სამხრეთ აფრიკულმა „ლაიონსმა“ იოჰანესბურგში სუპერ რაგბის მოქმედი ჩემპიონი, ახალ ზელანდიური „ჰაილენდერსი“ 42:30 დაამარცხა და პირველად არსებობის ისტორიაში ტურნირის ფინალში გავიდა.
„ლომებს“ ფინალში ზელანდიურივე „ჰარიქეინსი“ ელით, რომელმაც დილის ნახევარფინალში „ჩიფსს“ სძლია და რადგან აქამდე სუპერ რაგბი არცერთ ამ კლუბს არ მოუგია, მას ახალი ჩემპიონი ეყოლება.
იოჰანესბურგში მაყურებელმა ლაღი, შემტევი და დასამახსოვრებელი თამაში იხილა. ჯამში 9 ლელო გავიდა, რომელთაგან 5 მასპინძლებს ეკუთვნის და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. მატჩის გმირი ელტონ იანტისი გახდა, ვის ანგარიშზეც 22 ქულაა - 1 ლელო, 4 გარდასახვა და 3 ჯარიმა.
აფრიკელებმა სწრაფ ტემპში თამაში არჩიეს, რამაც მეტოქეს შეცდომების დაშვება აიძულა და პირველ ტაიმში ორი უპასუხო ლელო გავიდა. „ლაიონსს“ არც ამის შემდეგ დაუწყია დროის გაყვანაზე ფიქრი და მოედნის ნებისმიერი წერტილიდან უტევდა, ბურთს კი, იანტისი ჭკვიანურად ანაწილებდა. ანგარიში სწორედ მისი ლელოთი გაიხსნა, მცველებმა მალკოლმ მარქსი წითელ ზოლში შეაჩერეს, აფრიკელთა მგეზავმა სწრაფი ბურთი მიიღო და ძელებსშუა დაამიწა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, ლიმა სოპოაგამ და იანტისმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 24-ე წუთზე ვან რენსბურგმა საკუთარ ნახევარზე 10-მეტრიან წყვეტილ ხაზთან, მეტოქის უხეირო გადაცემის შემდეგ თავისუფალი ბურთი აიტაცა, მდევრებს სისწრაფეში აჯობა და ზუსტმა გარდასახვამ აფრიკელთა უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა.
ტაიმის ბოლოს „ჰაილენდერსის“ მიერ გატანილი ჯარიმა იანტისმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაქვითა, ხოლო ერთ წუთში ულამაზესი ლელო შექმნა: საკუთარ 22-ში მან მბოჭავი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, სივრცე შენიშნა და მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, მერე ბოლო ორი მცველი მის შესაბოჭად მოემზადა და სწრაფი იერიში 40-მეტრიანი გარბენით სკოსანმა დაასრულა - 25:6. ფადესმა ერთი ლელო ორიოდე წუთში გაქვითა, მაგრამ იანტისი ისეთ ფორმაში იყო... 52-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ, მან მარცხნივ რბილად ჩაკიდა ბურთი, კრილმა მბოჭავი ჩამოიცილა და ლელოში შესრიალდა, ხოლო მგეზავმა კვლავ ზუსტად გარდასახა და მატჩის ბედიც აქვე გადაწყდა - 35:11.
სანახაობა ამით არ დასრულებულა, 65-ე წუთზე ბენ სმითი თერნოვერის შემდეგ გაიქცა, ბურთი სოპოაგას ამოუგდო, რომელმაც სამ მცველთან ჭიდილში მისი დამიწება მოახერხა. 74-ე წუთზე იანტისის მორიგ ფეხით თამაშს ერასმუსის ლელო მოყვა, ხოლო დარჩენილ 5 წუთში ზელანდიელებმა 14 ქულა აიღეს, რითაც მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა სწრაფები არიან