ბორჯღალოსნები

1:21 | 30.07.2016 | ნანახია 6929 - ჯერ

ვასილ ლობჟანიძე სიმბოლურში - „მას აქვს პოტენციალი, ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი გახდეს“

ის მარცვალი, რომელიც ფრანგმა ჟაკ ასპეკიანმა გასული საუკუნის შუა წლებში საქართველოში დათესა, სულ უფრო და უფრო ღვივდება.

პირველ ნაბიჯებს კარგად აყვნენ იმავე და შემდეგი თაობის სპორტსმენები, მერე კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა ან სულაც ნადგურდებოდა, კეთილი და სპორტის ამ სახეობაზე შეყვარებული ადამიანების ხელშეწყობით, საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა.

მერე იყო კლოდ სორელი და ფრანგული ფანჯარა, რომელმაც რაგბის გულშემატკივრებს და ქომაგებს მოგვცა საშუალება, ამ მიმართულებით ყველაზე საინტერესო პერიოდში გვეცხოვრა და გავმხდარიყავით მოწმენი, როგორ ადის და ავა საქართველო რაგბის უმაღლეს მწვერვალზე. ეს გარდაუვალია, რადგან საქართველო მსოფლიო რაგბისთვის ნამდვილი საბადოა და ამას მტკიცება აღარ სჭირდება.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითი - 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მამუკა გორგოძე მოხვდა ყველა გამოცემის და ბოლოს, ოფიციალურ სიმბოლურ ნაკრებში, საუკეთესო 15-ეულში, ვინც შარშან ოვალურ ბურთს შეეხო; სულ ახლახანს, ივნისში, დავით კაჭარავა ტესტ-მატჩების შედეგად კვირის საუკეთესო 15-ეულში შეიყვანეს; და ახლა, როდესაც worldrugbyvids-მა 23-წლამდელთა სიმბოლური, მსოფლიოს საუკეთესო 15-ეული შეარჩია, გვერდი ვერ აუარა ქართულ რაგბს და მის მთავარ ტალანტ ვასილ ლობჟანიძეს.

„მან შარშან მსოფლიო თასზე 18 წლის ასაკში ითამაშა, ახლა კი, უკვე ტოპ 14-ის „ბრივის“ წევრია. ამ ბიჭს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს, რომ ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი“ - ასეთია ვასილ ლობჟანიძის დახასიათება და ეს - არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ქართული რაგბის აღიარებაა.

იცით რომელი ქვეყნის და ჩემპიონატების წარმომადგენლები არიან ამ სიმბოლურში? სუპერ რაგბის, ინგლისის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები. დიახ, გამოცემა წერს, რომ „არმაზის“ აღზრდილი მოთამაშე, რომელსაც დღემდე საკლუბო დონეზე ყველაზე მაღალ დონეზე დიდ 10-ში უთამაშია, გახდება ევროპის საუკეთესო ნახევარმცველი, 9 ნომერი, რომელიც აჯობებს ფრანგ, ინგლისელ, ირლანდიელ, უელსელ, შოტლანდიელ კოლეგებს და მწამს, ლობჟანიძე ამ იმედებს გაამართლებს და ის გახდება - არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო 9 ნომერი.

23-წლამდელთა სრული სიმბოლური ასე გამოიყურება: 15. დამიენ მაკკენზი [ახალი ზელანდია, ჩიფსი, 21 წლის], 14. რის ჰოჯი [ავსტრალია, რებელსი, 21 წლის], 13. ჯენრი სლეიდი [ინგლისი, ექსეტერი, 23 წლის], 12. ჰარი მალინდერი [ინგლისი, ნორთჰემპტონი, 20 წლის], 11. ენდრიუ კალევეი [ავსტრალია, ვარატასი, 20 წლის], 10. რიჩო მოუნგა [ახალი ზელანდია, კრუსეიდერსი, 22 წლის], 9. ვასილ ლობჟანიძე [საქართველო, არმაზი, 19 წლის]; 1. ელის ჯენჯი [ინგლისი, ლესტერი, 21 წლის], 2. მალკოლმ მარქსი [სამხრეთ აფრიკა, ლაიონსი, 22 წლის], 3. ტანიელა ტუპო [ტონგა, რედსი, 20 წლის], 4. მარიო იტოჯე [ინგლისი, სარასენსი, 21 წლის], 5. პიტერ-სტეფ დუ ტოიტი [სამხრეთ აფრიკა, სტორმერსი, 23 წლის], 6. ჯეკ კლიფორდი [ინგლისი, ჰარლექუინსი, 23 წლის], 7. შონ მიკმენი [ავსტრალია, რებელსი, 22 წლის], 8. პაბლო მატერა [არგენტინა, იაგუარესი, 23 წლის].

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:12 | 07.08.2016
LA.paata (38)

წარმატებებია ვასკა...

11:30 | 02.08.2016
მებრძოლი ლაზი (124)

მიდი ვასკა

20:25 | 31.07.2016
BEERTRANCE (1073)

ღმერთმა ტრავმები არიდოს და დანარჩენს თვითონ მიაღწევს ვასკა

16:49 | 30.07.2016
მებრძოლი ლაზი (124)

15 კაციან სიაში არ არის უელსის, საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიის და რათქმაუნდა იტალიის არცერთი წარმომადგენელი და არცერთი არ არის 20 წელს ქვემოთ....ვასკა დიდი ფსონია და არ გამაზო, ასახელე საქართველო!!!

12:20 | 30.07.2016
tamasho (88)

პატ. ადმინ თუ შესაძლებლობა გაქვთ რამე სტატია რომ დაწეროთ მიშელ იაშვილზე სად დაიბადა სად თამაშობდა და ა შ

12:15 | 30.07.2016
tamasho (88)

მიწექი ვასკა

14:59 | 30.07.2016
tamasho (88)

დიდი ბოდიში ვასკა მარა მაინც მიდი მიაწექი ბოლომდე

14:43 | 30.07.2016
ოვალური კორბენი (276)

ასო ა გამოგრჩა дა რა ცუдი რამე გამოგივიдა DDDDDDDD

09:49 | 30.07.2016
ჯაშიაშვილი (6)

ამ აღიარებას ისიც ემატება რომ, 15 კაცში ყველაზე პატარაა ასაკით.მაგარია.

09:36 | 30.07.2016
krasni (587)

საფრანგეთის ჩემპიონატში კიდევ გაიზრდება.

0.085273