ტურნირები

11:04 | 23.07.2016 | ნანახია 2037 - ჯერ

„ბულდოგების“ საჩუქარი სმენადაქვეითებულ ბავშვებს

გუშინ საღამოს „ავჭალის“ სარაგბო სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე უცნაური სანახაობის მომსწრე გახდებოდით. სხვადასხვა, 5-იდან 17 წლამდე ასაკის თეთრი ფერის მაისურში გამოწყობილ ბავშვთან ერთად, ოვალური ბურთით 10-მდე ზრდასრული მორაგბე ერთობოდა.

ეს იყო ოციალური აქცია ქვიშის რაგბისა და სამოყვარულო კლუბ „ბულდოგების“ ორგანიზებით, რომლებმაც უნარშეზღუდულ, სმენადაქვეითებულ ბავშვებს უმასპინძლებს და მათთან ოვალური ბურთით ითამაშეს. სიტყვები არც იყო საჭირო, ბედნიერი სახეები და ემოციები ამ ბავშვების განწყობაზე თავისთავად მიუთითებდა, მერე კი, თარჯიმნის მეშვეობით ერთ-ერთმა, ლიკა აზმაიფარაშვილმა საკუთარი ემოცია გადმომცა. მას მეც „ბულდოგების“ წევრი ვეგონე:

„ძალიან მომეწონა და უდიდესი სიამოვნება მივიღე დღევანდელი თამაშით. მადლობა, რომ თქვენთან თამაშის საშუალება მოგვეცით. თუ კიდევ დაგვპატიჟებენ, „ბულდოგებთან“ მომავალშიც ვითამაშებთ“.

საღამო შედგა და მასში სხვებთან ერთად „ბულდოგების“ მოთამაშე ავთანდილ ახვლედიანი მონაწილეობდა, რომელმაც თავად შეადგინა ის პროგრემა, რომლითაც ბავშვებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს და ეს ემოცია დიდხანს გაყვებათ:

„ამ ღონისძიების ჩატარების იდეა ბათუმში დაიბადა. ჩვენი მეგობრები, ბრიტანელი „ბულდოგები“ ყოველ ზაფხულს ჩამოდიან ბათუმში და ქვიშის რაგბის ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. ისინი უნარშეზღუდულ ბავშვებს ხშირად ართობენ და ჩვენც გადავწყვიტეთ მათი მაგალითის აღება. ვფიქრობ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო Crystalbet-ს, რომლის დახმარების გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. მათ ბავშვებისთვის დაამაზადეს მაისურები და კეპები, ასევე ნაყინით და წვენით გაუმასპინძლდნენ. ბედნიერი ვარ, რადგან დღეს საღამოს თავად ეს ბავშვები არიან ბედნიერი. დიდი მადლობა ყრუთა კავშირს და მაია მეტონიძეს, რომლის დახმარებითაც ეს ბავშვები შევკრიბეთ, ასევე სარაგბო კლუბ „არმაზს“, რომელმაც ახალგაზრდული გუნდის ბავშვები და მწვრთნელები მოავლინა ჩვენს დასახმარებლად. იმედია, მსგავსი აქციები მომავალშიც მოეწყობა და კიდევ არაერთ ბავშვს გავახარებთ“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქვიშის რაგბის ფედერაციაც იყო, რომელის ეგიდითაც 6-7 აგვისტოს ბათუმში ტრადიციული, ქვიშის რაგბის ფესტივალი გაიმართება. ზურა დუგლაძეს უწინარესად გუშინდელი აქციის შესახებ ვესაუბრეთ, რის შემდეგაც რაღა თქმა უნდა ქვიშის რაგბის და სხვა საკითხებსაც შევეხეთ:

სამოყვარულო კლუბ „ბულდოგებთან“ ერთად დაიბადა იდეა, რომ უნარშეზღუდული ბავშვებისთვის ერთი საღამო გაგველამაზებინა. ჩვენი მეგობრის ბავშვს მეტყველების პრობლემა აქვს და მისი მეგობრები, ასევე სხვა ბავშვები „ავჭალაზე“ რაგბის ბურთით გასართობად მოვიწვიეთ. ამ ფორმატში მუშაობას მიჩვეული არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დარწმუნებული ვარ, მომავალში არა მხოლოდ სამოყვარულო კლუბები, არამედ დიდი 10-ის გუნდებიც გამართავენ მსგავს აქციას. დღეს ბავშვებთან ერთად „ბულდოგების“ გარდა ჯარის ნაწილის და „არმაზის“ მორაგბეებმა ითამაშეს.

