ზე-18

12:26 | 24.07.2016 | ნანახია 1425 - ჯერ

სუპერ რაგბიში ნახევარფინალები დაწყვილდა

სუპერ რაგბიში სამ ახალზელანდიურ ფრანშიზს ჩემპიონობას ერთი სამხრეთ აფრიკული ეცილება.

უკვე ვწერდით, რომ მეოთხედფინალებში ზელანდიურ-აფრიკული დაპირისპირების პირველი რაუნდი „ჰარიკეინსმა“ მოიგო, რომელმაც „შარქსი“ მშრალზე დატოვა - 41:0. ვწერდით იმასაც, რომ „ჰაილენდერსმა“ „ბრამბისის“ მასპინძლობა არად ჩააგდო და როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპის ყველაზე დაძაბულ ბრძოლაში, 15:9 იმარჯვა.

ამის შემდეგ ეპიცენტრმა აფრიკულ მიწაზე გადაინაცვლა და „ლაიონსმა“ ზელანდიელების სვლა იოჰანესბურგში შეაჩერა. „ლომებმა“ „კრუსეიდერსს“ სამის წილ 5 ლელო დაუდეს და დამსახურებულად მოიგეს - 42:25. აფრიკელების უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და შედეგიც ლოგიკური დადგა. ანგარიში მე-2 წუთზე სკოსანის ლელოთი გაიხსნა, რომელიც მის 55-მეტრიან გაქცევას მოყვა, მალევე ლუკ რომანო სინბინით დაისაჯა და „ლაიონსმა“ რიცხობრივი უპირატესობა 10 ქულაში გარდასახა - ვან რენსბურგმა ლელო დაამიწა, ხოლო ჯენტისმა ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა.

„კრუსეიდერსმა“ პირველი ქულები მე-20 წუთზე მოუნგას ჯარიმით აიღო, 33-ეზე რაიან კროტის ლელო მოუნგამ გარდასახა და ზელანდიელები თამაშში დაბრუნდნენ, თუმცა ბოლო წუთზე მეტოქის მოლს ვერაფერი მოუხერხეს და შესვენებაზე 12-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 10:22.

მეორე ნახევრის პირველი 20 წუთი დიდი ბრძოლა გაჩაღდა. მოუნგას ჯარიმას ჯენტისმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, მეორე ჯარიმის შემდეგ, თამაშის განახლებისთანავე კი, „ლაიონსის“ დაცვა შეცდა და დრიუმონდმა ლელო ძელებსშუა დაამიწა. რა თქმა უნდა გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა სტუმრების იმედები 69-ე წუთზე კრომბრინკმა დაასამარა, როდესაც ლიონელ მაპოემ საკუთარ 22-თან გაჭრა ხაზი და ბურთი ლელოში გარემარბს შეაყოლა. 5 წუთში მაპოემ კიდევ ერთი ლელო შექმნა და მისი ფეხით გადაკიდებული კრონიმ დაამიწა. სულ ბოლოს ბენ ვოლავოლამ კიდევ ერთი საპასუხო ლელო დადო, მაგრამ ამით ჯამში არაფერი შეცვლილა და „ლაიონსმა“ 42:25 იმარჯვა.

მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა კეიპტაუნში გაიმართა და „ჩიფსი“ „სტორმერსისთვის“ ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მასტერ-კლასი ჩაუტარეს და მართალია სამი ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად 8 გაიტანეს. „ბელადებს“ მოსაქოქად გარკვეული დრო დაჭირდათ და შეხვედრის პირველი ლელო კოხმა მე-11 წუთზე დადო, ხოლო დუ პრესმა გარდასახვით აფრიკელები 7:3 დააწინაურა, მაგრამ 13 წუთში თამაში პრაქტიკულად დასრულდა. სემ მაკნიკოლმა, დემიენ მაკკენიზმ და ტომ სანდერსმა ლელოები დადეს, მაკკენზი გარდასახვებიდან არ შეცდა და 24-ე წუთზე „ჩიფსი“ უკვე 24:7 იგებდა. 10 წუთში უპირატესობა კიდევ 10 ქულით გაიზარდა - მაკკენზიმ ჯარიმა გაიტანა და მერე ლოვეს ლელო გარდასახა.

კოხმა შესვენებამდე დუბლი შეასრულა და მასპინძლებმა ტაიმი 14:34 დათმეს, მაგრამ თამაშის განახლებიდან 6 წუთში დუბლი მაკკენზიმაც მიითვალა და „სტორმერსს“ სასწაულის იმედიც აღარ დარჩა. ქომაგს მომდევნო ლელოს ლოდინი 72-ე წუთამდე მოუწია. კარიმ ჩამორჩენის შემცირება ერთხელაც შეძლო, თუმცა „ჩიფსი“ კვლავ აფეთქდა, დასკვნით 4 წუთში ელიოტმა, კოლოამატანგიმ და კერ-ბარლოუმ ლელოები დადეს, მაკკენზიმ გარდასახვები გაიტანა და „ჩიფსმა“ 60:21 იმარჯვა.

ამრიგად, 30 ივლისს, ნახევარფინალებში, ველინგტონში „ჰარიკეინსი“ „ჩიფსს“ დაუხვდება, ხოლო „ლაიონსი“ „ჰაილენდერსს“ იოჰანესბურგში უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08718