„ჰაილენდერსის“ შემდეგ, „ჰარიკეინსი“ მეორე ახალ ზელანდიური კლუბი გახდა, რომელმაც 2016 წლის სუპერ რაგბის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„ქარიშხლებმა“ ველინგტონში სამხრეთ აფრიკულ „შარქსს“ უმასპინძლეს და ძლიერ ქარსა და წვიმაში მეტოქე 41:0 დაამარცხეს. შედეგად, „ჰარიკეინსი“ ნახევარფინალშიც საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლებს. მასპინძლების გამარჯვებას დაღი დაასვა გუნდის კაპიტნის, დენ კოლის ტრავმამ, რომელმაც ნეკნი დაიზიანა და სავარაუდოდ, გუნდს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ბუნებრივმა პირობებმა მატჩის მსვლელობას კვალი დაატყო. საწყის წუთებში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და გარეთ ეპრილმა 10 წუთში ორი ისეთი ჯარიმა გააფუჭა, მშვიდ ამინდში აუცილებლად რომ გაიტანდა. „ქარიშხლებს“ ქარი აბა რას დააკლებდა და ბოდენ ბარეტიმ მე-14 წუთზე კარის წინ ათიოდე მეტრიდან ჯარიმით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ ზელანდიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და ტონგელმა ბურჯმა ლონი უილამ და ფულბეკმა ჯეიმს მარშალმა მე-20 წუთისთვის ორი ლელო დადეს. გარდასახვები არაზუსტი იყო, მერე ეპრილს მესამე ჯარიმა გაუცუდდა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი 13:0 დასრულდა.
განახლდა თუ არა თამაში, კოლი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, მაგრამ მწუხარება ხუთიოდე წუთში სიხარულმა შეცვალა - ჯეისონ ვუდვორდის ლელო ბარეტიმ გარდასახა. თუ სტუმრებს მატჩის გადარჩენის იმედი ჯერ კიდევ ჰქონდათ, ორიოდე წუთში მათი ოცნება ლელოთი ვაეა ფიფიტამ დაასრულა და ბარეტი კვლავ ზუსტი იყო - 27:0. აფრიკელთა რბევა ამით არ დასრულებულა, 59-ე წუთზე ტიჯეი პერენარამ, ხოლო უკანასკნელზე ბრედ შილდსმა კიდევ ორი ლელო დადეს, ბარეტიმ და ჯეისონ ვუდვორდმა გარდასახვები შეასრულეს და „ჰარიკეინსმა“ 41:0 იმარჯვა.
აფრიკულ-ზელანდიური დაპირისპირება დღესვე ორი თამაშით გაგრძელდება. ის „შავ კონტინენტზე“ გადაინაცვლებს და იოჰანესბურგში „ლაიონსი“ „კრუსეიდერსს“, ხოლო კეიპტაუნში „სტორმერსი“ „ჩიფსს“ დაუხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია