4 ერი

19:09 | 18.08.2016 | ნანახია 3530 - ჯერ

ფინალი ოთხი ერის სტარტზე

შაბათს, თბილისის დროით 14 საათზე 2016 წლის „რაგბი ჩემპიონშიპი“, იგივე ოთხი ერი იწყება და სიდნეიში, გახსნით მატჩში, ერთმანეთის წინაშე 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები - ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებები წარსდგებიან.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის შემადგენლობები, რომლითაც სასურველი შედეგის მიღწევას ეცდებიან. „ოლ ბლექსის“ თავკაცმა სტივ ჰანსენმა, რომლის გუნდმაც ივნისის ტესტებზე უელსს სამივე შეხვედრაში იოლად აჯობა, მგეზავის პოზიციაზე ბოდენ ბარეტი გაამწესა. გუნდში ერთი ახალი სახეა - 27 წლის ბურჯი კეინ ჰეიმსი, რომელმაც ტრავმირებული ჯო მუდი შეცვალა და ის სათადარიგოთა შორისაა. თუ ჰეიმსი მოედანზე გავა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, ის 2016 წელს „ოლ ბლექსის“ მეექვსე ახალბედა გახდება, სულ კი, 1152-ე მორაგბე იქნება, რომელსაც „ოლ ბლექსის“ კვართი მოურგია.

„კმაყოფილი ვარ იმ 23 მოთამაშის, რომლებზეც არჩევანი შევაჩერეთ და მოუთმენლად ველით თამაშის დაწყებას. ვიცით, რომ ავსტრალია ყველაფერს გაიღებს გამარჯვების მოსაპოვებლად, ამ ბიჭებისთვის კი, ეს იქნება მორიგი საფეხური საერთაშორისო დონეზე. 23 მორაგბის ჯამური კეპების რაოდენობა 800-ზე მეტია და ეს საკმარისი გამოცდილებაა, რათა წარმატებას მივაღწიოთ. მთელი კვირის განმავლობაში მონდომებით ვვარჯიშობდით და მწამს, ამ ბიჭებს შეუძლიათ როგორც ინტენსიური და ძალისმიერი თამაში, ასევე მაღალი საშემსრულებლო დონის ჩვენება.

მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ტურნირს ჩვენთვის ყველაზე პატივსაცემ მოწინააღმდეგესთან შეხვედრით ვიწყებთ. მოედანზე იქნებიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ჩვენს შორის თამაშდება Bledisloe-ს თასი, რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიო თასის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ტიტულია, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ჩვენთვის ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება - Bledisloe Cup-ი კი არ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ გავიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაშით მოვიპოვოთ მისი ფლობის უფლება“ - თქვა სტივ ჰანსენმა.

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანა ფლანკერი სკოტ ფარდი, რომელმაც აქამდე ჩეიკას ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველა თამაში, გარდა ერთისა, სასტარტო 15-ეულში დაიწყო. მის ნაცვლად ძირითადშია ბენ მაკკალმანი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ბოლოს შარშან, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში გამოჩნდა და ისიც 8 ნომრის პოზიციაზე.

ივნისის ტესტებზე ინგლისთან განცდილი სამი მარცხის შემდეგ, ჩეიკამ 7-8 ნომრებზე მაიკლ ჰუპერისა და დევიდ პოქოქის წყვილი აღადგინა. თამაშს იწყებენ ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებული უილ გენია, ადამ ეშლი-კუპერი და მეთ გიტო. მგეზავის პოზიციაზე მწვრთნელმა ქუადე კუპერს ბერნარდ ფოლი ამჯობინა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში სიდნეიშია, ბუქმეიქერები ზელანდიელთა 6-8 ქულიანი სხვაობით გამარჯვებას ვარაუდობენ.

ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა ქურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დენ ჰეილეტ-პეტი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დუგლასი, 5. რობ სიმსონი, 6. ბენ მაკკალმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ალან ალაალატოა, 19. დინ მამი, 20. სკოტ ფარდი, 21. ნიკ ფიპსი, 22. მეთ ტუმუა, 23. რობ ჰორნი.

ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დეგი, 14. ბენ სმიტი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ვაისაკე ნაჰოლო, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. უაით ქროქეთი, 2. ნათან ჰარისი, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კოდი ტეილორი, 17. კეინ ჰეიმსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლიამ სკუაირი, 20. არდი სავეა, 21. თიჯეი პერენარა, 22. აარონ კრუდენი, 23. ჯულიან სავეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:50 | 19.08.2016
BEERTRANCE (1073)

უჰ რა თამაში იქნება.

19:23 | 18.08.2016
GO_GO_LELOS (81)

აუჰ საოცარი თამაში იქნება. გაწბილებული და კბილებალესილი ავსტრალიელები და ყოველთვის ძლიერეი ზელნადიელები

0.149798