სამხრეთაფრიკული „შარქსის“ ჰუკერ მონდე ჰადებეს რაგბის თამაში ოთხი წლით აეკრძალა, იგი სამხრეთ აფრიკაში აგორებულ დოპინგსკანდალში გაეხვა.
Sport 24-ის ცნობით, სუპერ რაგბის ეგიდით ჩატარებული შემთხვევითი ტესტირების დროს 25 წლის ჰადებეს ორი აკრძალული სტეროიდის გამოყენება დაუდასტურდა. სამხრეაფრიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტესტზე პოზიტიური შედეგი სუპერ რაგბის კიდევ რამდენიმე მოთამაშემ აჩვენა, თუმცა ჯერჯერობით მათი გვარები არ სახელდება.
სამხრეთ აფრიკის „წამლისგან თავისუფალი სპორტის ინსიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი ხალიდ გალანტი აცხადებს, რომ აკრძალული პრეპარატი სისხლში არა მარტო პროფესიონალ მორაგბეებს, არამედ ჭაბუკ სპორტსმენებსაც აღმოუჩინეს:
„ჩვენს ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ტესტებზე 18 დადებითი პასუხი მივიღეთ. 12 მათგანი ტესტის ჩატარების დროს 18 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ჩვენ განვაგრძობთ სუპერ რაგბის მოთამაშეების შემოწმებას, ერთი კანონდამრღვევის ვინაობა თქვენთვის უკვე ცნობილია, ხოლო მეორე არ სახელდება, რადგან ჯერ განხილვის პროცესი მიმდინარეობს“.
4 წლის ვადით დისკვალიფიცირებულ ჰადებეს წელს „შარქსის“ რიგებში არ უთამაშია, მას ტრავმა აწუხებდა. ჰუკერს „სპრინგბოქსის“ შემადგენლობაში არა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის U20 ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია