საერთაშორისო

14:55 | 27.07.2016 | ნანახია 3359 - ჯერ

ედი ჯონსი ფრანგებს - „თქვენი პრობლემა არჩევანის სიმწირეა“

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა „მიდი ოლიმპიკს“, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საფრანგეთის ნაკრების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

ავსტრალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ „ლე ბლეს“ მთავარ მწვრთნელ გი ნოვესს გუნდი სწორი მიმართულებით მიყავს, წარუმატებლობის მიზეზი კი, ქვეყნის წამყვან ლიგა ტოპ 14-ში ლეგიონერების სიმრავლე და შესაბამისად, მწირი არჩევანია:

„გი ნოვესს თამაშის მიმართ ისეთივე მიდგომა აქვს, როგორიც მე. ჩვენ ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. ის ცდილობს ფრანგული რაგბის სათავეს, მის სიღრმეებს დაუბრუნდეს. მისი წინამორბედები მხოლოდ ძალით, სიმაღლით და მოთამაშეთა მასით იყვნენ დაინტერესებული. ბურთის მოძრაობა მათთვის მეორეხარისხოვანი იყო. ნოვესმა ეს მიდგომა შეცვალა, ანუ, გააკეთა პრაქტიკულად იგივე, რაც მე ინგლისის ნაკრებში.

თუმცა, ფრანგულისგან განსხვავებით ინგლისის რაგბის სისტემა სრულიად ჯანმრთელია. მე შემიძლია ვუხმო იმ მოთამაშეების 75%-ს, რომლებიც პრემიერშიპში თამაშობენ, საფრანგეთის ნაკრებში კი, ტოპ 14-ში მოთამაშეთა მხოლოდ 50%-ს თუ დაუძახებენ. ეს ბალანსი მყიფეა და თუ სასწარფოდ არ შეიცვლება, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

მოდით ეს ყველაფერი ფეხბურთს შევადაროთ. ინგლისმა ევრო-2016-ზე ისლანდიის ნაკრებთან წააგო. წარმოიდგინეთ, ისლანდიასთან წააგო. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მწვრთნელებს ინგლისის ნაკრებში პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელთა მხოლოდ 25%-ის გამოძახება შეუძლიათ და სწორედ აქაა პრობლემა“.

რა თქმა უნდა ჯონსმა ინგლისის ნაკრებზე და მის მომავალზეც ისაუბრა და თქვა, რომ სურს გუნდში რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მიიწვიოს:

„მოსმენილი ისტორიებიდან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი შორეული, 2003 წლის ისტორიაა - როგორ ჩაატარა ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიში ჯონ უილკინსონმა. ის წააგავდა აგუზგუზებულ ჩირაღდანს და შინაგანმა ცეცხლმა სრულად შთანთქა. ის აღივსო სპორტული აგრესიით. ჩემი სურვილია ინგლისის ნაკრებში მრავლად თამაშობდნენ მისი მსგავსი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ყოველგვარ წინაღობას გადალახავენ“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086753