სხვა

12:43 | 6.04.2016 | ნანახია 2166 - ჯერ

რუსეთის ჩემპიონი თბილისშია

რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი, კრასნოიარსკის „კრასნი იარი“ სამკვირიანი წინასასეზონო შეკრებით თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში 26 აპრილამდე დარჩება.

კლუბი ძველ თბილისში, სასტუმრო „მერკურიში“ დაბინავდა და რუსთავის სარაგბო სტადიონზე ივარჯიშებს. გუნდს შეუერთდა და სასტუმროში დაბინავდა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელმაც ამ გუნდთან ცოტა ხნის წინ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სულ კრასნოიარსკიდან 31 მორაგბე გამოფრინდა და მათ შორისაა ვალერი ცნობილაძე.

ცნობილია, რომ რუსებს თბილისური შეკრებისას ოთხი საკონტროლო შეხვედრის გამართვა უნდათ და აქედან ორი უკვე დაგეგმეს. ისინი 10 აპრილს თბილისის „არმიას“, ხოლო 15-ში „აკადემიას“ შეხვდებიან, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშება მეშვიდე-მერვე ადგილებზე დაასრულეს და შესაბამისად, მიმდინარე სეზონი დაასრულეს. „კრასნი იარში“ იმედოვნებენ, რომ თბილისში კიდევ ორ მატჩს გამართავენ. შეგახსენებთ, რომ 16-17 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში პლეი ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები გაიმართება და როგორც ჩანს, რუსებს დამარცხებული გუნდები შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში, „კრასნი იარი“ შეკრებას ინგლისში გეგმავდა, სადაც საკონტროლო თამაშები „ჰარლექუინსთან“, „გლოსტერთან“, „ვუსტერთან“ და „ბრისტოლთან“ უნდა გაემართა. მაგრამ ევროტურნირების ორგანიზატორებმა პლეი ოფში თამაშის უფლება „ენისეის“ გადაულოცეს, ხოლო „კრასნი იარს“ ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე მიუჩინეს ადგილი, რომელიც შემოდგომაზე იწყება და რუსებმაც ძვირიან ბრიტანულ შეკრებას, იაფი საქართველო არჩიეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086999