შიდა რაგბი

20:46 | 19.08.2016 | ნანახია 6165 - ჯერ

გია ჭუმბურიძე: „რაგბიმ ფეხბურთს 20%-ით გაუსწრო“

საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა გია ჭუმბურიძემ Rugger-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი ქართული რაგბის სტრუქტურას და მისი განვითარების გზებს შეეხო.

  • ქართული რაგბის სახე, ეტალონი, ეროვნული ნაკრებია. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და წარმატებების ქვევით მთელი სისტემა დგას. მოგვიყევით, ბავშვთა რაგბიდან დაწყებული, როგორია ქართული რაგბის პირამიდა?
  • მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბი სხვა გზით წავიდა, ვიდრე ვთქვათ ინგლისში. თუ მათთან ისტორიულად ჯერ კლუბები განვითარდნენ და ამის შემდეგ შეიქმნა ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთო, საქართველოში ყველაფერი პირიქით მოხდა. ჩვენთან პირამიდის მშენებლობა მისი მწვერვალიდან დაიწყო, მთელი ყურადღება ეროვნულ ნაკრებს ეთმობოდა. სწორედ ნაკრებმა აქცია ეს თამაში ჩვენს ქვეყანაში პოპულარული და ამის შემდეგ დაიწყო საკლუბო და ასაკობრივი კატეგორიების განვითარება.

მხოლოდ ახლა ვიწყებთ მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულ სისტემაზე გადასვლას და დიდი ყურადღება ეთმობა პირამიდის საწყისს - ბავშვთა და სამოყვარულო რაგბის. „რაგბი ჩვენი თამაშია“ - ეს საქართველოში მხოლოდ ლოზუნგი არაა და რაგბი ქვეყნის ეროვნული სპორტის სახეობა ხდება. ახლა ხშირად შეხვდებით სკვერებში, პარკებში, ქუჩაში, უბრალოდ სიამოვნებისთვის ოვალური ბურთით მოთამაშე ბავშვებს და მათ მახლობლად უფროსები და მწვრთნელები არ არიან.

ჩვენთან მრავლად არიან ახალგაზრდა ადამიანები და სტუდენტები, რომლებიც ოდესღაც რაგბის თამაშობენ, თუმცა ახლა მუშაობენ და პროფესიონალური ვარჯიშებისთვის დრო აღარ რჩებათ. ზოგი უბრალოდ პირველ გუნდში ვერ მოხვდა. ასეთი ბიჭები მაინც აგრძელებენ რაგბის თამაშს, იქმნება სამოყვარულო კლუბები და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამჟამად ვამზადებთ სპეციალისტებს ასეთი გუნდებისთვის, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ამით ჩვენს ნაკრებს ექმნება მყარი ფუნდამენტი. ვცდილობთ მის გაფართოებას, კიდევ უფრო გამყარებას, რათა გავზარდოთ ელიტური რაგბის დონე საქართველოში.

  • საქართველოში, გარკვეულ ასაკამდე, ბავშვები არ თამაშობენ ჩემპიონატში, არ იბრძვიან გამარჯვებისთვის და საპრიზო ადგილებისთვის. მათთვის შეჯიბრებების რა ალტერნატივა არსებობს?
  • დიახ ასეა და პატარა მორაგბეებისთვის ტარდება ფესტივალები, რომლის დროსაც ბიჭები პროცესისგან დიდ სიამოვნებას იღებენ და არა ადგილებისთვის იბრძვიან. ასეთი ფესტივალები, ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მთელი გაზაფხულის პერიოდში ყოველ შაბათ-კვირას იმართება. შემოდგომაზე უფროსი ასაკი მორაგბეები თამაშობენ და მათთვის ნელ-ნელა ინერგება საშეჯიბრო პროცესი - ტარდება ტურნირები 7-კაცა რაგბიში.

ამ ახალგაზრდებს შორის ხდება ბიჭების შერჩევა რაგბის აკადემიისთვის. სამი-ოთხი თვის განმავლობაში ტარდება თამაშები, რომლებსაც ესწრებიან მწვრთნელები, სელექციონერები და ისინი არჩევენ პერსპექტიულ მორაგბეებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ ვარჯიშს თავ-თავიანთ კლუბებში და კვირაში ორჯერ იკრიბებიან საწვრთნელ ცენტრში. საქართველოში ორი აკადემიაა - ქუთაისში და თბილისში, სადაც პირობები იდეალურთანაა მიახლოვებული: საუკეთესო აღჭურვილობა, შესანიშნავი მოედნები. ჭაბუკებს ასწავლიან საბაზისო ტექნიკას და მხოლოდ წელიწად, წელიწადნახევრის შემდეგ იწყება სპეციალური მუშაობა, რის შედეგადაც ირკვევა მათი სათამაშო პოზიცია.

გვაქვს ახალგაზრდული ლიგები, სადაც ბიჭები შეჯიბრს იწყებენ - „ა“ ლიგაში 17-18 და „ბ“ ლიგაში 15-16 წლის ჭაბუკები თამაშობენ. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 10 ათასზე მეტი ლიცენზირებული მოთამაშე იყო - 21 გუნდია „ა“ და 50-ზე მეტი „ბ“ ლიგაში, 6 ათასი ბავშვი საფესტივალო ასაკში. ახლა ვაპირებთ სპეციალური ცენტრის შექმნას, სადაც გამორჩეული ნიჭის მქონე ბიჭებს შევკრებთ მთელი ქვეყნიდან. ისინი იქ იცხოვრებენ, ისწავლიან და ივარჯიშებენ.

