ზე-18

15:02 | 30.07.2016 | ნანახია 2124 - ჯერ

„ჰარიქეინსი“ ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა (+ვიდეო)

ახალზელანდიურმა „ჰარიქეინსმა“ ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა სუპერ რაგბის ფინალში გასვლა. შარშანდელი მეორეადგილოსნები შინ, ველინგტონში „ჩიფსს“ დაუხვდნენ და ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მეტოქეს 25:9 აჯობეს.

ახალზელანდიური ჯახი სანახაობრივი გამოდგა, ორივე გუნდის მაღალი კლასის მოთამაშეები ლელოს დადებაზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა ეს მხოლოდ „ჰარიქეინსს“ გამოუვიდა. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, „ჩიფსმა“ ლელოს დადება ვერ მოახერხა, რაც პირველ რიგში მასპინძელთა შესანიშნავი დაცვის დამსახურებაა. ცალკე აღნიშვნის ღირსია „ჰარიქეინსის“ მგეზავ ბოდენ ბარეტის თამაში, რომელიც გუნდს ბრწყინვალედ გაუძღვა, პირველ ლელოს დადებაში ლომის წვლილი დაიდო, ხოლო მეორე თავად გაიტანა.

„ჰარიქეინსმა“ პირველი ლელო მე-7 წუთზე დადო- ბოდენ ბარეტმა ცენტრში ბრწყინვალედ ითამაშა, მოკლეზე ფეხით გადაკიდებული ბურთი თავადვე აიღო, სისწრაფე აკრიფა და ფლანგზე დაუცველ ზონისკენ გასწია, მისი შებოჭვა კი მოახერხეს, მაგრამ ბარეტმა ჰალაჰოლოს ოფლოუდი ამოუგდო და შუამარბსაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია. ბარეტმა გარდასახვა გააფუჭა, თუმცა მის ვიზავის, ახალგაზრდა დემიენ მაკკენზის არ უმტყუნა მიზანმა, მე-11 წუთზე ჯარიმა გაიტანა და ანგარიშის სხვაობა შეამცირა -5:3.

ოც წუთზე მეტ ხანს ანგარიში აღარ შეცვლილა, ამ დროის განმავლობაში მაკკენზი და მისი თანაგუნდელები კარგად უტევდნენ და ლელოს დადებასთან ძალიან ახლოსაც იყვნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ცდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ფლანკერმა არდი სავეამ „ჰარიქეინსი“ გარდაუვალი ლელოსგან იხსნა. 35-ე წუთზე „ჩიფსის“ მორიგი შეტევის წამოწყებისას ბოდენ ბარეტმა სემ კეინის პასი ჩაჭრა და მისი შეჩერება ვეღარავინ შეძლო, მგეზავმა ძელებს შორის დაამიწა, გარდასახვა თავადვე შეასრულა და რადგან ორიოდე წუთით ადრე ჯარიმაც ჰქონდა გატანილი, ანგარიში 15:3 გახადა. პირველი ნახევრის დასრულებამდე წამებით ადრე „ჩიფსის“ ფულბეკმა მაკკენზიმ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 15:6.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, „ქარიშხლები“ კვლავ აკონტროლებდნენ სიტუაციას. მათ 48-ე წუთზე ბოლო, მე-3 ლელო დადეს - მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი ვიქტორ ვიტომ გამიტანა, ცრუმოძრაობა გააკეთა და დაუცველ ადგილზე ლელოს დადება მოახერხა, გარდასახვა ბარეტმა შეასრულა - 22:6. 52-ე და 56-ე წუთებზე მაკკენზიმ და ბარეტმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს. ეს იყო და ეს, მიუხედავად სტუმრების არაერთგზის მცდელობისა, შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. „ჩიფსი“ ლელოსთან ყველაზე ახლოს 75-ე წუთზე იყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ჰავბეკმა ბრედ ვებერმა ლელოს ხაზთან ბურთის შემაგრება ვერ მოახერხა.

ამრიგად, „ჰარიქეისნმა“ ზედიზედ მეორე სეზონში მოახერხა სუპერ რაგბის ფინალში გასვლა. დღეს მეორე ფინალისტის ვინაობა იოჰანესბურგში გაირკვევა, სადაც „ლაიონსი“ ახლაზელანდიურ „ჰაილენდერსს“ უმასპინძლებს და თუ ამ უკანაკსნელმა სტუმრად გამარჯვება მოახერხა, 6 აგვისტოს ჩემპიონობისთვის შარშანდელი ფინალისტები იბრძოლებენ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079379