ინგლისი

21:08 | 22.07.2016 | ნანახია 5107 - ჯერ

ნემსაძე „ბრისტოლში“ ითამაშებს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე, „ტარბს“ ფედერალ 1-ში არ ჩაყვება და კარიერას ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ დაბრუნებულ „ბრისტოლში“ გააგრძელებს.

„ტარბმა“ სპორტული შედეგით პრო დ2-ში დარჩენის უფლება მოიპოვა, მაგრამ ფინანსური პრობლემები ვერ მოაგვარა და ახალ სეზონს რანგით მესამე ფედერალ 1-ში დაიწყებს. რა თქმა უნდა, „ბორჯღალოსნისთვის“, რომელსაც 26 სექტემბერს 32 წელი შეუსრულდება, რანგით დაბალ დივიზიონში თამაში უკან გადადგმული, არასასურველი ნაბიჯი იქნებოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდება და მართალია ინგლისური კლუბის ოფიციალურ საიტს ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა უცხოურ საინფორმაციო საშუალებებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნემსაძემ „ბრისტოლთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეს კლუბი 128 წლის წინ, 1888 წელს დაარსდა და საშინაო შეხვედრებს 27-ათასიან „ეშტონ გეით სტედიუმზე“ ატარებს. მისი მთავარი მწვრთნელი ენდი რობინსონია, რომელსაც მთავარ მწვრთნელად ინგლისის და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში უმუშავია. გუნდს საუკეთესო შედეგი 2007 წელს ჰქონდა და პრემიერშიპში მე-3 ადგილი დაიკავა, მაგრამ ამის შემდეგ საქმეები უკან-უკან წაუვიდა და 2009 წელს პრემიერშიპს დაემშვიდობა. მას შემდეგ, „ბრისტოლმა“ 7 წელიწადში 5-ჯერ დაიკავა ჩემპიონშიპში პირველი ადგილი, აქედან ბოლო სამ შემთხვევაში ზედიზედ, მაგრამ პლეი ოფში წლევანდლამდე მარცხდებოდა და მხოლოდ ახლაღა შეძლო უძლიერეს 12-ში დაბრუნება.

ამრიგად, ახალ სეზონში პრემიერშიპში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს - ჯაბა ბრეგვაძე „ვუსტერში“ და გიორგი ნემსაძე „ბრისტოლში“.

ქუთაისის „აიას“ აღზრდილი მორაგბე საფრანგეთში 2007 წელს წავიდა და პირველი ხუთი სეზონი ფედერალ 1-ის ოთხ სხვადასხვა გუნდში გაატარა. 2012 წლიდან ის პრო დ2-ში „ტარბის“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან 18 მატჩიდან 11 სასტარტოში დაიწყო, ჯამში მოედანზე 895 წუთი გაატარა და ორი ლელო გაიტანა. მსაჯებმა ის 2-ჯერ ყვითელი და ერთხელ წითელი ბარათით დასაჯეს. ნემსაძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2005 წელს ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა, მას შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მაისური 62 შეხვედრაში მოირგო და 12 ლელო გაიტანა. ის 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასის მონაწილეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:11 | 23.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

09:53 | 23.07.2016
iberiana (33)

იქნება პრემიერშიპიც ტოპ თოთხმეტივით დაიპყროს ქართულმა ლეგიონმა. წინსვლა გიორგი!

09:29 | 23.07.2016
krasni (587)

კარგია, მიაწექი გიო.

22:03 | 22.07.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ გიორგი ! ! !

0.924407