დღეს საღამოს, საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონი ტოპ 14 და მისი ქართველი ლეგიონერები 2016-2017 წლების სეზონს იწყებენ.
14-დან 9 გუნდის განაცხადში 18 ქართველი ლეგიონერია, თუმცა ქართველები ამ და სხვა კლუბების „ესპუარებშიც“ ირიცხებიან და არაა გამორიცხული მათ ნაწილს ელიტური რაგბის დაგემოვნება მოუწიოს.
დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, პარალელურ რეჟიმში ექვსი შეხვედრა იწყება. ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“ „გრენობლს“ მასპინძლობს და ჟვანია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონი“ კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის „ბრივს“ დაუხვდება. მატჩში მონაწილეობას მხოლოდ ასიეშვილი მიიღებს და ის მოედანზე პირველივე წუთებიდან იქნება.
ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ ტოპ 14-ის ყველაზე ქართულ გუნდს, მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიეს“ მასპინძლობს. სტუმართა ოთხივე ქართველი განაცხადში და მათგან პირველი სამი სასტარტო 15-ეულშია.
სასტარტო შემადგენლობაში არიან ბურჯი დავით ზირაქაშვილი და მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი, რომელთა „კლერმონი“ სტუმრად ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელს“ შეხვდება. ყაულაშვილი თადარიგშია.
დღესვე „ბორდო“ ჩემპიონ „რასინგს“, ხოლო „კასტრი“ „პოს“ უმასპინძლებს.
პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება და დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას „ტულონს“ დაუხვდება. გუნდების შემადგენლობები მწვრთნელებს ჯერ არ დაუსახელებიათ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაწერეთ რომ ტულონშივეა ბადრი ალაზიშვილი, რომელიც ხვალ ძირითადში იწყებს. წარმატებები ბადრის