დღევანდელი სოციალური აქტივობის ჩატარებას ქვიშის რაგბის კავშირმა და Crystalbet-მა შეუწყო ხელი, რომელმაც ბავშვებისთვის მაისურები დაამზადა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ეს ერთგვარად ფორსირებულ რეჟიმში მოხდა, თორემ დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ორგანიზაცია თუ კლუბი შემოგვიერთდებოდა.

  • ქვიშის რაგბის კავშირს 6-7 აგვისტოს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ელის - ბათუმის ქვიშის რაგბის საერთაშორისო ტურნირი.
  • აქამდე ჩატარებულ ქვიშის რაგბის ტურნირებს შორის, წელს ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი იქნება, რადგან გაიზარდა უცხოური ქვეყნების ჩართულობა. თუ აქამდე მხოლოდ ბრიტანელები - ინგლისელებით და უელსელებით დაკომპლექტებული გუნდი ჩამოდიოდა, წელს მათ რუსეთის და თურქეთის წარმომადგენლები დაემატა. ქვიშის რაგბიში წელს 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რაგბის კავშირთან ერთად, სოლიდური მიზნები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, გაისად ტურნირი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. ვიცით რომ ჩამოსვლის სურვილი აქვთ ლატვიელებს, უკრაინელებს და ბრიტანეთის სხვა წარმომადგენლებს. ვფიქრობ, მომავალ წელს მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდება.

ჩვენი სურვილია, რომ ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე ქვიშის რაგბის ბრენდი შეიქმნას და ეს გარდაუვალია, აუცილებლად მოხდება. იმედია, ბათუმის მერიის და საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხორციელდება. წელს ერთგვარ ექსპერიმენტს ვგეგმავთ და გუნდებს მიეცემათ შემადგენლობაში ორ-ორი პროფესიონალი მორაგბის შეყვანის უფლება.

  • მახსოვს, ქვიშის რაგბის ტურნირები პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის ცალ-ცალკე ტარდებოდა.
  • ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და სამწუხაროდ, წელს ვერ ვახერხებთ. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ ქვიშის რაგბიში ქალთა გუნდებიც ჩავრთოთ. ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან, ქალთა გუნდები უკვე გამოთქვამენ ჩამოსვლის სურვილს. საქართველოს რაგბის გენერალურ სპონსორ „თიბისი ბანკს“ აქვს სურვილი, რომ ტურნირის ჩატარება „ჯაზ-ფესტივალს“ დაემთხვეს და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ ბათუმის ქვიშის რაგბი სოლიდურ სახეს მიიღებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქვიშის რაგბი მთელს მსოფლიოში მასშტაბურ სახეს იღებს. წელს ის ზაფხულის ოლიმპიადაზე საჩვენებელი სახით იქნება, გაისად აშშ-ში უნივერსიადა ტარდება და დიდია შანსი, რომ ერთ დღეს ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილად იქცეს. ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.
  • წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში RHINO-ს წარმადგენთ. ამ მხრივ რა სიახლეებია?
  • RHINO-ს აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი ლატვიელი მეგობარი ვილმას სოკოლოვი კურირებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად მიმზიდველი არ არის, მან რაგბის წარმატებების ფონზე არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. RHINO ბრიტანული ბრენდია და მას მსოფლიოში საუკეთესო სავარჯიშო აქსესუარები აქვს - შერკინების მანქანები, სავარჯიშო ბალიშები, სერიოზული წარმატებები აქვს ბურთის მოდერნიზაციის მხრივ. ვთვლი, რომ მას საქართველოში მომავალი აქვს, რადგან შესაძლოა აქ მისი წარმოებაც დაიწყოს. მომავალ წელს საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და 12-ივე მონაწილე გუნდს ჭირდება ის სავარჯიში აქსესუარი, რასაც RHINO ამზადებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:12 | 23.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.116269