კელტების ლიგა

18:39 | 27.07.2016 | ნანახია 2964 - ჯერ

ამერიკელები პრო 12-ში ჩართვისთვის მოლაპარაკებას იწყებენ

ამერიკის რაგბის კავშირი ეგრეთწოდებული კელტების ლიგაში, გინეს პრო 12-ში საკუთარი ქვეყნის ფრანშიზის ჩართვითაა დაინტერესებული და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ირლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ბრაუნმა პრო 12-ის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი აზრით, სხვაგვარად ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური და იტალიური ფრანშიზები, საფრანგეთის ტოპ 14-ისა და ინგლისის ავივა პრემიერშიპის გუნდებს ფინანსურად სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, მოთამაშეებს დაკარგავენ და ეს შედეგებზეც აისახება.

როგორც ჩანს, სწორედ ამ შანსის გამოყენებას გეგმავენ ამერიკელები და ამერიკის რაგბის კავშირის თავმჯდომარე ბობ ლეზემმა ამერიკელთა იმედებზე ESPN-თან ისაუბრა:

„რა თქმა უნდა ჩვენ ამით დაინტერესებული ვართ, თუმცა საკითხს რეალისტურად ვუყურებთ. ჯერჯერობით მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზეა და უბრალოდ შესაძლებლობას განვიხილავთ. ჯერ უნდა გავერკვეთ, ღირს თუ არა საერთოდ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ბაზრის მიმართ ინტერესი დიდია და რადგან სპორტის ამ სახეობის განვითარება გვინდა, ყველა ვარიანტს განვიხილავთ“.

ამერიკული ბაზარი რაგბისთვის საინტერესო რომაა, ეს არაერთი ფაქტით დასტურება - წელს ჩიკაგოს მეორედ ეწვევა „ოლ ბლექსი“, ხოლო შარშან ნიუ იორკში ავივა პრემიერშიპის თამაში შედგა „სარასენსა“ და „ლონდონ აირიშს“ შორის.

და მაინც, ამერიკელების პრო 12-ში ჩართვასთან დაკავშირებით პრობლემები უამრავია. გარდა გადაფრენებისა, ტურნირის მსვლელობის პერიოდში ამერიკის ტერიტორიაზე რთული კლიმტური პირობებია, რაც თამაშებს ხელს შეუშლის. პრობლემები შეექმნებათ გულშემატკივრებსაც.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართული რაგბის განვითარების კუთხით ბრიტანულ პრესაში პრო 12-ში ქართული ფრანშიზის ჩართვის შესაძლებლობაც განიხილებოდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:43 | 27.07.2016
tamasho (88)

კარგი იქნება ჩვენც თუ მოვახერხებთ თამაშს ბოლო ბოლო ამერიკაზე ახლოს მაინც ვართ

0.08565