ლეგიონერები

12:36 | 19.08.2016 | ნანახია 7317 - ჯერ

ჭეიშვილი „ნორთჰემპტონში“, ბაზაძე „მონპელიეში“

როგორც ჩანს, ბრიტანეთში საბოლოოდ იწამეს ქართველი მორაგბეების შესაძლებლობების და მომავალ სეზონში ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ ერთბაშად სამი „ბორჯღალოსანი“ ითამაშებს.

ამდენი მორაგბე ინგლისის ჩემპიონატში აქამდე არასდროს გვყოლია. შეგახსენებთ, რომ შარშან „ვუსტერის“ ღირსებას იცავდა და მომავალ სეზონშიც იქ ითამაშებს კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, დაახლოებით ერთი თვის წინ კი, პრემიერშიპში აღზევებულ „ბრისტოლში“ გადავიდა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე.

ცოტა ხნის წინ პრემიერშიპის „ნორთჰემპტონში“ სინჯებზე გაემგზავრა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი და ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურად, ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა უკვე გამოქვეყნდა 25 წლის ქართველის ფოტოები „ნორთჰემპტონის“ ფორმაში. ისაა კლუბის მიერ წინასასეზონოდ გადაღებულ ოფიციალურ ფოტოზეც (შუა რიგში, მარჯვნიდან მეხუთე). ცნობილია, რომ კლუბში აქტიურად მუშაობდნენ მეორე ხაზის გაძლიერებაზე და როგორც ჩანს, მათ ამ პრობლემას სწორედ ჭეიშვილი მოაგვარებს.

კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით, მანამდე კი გეტყვით, რომ ნოდარისთვის ეს პირველი უცხოური კლუბი არაა. ის უკვე თამაშობდა საფრანგეთში, ფედერალ 1-ის „ლა სენში“, შარშან სამშობლოში დაბრუნდა და „ლელო-სარასენსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა. მის ანგარიშზე 4 სანაკრებო კეპია. „ნორთჰემპტონმა“ პრემიერშიპის გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა თასზეც ითამაშებს.

რაც შეეხება 23 წლის გაგი ბაზაძეს. მისი პირველი ფრანგული კლუბი „მონპელიე“ იყო და 2012-2014 წლებში ოსტატობას ამ გუნდის ესპუარებში ხვეწდა, რის შემდეგაც ცოტა ხნით „მასიში“ გადავიდა, გასული სეზონი კი, ტოპ 14-ის „ლა როშელში“ გაატარა და 12 მატჩში ერთი ლელო გაიტანა.

„ლა როშელმა“ გაგისთან კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა და ახლახანს ის „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით კვლავ „მონპელიემ“ აიყვანა. 188 სანტიმეტრისა და 128 კილოგრამის წონის მორაგბემ, თავის ყოფილ კლუბთან ამჯერად სამთვიანი კონტრაქტი გააფორმა. ახლა ყველაფერი მასზე და ანტუან გიემონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, რომლის ნაცვლადაც ბაზაძე დაიმატეს. შეგახსენებთ, რომ „მონპელიეში“ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი, ასევე მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე თამაშობენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:08 | 20.08.2016
kommarkos (35)

ნოდარზე რა მაინტერესებს იცით, ინგლისში სამუშაო ვიზის მისაღებად და კონტრაქტის გასაფორმებლად რაღაც რაოდენობა თამაშები უნდა გქონდეს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. და ნოდარს ჯერ ოფიციალურად ნაკრებსი 4 კეპი აქვს მოხვეჭილი.

20:00 | 19.08.2016
მებრძოლი ლაზი (124)

გამოდის მონპელიეს მთლიანად ქართული პირველი ხაზი ეყოლება?

20:39 | 19.08.2016
GiorgiG83 (525)

ვერ გამოდის - შერკინების პირველი ხაზი ორი ბურჯის გარდა კვაჭია - რომელიც მონპელიეში არ გვყავს, კოტე კი მეორე ხაზელია (მხტომელი / the lock)

16:35 | 19.08.2016
ogafa (407)

წარმატებები

15:03 | 19.08.2016
Kala94 (151)

გილოცავთ გაგი და ნოდო ! წარმატებები ! აი რა უნდა გაგვიხარდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება.. ის კი არა ჭ კლასის ჩემპიონატების ყ კლასის გუნდებში რო გადადიან არ დავასახელებ სპორტის სახეობას..

13:33 | 19.08.2016
test (124)

ეს ჯერ დასაწყისია, ნახეთ მალე რა რანსფერები იქნება !!! მაგარია !!

13:02 | 19.08.2016
maxo_65 (458)

განსაკუთრებით ინგლისურ ბაზარზე გასვლა მახარებს...

12:46 | 19.08.2016
GO_GO_LELOS (81)

მონპელიეშია დუდუ ქუბრიაშვილიც

0.130115