სხვა

20:47 | 18.08.2016 | ნანახია 2926 - ჯერ

გამარჯვების ლელო-გარდასახვა მალაღურაძისგან [+ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კრასნი იარის“ მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, რუსეთის ჩემპიონატის მთავარ, კრასნოიარსკულ დერბიში „ენისეის“ ბოლო წუთზე ლელო დაუდო, გარდასახვა ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 13:12 მოაგებინა.

ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ბოლო წლებში სწორედ მათ შორის ირკვევა ჩემპიონის ვინაობა, ბოლო დროს, ევროთასებზე მონაწილეობის უფლების გამო ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა და მაყურებელმაც მორიგი დიდი ბრძოლა იხილა. თამაში საყურებლად დიდი ვერაფერი გამოდგა, ხშირი იყო ბურთის დაკარგვა და გაჩერებები. ლოგიკურად, გამარჯვება მასპინძლებს, „ენისეის“ უნდა დარჩენოდა, თუმცა ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომა მათ მალაღურაძემ არ აპატია.

ის სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მოგვიანებით ჩაერთო. „კრასნი იარის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ვალერი ცნობილაძე, ხოლო „ენისეის“ რიგებში ტრადიციულად სრულად გაისარჯა საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა.

უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო და ანგარიში მე-5 წუთზე დენის სიმპლიკევიჩმა გახსნა, რომელმაც ცენტრიდან დაწყებული გარღვევა ძელებსშუა დაასრულა. ტაიმის შუაში „ენისეიმ“ მარცხენა ფლანგზე გაშალა შეტევა და ლელო გერასიმოვმა დადო. კუშნარიოვმა მხოლოდ პირველი გარდასახვა გამოიყენა, ზედ შესვენების წინ „კრასნი იარმა“ ჯარიმით უპასუხა და ტაიმი მასპინძლებმა 9-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 12:3.

მეორე ტაიმშიც „ენისეი“ დომინირებდა, თუმცა ლელომდე სანტიმეტრები აკლდებოდა და ანგარიშიც არ იცვლებოდა. თამაშის დასრულებამდე 11 წუთი რჩებოდა, როდესაც ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. აღსანიშნავია, რომ მას კიდევ რამდენიმე დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა ჯარიმებს ზუსტად ვერც მეტოქე ურტყამდა. დრო პრაქტიკულად ამოწურული იყო, როდესაც „ენისეიმ“ რატომღაც თამაშის გაშლა და შეტევა გადაწყვიტა, შედეგად, გადაცემა მალაღურაძემ ჩაჭრა და ლელომდე 55 მეტრი ირბინა. რადგან ბურთი ალამთან დაამიწა, პოზიცია რთული იყო, თუმცა ქართველმა ნერვები მოთოკა, ამჯერად მიზანიც გაასწორა და შეხვედრის უმნიშვნელოვანესი დარტყმით „კრასნი იარს“ 13:12 მოაგებინა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:48 | 19.08.2016
პანტელეიმონი (1218)

ლაშა გილოცავ, განსაკუთრებით ძნელი გარდასახვის წარმატებულად შესრურლება გამიხარდა.

ნაკრებს ჭირდები ძმაო, წარმატებას გისურვებ.

14:50 | 19.08.2016
Kala94 (151)

საღოლ ლაშააა !

12:08 | 19.08.2016
mindia (74)

საღოლ.

0.082334