4 ერი

16:59 | 19.08.2016 | ნანახია 2139 - ჯერ

სამხრეთ აფრიკა vs არგენტინა

ხვალ საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე „რაგბი ჩემპიონშიპის“ პირველ ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას დაუხვდება.

შარშან „პუმებმა“ მეტოქის სტუმრად დამარცხება მოახერხეს და იგივეს გამეორებას წელსაც ეცდებიან. მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის მორაგბეები, რომელთა იმედიც ხვალინდელ თამაშში ექნებათ. „ბოკეს“ სასტარტო შემადგენლობაშია და თავის 118-ე კეპს მოიხვეჭს ბრაიან ჰაბანა, რომელზეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალისტერ კუცემ თქვა:

„ბრაიანს ჩვენთან თამაშის უდიდესი სურვილი აქვს და მას ბევრი რამის სწავლა შეუძლია ჩვენი ახალგაზრდა უკანახაზელებისთვის“ - და საკუთარი არჩევანი სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებითაც დაასაბუთა - „გუსენს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ფრანგულ კლუბში. ის უნივერსალია, კარგად ურტყამს მარჯვენა ფეხით და ეს დამატებით ვარიანტებს მოგვცემს. ჯულიან რედელინგჰეისი ძალიან კარგი იყო „ლაიონსის“ შემადგენლობაში, განვლილ ტესტებში სათადარიგოთა სკამიდან კარგად ჩაერთო და ახლა დაიმსახურა ძირითადში თამაში. უპამ ტრავმა უმოკლეს დროში მოირჩინა და ის ყოველთვის განსაკუთრებით კარგად თამაშობს ნაკრების მაისურით. მეორე ხაზში ძალიან კარგი წყვილი გყავს და სათადარიგოთა სკამზე ისეთი ბიჭები სხედან, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი თამაშის გაუმჯობესება“.

რა თქმა უნდა, კუცემ საქებარი სიტყვები არც მეტოქის მიმართ დაიშურა: „არგენტინა ორჯერ გავიდა მსოფლიო თასის ნახევარფინალში და ის ერთ-ერთი წამყვანი ერია სარაგბო სამყაროში. ჩვენი მომავალი მეტოქე განსაკუთრებით ძლიერია შერკინებასა და მოლში. არგენტინელებს ძალიან კარგი დაცვა ყავთ და ყოველდღიურად აუმჯობესებენ შაეტევით პოტენციალს. შაბათის მატჩი ძალიან კარგი ტესტი იქნება ორივე გუნდისათვის“.

არგენტინის ნაკრების კაპიტანი აგუსტინ კრევი „ბოკესთან“ მატჩში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. გუნდის დაცვის მწვრთნელი პაბლო ბუზა თვლის, რომ მისმა შეგირდებმა მეტოქეს ბურთის სწრაფად გათამაშების საშუალება არ უნდა მისცენ და ასეთ შემთხვევაში არგენტინას გამარჯვების კარგი შანსი ექნებათ. შეგახსენებთ, შარშან არგენტინამ პირველად იზეიმა გამარჯვება სამხრეთ აფრიკის მიწაზე, როდესაც მეტოქე 37:25 დაამარცხა.

„თუ მათ იმპულსი დაიჭირეს, მერე ძალიან გაგვიჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ შეტევების ჩაშლისას მაქსიმალურად გონივრულად ვითამაშოთ. მეტოქის შუამარბებს, რომლებიც ძალიან სწრაფები არიან, სივრცეები მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ, თორემ თუ მათ თამაშის გაშლის საშუალება მიეცემათ... გასულ წლებში ძალიან ბევრს ვთამაშობდით ჩვენს ნახევარზე და ესეც უნდა შევცვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკას ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს და გუნდიც ახალია, ის მაინც ფავორიტია. მოცემულ მომენტში ჩვენ მსოფლიო რეიტინგში მეცხრე, ხოლო სამხრეთ აფრიკა მესამე ადგილზეა და მათი დამარცხება ერთადერთხელ მოვახერხეთ. მეტოქისგან ველით ისეთ თამაშს, როგორც სუპერ რაგბიში „ლომები“ თამაშობდნენ. ველოდებით მძაფრ ბრძოლას და პერიოდულად ბურთის გაშლას. ესაა ყველაზე რთული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც ოდისმე გვითამაშია“ - ამბობს ბუზა.

სამხრეთ აფრიკა: 15. იოჰან გუსენი, 14. რუან კომბრინკი, 13. ლიონელ მაპუე, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ელტონ იანტისი, 9. ფაფ დე კლრეკი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან შტრაუსი, 3. ჯულიან რედელინგჰეისი, 4. ებენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. უპა მოჰოჯე, 8. უორენ უაიტლი.

სათადარიგოები: 16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ვენსან კოხი, 19. პიტერ-სტეფ სიუ ტოი, 20. იაკო კრიელი, 21. რუდი პეიჯი, 22. ჟუან დე იონგი, 23. ჯესი კრილი.

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას ორლანდო, 12. ხუან ერნანდესი, 11. მანუელ მონტერო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან ლეგიზამონი, 8. ფაკუნდო ისა.

სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ფელიპე არეგი, 18. ენრიკე პიერეტო, 19. გიდო პეტი, 20. ხავიერ დესიო, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. რამირო მოიანო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08592