  • ჭაბუკები, რომლებიც ახალგაზრდულ ლიგებში თამაშობენ, სპორტული სკოლების ბაზებზე ვარჯიშობენ თუ კლუბებში?
  • ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე სპორტული სკოლა დარჩა და ისიც რეგიონებში. საქართველოში ბავშვთა რაგბის განვითარება ფრანგული სქემის მსგავსია. ბავშვები ემზადებიან არა სკოლებში, როგორც ინგლისში, არამედ კლუბებში. თამაშს იწყებენ ძალიან ადრე, 6-7 ასაკში და იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც კლუბებში ვითარდებიან, დაახლოებით 99%-ია.
  • როდესაც მოთამაშეები გარკვეულ ზღვარს აღწევენ, კლუბები, ან რეგიონალური ფედერაციები მათთან შრომით ხელშეკრულებებს აფორმებენ?
  • როგორც მთელს მსოფლიოში, თავისუფალი კონკურენციაა. შეძლებულ კლუბებს საუკეთესო მოთამაშეები მიყავთ, თუმცა, როგორც წესი, მორაგბეები უმაღლეს დონეზე თამაშს იმ კლუბებში იწყებენ, სადაც აღიზარდნენ.
  • გრძელდება საუკეთესო მოთამაშეების ფრანგულ კლუბებში მოწყობის პრაქტიკა?
  • პროფესიონალურ რაგბიში სიტუაცია შეცვლილია. ადრე შეიძლებოდა მოთამაშის სადმე მოწყობა, ახლა ასე აღარ გამოდის. ნებისმიერი ლიგის გუნდი, კონტრაქტს მხოლოდ იმ მოთამაშესთან აფორმებს, რომელიც თავად აინტერესებს. ქართველ მორაგბეებს კარგი რეპუტაცია აქვთ, მათ ევროპაში სახელი გაითქვეს. ჩვენ გვაინტერესებს, რომ საუკეთესო მოთამაშეებმა სათამაშო პრაქტიკა უძლიერეს ლიგებში მიიღონ. ასევე გვსურს, რომ ისინი არ წავიდნენ საქართველოს ჩემპიონატზე დაბალი დონის გათამაშებებში. ამისათვის საჭიროა ბიჭებს ღირსეული ხელფასი ჰქონდეთ. რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება და ნელ-ნელა მის მიმართ ინტერესს ბიზნესიც იჩენს. სახემწიფოს გარდა კლუბებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ეხმარებიან. ასე, რომ ვცდილობთ მხოლოდ საუკეთესოები გავუშვათ უძლიერეს კლუბებში.
  • როგორ წარმოგიდგენიათ ქართული საკლუბო რაგბის სამომავლო პროგრესი და განვითარება?
  • კარგი შეკითხვაა. ნაკრების წინსვლისთვის მნიშვნელოვანია კლუბების განვითარება. ვმუშაობთ გეგმებზე. შესაძლოა ირლანდიელების და შოტლანდიელების გზით წავიდეთ და ჩამოვაყალიბოთ ფრანშიზები - ორი-სამი ძლიერი კლუბი ევროთასებში სათამაშოდ. ვფიქრობ, უახლოეს 5-10 წელიწადში ეს საკითხი მოგვარდება. არსებობს მეორე ვარიანტიც. განვახორციელებთ სიცოცხლისუნარიან პროექტებს, „რაგბი ევროპის“ დახმარებით შევქმნით რეგიონალურ საერთაშორისო, საკლუბო ტურნირებს, რაც ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის დიდი ბიძგის მიმცემი იქნება.
  • შეიძლება ითქვას, რომ რაგბი საქართველოში ნომერ პირველი სპორტის სახეობაა?
  • ცოტა ხნის წინ ვნახე ოფიციალური ციფრები და გამოკითხვის მიხედვით რაგბი პირველ ადგილზეა. მან ფეხბურთს 20% გაუსწრო. ეს შედეგი სასიამოვნოა, თუმცა ვალდებულებას ზრდის.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:00 | 22.08.2016
BEERTRANCE (1073)

აი მაგას ველი მოუთმენლად რო ქართული კლუბები ჩაერთონ ევროგათამაშებაში. და იმედია თევზაძის გარდა კიდევ გამოვზრდით მსაჯებს.

11:53 | 20.08.2016
tamasho (88)

რა ფეხბურთი რი ფეხბურთი
რაგბი ჩვენი თამაშია

21:09 | 19.08.2016
Kala94 (151)

ერთი მხრივ სასიამოვნოა ქართული რაგბის ასეთი წარმატება.. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რაგბი გაკრვეულწილად კულტური ნაწილია და ფეხბურთი უფრო მასებზეა გათვლილი და ამ სიტუაციაშიც რაგბი ასე უსწრებს ფეხბურთს ხო აზრზე ხართ რა წყალწაღებულები ვართ ფეხბურთში...

07:14 | 20.08.2016
გზავნილი (81)

წყალწაღებული არა - მიცვალებული უფრო შეეფერებოდა ამ კონტექსტს

13:51 | 20.08.2016
Kala94 (151)

ნამდვილად !

0.081604