საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და „ტულუზის“ 9 ნომერ ჟან-მარკ დუსენს გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ.
შემთხვევა 15-16 ივლისის ღამით მოხდა. ის შვებულების პერიოდში, მონპელიეს შემოგარენში მეგობართან, „მონპელიეს“ უკანახაზელ მარვინ ოკონორთან ერთად ღამის კლუბში ერთობოდა, იქიდან გამოსულს კი, ათეულობით ადამიანი თავს დაესხა.
როგორც ირკვევა, ოკონორმა თავს გაქცევით უშველა, დუსენი კი სასტიკად სცემეს, ხოლო მისი ნოუთბუქი, საათი და ტელეფონი გაიტაცეს. თავდასხმის დროს ფრანგი ნასვამი იყო, რასაც დარტყმებიც დაემატა და გაბრუებულმა მორაგბემ ღამე საკუთარ ავტომობილში გაატარა, ხოლო მეორე დღეს პოლიციასთან თავდასხმის სრული სურათი ვერ აღიდგინა.
ჟან-მარკმა ცოტა ხნის წინ პოლიციისგან საკუთარი ტელეფონი მიიღო. ის ამოიღეს ადამიანისგან, რომელსაც თავდასხმასთან არაფერი აკავშირებს. დამნაშავეები დღემდე იძებნებიან.
დუსენმა ტოპ 14-ის გასულ სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩემპიონთა თასზე 6-ჯერ ითამაშა. მიუხედავად ზემოთნახსენები შემთხვევისა, მან კლუბთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება ორშაბათს დაიწყო. მის ანგარიშზე 12 სანაკრებო კეპია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია