კომპეტენციებს გასცდა და საკითხის განხილვა სრკ-ს გამგეობას გადაულოცა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082117