საერთაშორისო

12:41 | 25.07.2016 | ნანახია 1339 - ჯერ

ჰანსენი „ოლ ბლექსს“ 2019 წლამდე გაწვრთნის

ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი დაკავებულ თანამდებობაზე 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე დარჩება.

მის მოქმედ კონტრაქტს ქვეყნის რაგბის კავშირთან ვადა 2017 წელს ეწურებოდა, თუმცა დღეს შეთანხმება ორი წლით გახანგრძლივდა.

„ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და მსოფლიო თასამდე ორი წლით ადრე რატომ უნდა გვეძებნა ახალი სპეციალისტი?“ - თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.

მან და მწვრთნელმა არც ის გამორიცხეს, რომ შეთანხმება მომავალში კვლავ გახანგრძლივდეს, თუმცა ტიუმ შესაძლო შემცვლელებზეც ისაუბრა და კანდიდატებად ჰანსენის თანაშემწე იან ფოსტერი, „ჩიფსთან“ ერთად სუპერ რაგბის ორჯერ მომგები დეივ რენი, უელსის ნაკრების მოქმედი თავკაცი უორენ გეტლანდი, ირლანდიის ნაკრების თავკაცი ჯო შმიდტი და შოტლანდიის დამრიგებელი ვერნ კოტერი დაასახელა.

თავად ჰანსენმა კონტრაქტის გახანგრძლივების მოტივაციაზე ისაუბრა: „რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ადრეც ვთქვი, რომ ეს ბევრ რამეზე იქნებოდა დამოკიდებული და მთავარი იყო, ჩემი ოჯახის, პირადად ჩემი და გუნდის კეთილდღეობა. საჭირო იყო დავრწმუნებულიყავი, რომ გუნდში იმავე მონდომებით, სურვილით და თავდადებით გავაგრძელებდი მუშაობას და ნაკრებს საუკეთესოს გადავცემდი. ივნისში უელსთან გამართულმა თამაშებმა დამარწმუნა, რომ მოტივაცია მაქვს და „ოლ ბლექსთან“ ერთად წინსვლა შემიძლია“.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083644