ახლო მომავალში „მსოფლიო რაგბის“ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოასალოდნელი. ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ფრანგი ბერნან ლაპასე, რომელმაც სახელი რეფორმებით გაითქვა, მაისში სავარძელს ინგლისის რაგბის კავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ბილ ბომონტს დაუთმობს. ეს უკანასნკელი ამ პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატია და მისი არაერთი განცხადებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რაგბის მმართველი ორგანო ტრადიციულ, კონსერვატიულ მართვის სტილს დაუბრუნდება.
„ნუთუ „მსოფლიო რაგბი“ ვალდებულია სპორტის ეს სახეობა გაავრცელოს იმ ქვეყნებში, სადაც ის არაპოპულარულია?! გარკვეული ვალდებულება ამაზე გვაკისრია, თუმცა ექვსი ერის გათამაშების გაფართოების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. ამ ფორმატს ყველანი მივეჩვიეთ და მას დიდი შემოსავალი მოაქვს“ - აი ასეთი აზრის გახლავთ „მსოფლიო რაგბის“ მომავალი პრეზიდენტი რაგბის გლობალურ განვითარებაზე.
მეორეს მხრივ, „მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე უკონკურენტოა ახლო წარსულში არგენტინის ნაკრების ყოფილი მორაგბე აგუსტინ პიშოტი, რომელსაც ბომონტისგან განსხვავებული იდეები აქვს. იგი ამჟამად ამერიკულ რაგბის ხელმძღვანელობს, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ არგენტინა „რაგბის ჩემპიონატში“ მეოთხე გუნდად მიიღეს, რამაც ერთიორად გაზარდა ამერიკელების პოტენციალი. მის სახელს უკავშირდება ამერიკული ექვსი ერის გათამაშების ჩამოყალიბება და არგენტინელი „იაგუარების“ სუპერ რაგბიში ჩართვა.
„აუცილებელია რაგბი უფრო მეტ ქვეყანაში განვითარდეს. თუ არგენტინა უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ეს თავისთავად აისახება ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე - ურუგვაისა და ბრაზილიაზე. წარმოუდგენელია განვითარება, თუ ძლიერი მეზობლები არ გყავს“ - თვლის პიშოტი.
2008 წლის არჩევნებზე, ლაპასე და ბომონტი კონკურენტები იყვნენ და ფრანგის გამარჯვების შემდეგ, „მსოფლიო რაგბიში“ დიდი რეფორმები დაიწყო. შედეგად, 80-წლიანი პაუზის შემდეგ, რაგბი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დაბრუნდა, მეორე და მესამე დონის ქვეყნებისთვის კი, ინოვაციური ტურნირები დაარსდა, რამაც მათ განვითარებას და მთლიანობაში, რაგბის გეოგრაფიის გაფართოებას შეუწყო ხელი.
ბომონტის შეხედულებები ლაპასესგან რადიკალურად განხვავდება. კონსერვატიული შეხედულებების მქონე ბრიტანელს ღიად უჭერს მხარს ექვსი ერის ხელძღვანელობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ბომონტი ექვს ერში რაიმე სახის ცვლილებას ეწინააღმდეგება და ჩანს, სათავეში მისი მოსვლის შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ ამ ტურნირზე მიღების საკითხი დიდი ხნით გადავადდება. რა თქმა უნდა, თუ ბომონტი საკუთარ შეხედულებებს მკვეთრად არ შეიცვლის.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ გასული მსოფლიო თასის მიმდინარეობისას კულუარებში აქტიურად განიხილებოდა „მსოფლიო რაგბის“ მოქმედი ხელძღვანელობის მხრიდან მე-2 და მე-3 ეშელონების ქვეყნების დაფინანსების გაზრდის საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით „დიდი სამეულის“ (სამრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია) წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ იდეას, რომ რაგბიში ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებს დაფინანსება შეუმცირდეთ და შემოსავლის (რომელმაც გასულ მსოფლიო თასზე 140 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგენა) დიდი ნაწილი, იმ ქვეყნებზე განაწილდეს, რომლებიც ამ შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფენ.
ოთხი წლის წინ, ლაპასემ ბომონტი არჩევნებში ისევ დაამარცხა, მაგრამ არა უწინდელი უპირატესობით, არამედ 14 ხმით 12-ის წინააღმდეგ. „მსოფლიო რაგბიში“ არჩევნები და ხმის უფლება დემოკრატიული პრინციპებისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, თუ ფიფა-ში ინგლისს და მავრიტანიას ერთნაირი ხმის უფლება აქვთ, აქ 10 ყველაზე მძლავრი სარაგბო ქვეყანა (ექვსი ერი+რაგბის ჩემპიონატი), ხმის უფლების 64% ფლობს. ეს ქვეყნები დღევანდელი მოცემულობით „მსოფლიო რაგბიდან“ 50-ჯერ უფრო მეტ თანხას იღებენ, ვიდრე მეორე ეშელონის ქვეყნები და ეგრეთწოდებული „დიდი 10“-ის წარმომადგენლები მაინც უკმაყოფილონი არიან.
მოკლედ, ახლო მომავალში „მსოფლიო რაგბის“ სათავეში ორი განხვავებული შეხედულების ადამიანი მოდის და არავინ იცის ვისი იდეები იმძლავრებს. არადა, ჩვენი დონის ნაკრებებისთვის „მსოფლიო რაგბის“ პოზიცია გადამწყვეტია და მეორე-მესამე ეშელონის ქვეყნები პიშოტს თავიანთი ინტერესების დამცველად განიხილავენ.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია