ქართულმა რაგბიმ მთელი მსოფლიოს ყურადღება და მხარდაჭერა რომ დაიმსახურა, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ავტორიტეტულმა პორტალმა Planetrugby-მაც გამოხატა და „ბორჯღალოსნების“ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წყნარი ოკეანის წაუგებელ ტურნეს განიხილავს და ექვს ერში თამაშის შანსს ელის. მაშინ, როდესაც გასულ თვეში ტიერ1-ის ქვეყნები ერთმანეთში არკვევდნენ ურთიერთობას, საქართველო თავის გზით ვითარდებოდა. 1986 წლიდან, უელსის შემდეგ არცერთი გუნდი არ წასულა წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ისე, რომ სამი წაუგებელი თამაში ჩაეტარებინა.
საქართველომ ეს მოახერხა და სამოასთან 19:19 ფრის შემდეგ, ტონგას 23:20, ხოლო ფიჯის ისტორიულ შეხვედრაში 14:3 აჯობა. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის, როგორია საუკეთესო ხერხი მოთამაშეების მოტივაციის ასამაღლებლად, თუ ისინი საერთოდ საჭიროებენ ამას?
„ფიჯისთან მატჩის წინ მოთამაშეებს ვუთხარი: წარმოიდგინეთ, როგორი სასიამოვნო იქნება თქვენი ზაფხულის დასვენება, რომელიღაც პლიაჟზე, როდესაც გეცოდინებათ, რომ ფიჯი დაუმარცხებლად დატოვეთ“ - გვიხსნის ჰეიგი - „ჩვენ გავარჩიეთ ფიჯის თამაში, მერე ჩვენი, ბიჭებს მივეცით საჭირო მითითებები და შედეგად, საქართველო დაცვაში უკეთესი იყო. უნდა გაარჩიო თეთრი და შავი, აჩვენო მათ, რომ შეუძლიათ, აუმაღლო საკუთარი თავის რწმენა და როდესაც ეს მოხდება, აუცილებლად შექმნი რაღაც განსაკუთრებულს“.
და საქართველომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ახლა ქართული რაგბი სარეკორდოდ მაღალ საფეხურზეა და ეს არაა მხოლდ წყნარი ოკეანის ტურნეს დამსახურება. ესაა შედეგი მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშისა, ასევე, ევროპის ერთა თასის მორიგი ტიტულისა. წარსულს თუ გავიხსენებთ, საქართველომ ტონგასა და ნამიბიის ძლევით, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და წინდაწინ დაიბევა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება.
ხუთი თვის შემდეგ საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ერთა თასი და გადამწყვეტ მატჩში, რომელსაც თბილისში 53 400 მაყურებელი დაესწრო, რუმინეთი 38:9 დაამარცხა. ეს არაა შემთხვევითი წარმატება. ესაა შედეგი ჰეიგის გეგმიური მუშაობისა, რომელიც მან 2011 წელს, გუნდში მისვლისას დაისახა. სწორედ ამაზე ფიქრობდა ის, როდესაც ოჯახთან ერთად იტალიაში ისვენებდა:
„რამდენიმე კვირით დასვენების პერიოდში, განვლილ ტურნეზე ბევრს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ესაა ოთხწლიანი დაძაბული მუშაობის შედეგი. ჩვენ მივიღეთ ის, რასაც ვგეგმავდით - ავტომატური კვალიფიკაცია მომავალ მსოფლიო თასზე და დამაჯერებელი გამარჯვება ერთა თასზე.
როდესაც „მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენლებს ძლიერ მეტოქეებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობაზე ვესაუბრებოდი, ერთადერთ ვარიანტად წყნარი ოკეანის კუნძულებზე გამგზავრება შემომთავაზეს. კარგად გვესმოდა რა სირთულეების გადალახვა მოგვიწევდა, მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობაზე ვიყავით. ეს ნამდვილი გამოცდა იყო, თუმცა მსოფლიო თასსა და ერთა თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ვგრძნობდი ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ტურნეზე პირველ თამაშამდე 8 დღით ადრე გავემგზავრეთ და გზაში 42 საათი გავატარეთ. შეგვეძლო სამოას დამარცხება, მაგრამ საკმარისად კარგები არ ვიყავით. ვიცოდი, რომ თუ ტურს წარმატებით დავიწყებდით, ტონგასთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნებოდა. გაგვიმართლა და საბოლოოდ მეტოქე დავამარცხეთ, თუმცა ორი წლის წინ ჩვენ ამ შეხვედრას ვერ მოვიგებდით. უბრალოდ, არ გვეყოფოდა მოთმინება და ბურთს დავკარგავდით. სწორედ ესაა სხვაობა ახლანდელ და ორი წლის წინანდელ საქართველოს შორის - ახლა ბიჭებს უფრო მეტი რწმენა აქვთ, ვიდრე ადრე ჰქონდათ. ამ გამარჯვებამ ფიჯისთან მატჩის წინ კიდევ უფრო თავდაჯერებულები გაგვხადა. მერე ბიჭებს ვუთხარით: „წარმოიდგინეთ რა გრძნობა იქნება კუნძულების დაუმარცხებლად დატოვება“.
მნიშვნელოვანია ბიჭებს მისცე რაიმე ხელჩასაჭიდი, იმუშაო და ეს აუცილებლად დაგეხმარება ისტორიის შექმნაში. უზომოდ გახარებული ვარ და თუ შეხედავთ ჩვენი გუნდის თამაშს, სტატისტიკურ მონაცემებს, აღმოაჩენთ, რომ ლელოს გატანისი შანსი ფიჯიზე მეტჯერ გვქონდა. ეს ჩვენთვის უდიდესი პროგრესია. ამ ტურს კარგად ჩავთვლიდით, თუ ორ თამაშს მოვიგებდით და შინ დაუმარცხებლად დაბრუნებამ მოლოდინს სრულად გადააჭარბა, თუმცა კარგია ამას რომ მივაღწიეთ. 2015 წლის მსოფლიო თასზე დასახული მიზნის მიღწევამ, მოგვცა იმპულსი, კიდევ უფრო წინ წავედით და თუ ამ იმპულსს შევინარჩუნებთ, კაცმა არ იცის რა მოხდება ნოემბერში“ - ყვება Planetrugby-ს რესპოდენტი.
ამ შედეგის მისაღწევად მწვრთნელს საქართველოს თამაშის სტილის სრულად შეცვლა მოუწია. ჰეიგმა გამოიყენა ის ცოდნა, რომელიც ახალ ზელანდიაში, მანუკაუში სამი წლის განმავლობაში მთავარ მწვრთნელად და ასევე, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში და „მაორებში“ ასისტენტად მუშაობისას შეიძინა. მან გუნდს არა მხოლოდ თამაშის გაშლა, არამედ ამ დავალების წნეხის ქვეშ შესრულება შეასწავლა:
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, ამ გუნდის გასულ მსოფლიო თასებზე თამაშს გადავხედე. ეს იყო ძლიერი შერკინების ხაზის მქონე, აღნაგობით დიდი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მხოლოდ ერთ კომპონენტზე იყო ორიენტირებული და ყველა ერთფეროვნად თამაშობდა. მალევე მივხვდი, რომ თუ გვსურდა უმაღლესი დონის გუნდებთან ტოლსწორად თამაში, მთელი სივრცის ათვისება უნდა გვესწავლა. ამაზე ზრუნვა ოთხი-ხუთი წლის წინ დავიწყეთ და ის ყოველდღიურად ვითარდება. ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს ძალიან უყვართ ბურთთან მუშაობა. რეალურად, სწორედ ესაა ქართველების თამაშის სტილი. ისინი არიან დიდი ბიჭები, რომელთაც კარგად შეუძლიათ ბურთით თამაში და იციან მეტოქეს როგორ გასცდნენ. საჭირო იყო მათთვის რწმენის მიცემა, რომ ამის გაკეთება წნეხის ქვეშაც შეუძლიათ. ნაკრები კლუბისგან განსხვავდება, აქ ერთად წელიწადში მხოლოდ 13 კვირა ვართ და ექსპერიმენტების დრო ნაკლებადაა. ამიტომ, საჭიროა უკვე ნასწავლის გამეორება.
გრემ გენრის სიტყვები, რომ ნაკრებს უნდა ყავდეს ლიდერების ბირთვი 4-8 წლის განმავლობაში რეალურად მუშაობს და ფუნდამენტურია საერთაშორისო რაგბიში. ჩვენ განვახორციელეთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, შევარჩიეთ ბიჭები და მათ ავათვისებინეთ ახლებური სტილი. ყოველ ახალ შეკრებაზე, ისინი სულ უფრო უკეთესები იყვნენ. უამრავ ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებთ და ვაშენებთ სისტემას. ის ძალიან მარტივია და ყველა მარტივად ითვისებს. ახლა უკვე ერთი ვარჯიში გვყოფნის ჩვეულ რელსებზე დასაბრუნებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო დონეზე დრო საკმარისი არასდროსაა. გაგვიმართლა, რადგან გვყავს ბირთვი, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს და მათ კარგად იციან რასაც ვაკეთებთ. ახლა უკვე ნათლად ვხედავთ იმის უპირატესობას, რისი ათვისებაც ოთხი წლის წინ დავიწყეთ და ეს უკვე სიამოვნებას გვანიჭებს“.
რთული სამუშაო ჩავლილია და ახლა მოდის თაობა, რომელსაც ჰეიგი „ძალიან საინტერესოს“ უწოდებს. საუბარია ვასილ ლობჟანიძის თანატოლებზე, რომელიც გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. ასევე, საუბარია იმ 20-წლამდელთა ნაკრების წევრებზე, რომლებმაც ლობჟანიძესთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ჰეიგი მათთან დაკავშირებით ამბობს:
„20-წლამდელთა ნაკრებში ოთხი-ხუთი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ეროვნულ გუნდში უკვე ნათამაშები აქვთ. ისინი და კიდევ რამდენიმე ბიჭი, ძალიან კარგები არიან. განვითარების პერიოდში ძალიან კარგ გარემოში ვართ. ჩვენ შევინარჩუნებთ პროგრამას, რომელსაც აითვისებენ ახალგაზრდა ბიჭებიც, გარკვეულ პოზიციებზე ძველების შემცვლელები და ყველაფერი კარგად იქნება.
20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები, ადრე ჩემი თანაშემწეები იყვნენ და მათ იციან, რომ ახალგაზრდული გუნდის პროგრამა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ეროვნულის. ის, რომ 20-წლამდელთა ნაკრებმა გაისად საქართველოში გასამართ მსოფლიო თასზე თამაშის უფლება არა მხოლოდ მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული მიღწევითაც მოიპოვა, უმნიშვნელოვანესია. ამით ჩვენ აგვიმაღლდა ავტორიტეტი, დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროგრამა მუშაობს და დავიმსახურეთ იქ ყოფნა, სადაც ვართ. ახალი ზელანდიისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩების გარდა, ყველა დანარჩენ შეხვედრაში კონკურენტუნარიანები ვიყავით. თუ შეადარებთ ჩვენი და სხვა, დიდი გუნდების მოთამაშეების სტატისტიკურ მონაცემებს, აქ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ გვეყო ცივსისხლიანობა. მათ უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ ზეწოლას“.
ამ ყველაფრის ფონზე ადვილად გასაგები ხდება ხმამაღალი მოწოდებები, რომ საქართველო ექვს ერში უნდა ჩაერთოს, ყოველ შემთხვევაში შანსი მაინც მიიღოს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს მოწოდებები უკვე „ზემოთაც“ ესმით. ჰეიგისთვის სულერთია, ექვსი ერის კარი პლეი-ოფის მეშვეობით გაიხსნება, თუ პირდაპირ ასვლა-გავარდნა იქნება. მისთვის მთავარია საქართველომ მიიღოს შანსი და მოწინააღმდეგეებს პირდება, რომ თბილისში მატჩებზე დასწრების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
„უბრალოდ გვინდა, რომ იქ თამაშის უფლება მოგვცენ. სიმართლე გითხრათ, საწყისი ეტაპისთვის ექვსი ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფით დაწესება ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა. თუ ჩვენ მართლა კარგები ვართ, პლეი ოფში გავიმარჯვებთ და მიზანს მივაღწევთ. ერთადერთი, რისი სურვილიც გვაქვს, მოგვეცეს ამის შანსი. თუ პლეი ოფში ვერაფერს გავხდებით, ვიქნებით პირველები, რომლებიც ვიტყვით: „გვაპატიეთ, იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ ვცადოთ“. რეალურად, ვფიქრობთ, რომ ამისთვის მზად ვართ. ყოველ შემთხვევაში, შანსს ნამდვილად ვიმსახურებთ.
ეს შარშან უფრო საგრძნობი გახდა. დარწმუნებული ვარ, ეს ის თემაა, რომელზეც გადაწყვეტილების მიმღებნიც მსჯელობენ. ასე ფიქრის საშუალებას ჩვენი მიღწევები მაძლევს.
საქართველოში თამაშებზე მუდამ განსაკუთრებული ატმოსფეროა. რუმინეთთან მატჩს 54 ათასი მაყურებელი დაესწრო, მაშინ, როდესაც მეტოქის დამარცხება ერთა თასზე მეტს არაფერს გვაძლევდა. დარწმუნებული ვარ, ექვსი ერის შემთხვევაში, ორ-სამჯერ მეტი მსურველიც იქნება. ჩვენთან ჩამოსული სტუმრები, ცნობილი, ქართული სტუმართმოყვარეობით დატკბებიან და ვფიქრობ, თბილისიც მოეწონებათ. თუ ჩვენ ოდესმე ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა, თბილისი რომსა და პარიჟზე ნაკლები არაფრით იქნება“.
ჰეიგი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ერთად მოხდება, რადგან საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. წელს ახალი ზელანდიის ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით მრავლად იყო საუბრები - ჯო შმიდტი, ვერნ კოტერი, უორენ გეტლანდი - დაბრუნდებიან თუ არა ისინი სამშობლოში. ჰეიგის წარმატებული კამპანიის ფონზე, პატარა, მაგრამ მაინცაა შანსი იმისა, რომ ის ამ სიაში იყოს. მაგრამ ეს გამორიცხულია - მის ცოლს ევროპა მოსწონს. სამაგიეროდ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2019 წლის შემდეგ ჰეიგი ევროპის რომელიმე წამყვან ლიგაში გამოჩნდება, თუმცა ახლა ის მხოლოდ საქართველოზე ფიქრობს:
„ახლა ჩვენ ყველაზე საინტერესო სტადიაში ვიმყოფებით, როდესაც მიმდინარეობს მცირედი დეტალების დახვეწა. ეს საფრთხილო საქმეა და სხვა რამეზე ფიქრის დრო არ მრჩება“.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენი ელჩები იყვნენ ნეტა ეგეთი დესპანები.
Mიდი მელიტონა მიაწექი
ალბათ დროა შემოვიღოთ საქართველოს საპატიო მოქალაქის ტიტული(როგორც თბილისს და სხვა ქალაქებს აქვთ)და პირველი ტიტული მივანიჭოთ მელიტონას !!
უმაგრესი კაცია მელიტონა ! ასე მარტო საკუთარ ან სხვა ქვეყანაზე ძალიან შეყვარებული ადამიანები ლაპარაკობენ ! მოკლედ რაგბის მწვრთნელებში მაგრა გაგვიმართლა --ჯერ სორელმა გამოაცოცხლა მიძინებული ნაკრები და ეხლა კი ჰეიგმა ძალიან მაღალ სიმაღლეებზე გაგვიყვანა ორივეს დიდი მადლობაა !!!!!
ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა ეს წუთია.. საქართველის ნაკრების 10 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოჰყვა და უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს საავდმყოფოში ცოლთან ერთად.....
0?'>http://www.ambebi.ge/semtxveva/170892-moragbe-merab-kvirikashvili-avtokatastrofashi-mohyva-misi-mdgomareoba-mdzimea.html':'>http://www.ambebi.ge/semtxveva/170892-moragbe-merab-kvirikashvili-avtokatastrofashi-mohyva-misi-mdgomareoba-mdzimea.html'))
არა საბედნიეროდ მეკო შედარებით მსუბუქდ დაშავდა აი ცოლის საქმეა ცოტა რთულად მითუმეტეს ფეხმძიმედაც ყოფილა !
შესაშური პროფესიონალი და კარგი დიპლომატი. არ იქნება ამ კაცის გაშვება საქართველოდან, ნამეტანი ბევრი იცის ჩვენზე.
1000000-ნი +-სი.
ძალიან შეგვაყვარა მილტონმა თავი. ყველა ინტერვიუში მშვენივრად საუბრობს და თავის საქმეც რო მაგრად იცის კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ივნისში. დიდი მადლობა რაგბის კავშრის, რომ მიუხედავად მძიმე სტარტისა მას ბოლომდე გამოუცხადეს ნდობა. თუ 2019 ჩვენი ნაკრები მსოფლიოზე წარმატებით გამოვა (და ამაში უკვე ეჭვი არ მეპარება) ძალიან რთული იქნება ჰეიგის დატოვება ჩვენთან, მას უკვე ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
ღმერთმა ქნას შოტლანდია დავაგოროთ ამ შემოდგომაზე, მაშინ უკვე ჩვენს 6 ერში მიღებაზე უარს ვეღარ იტყვიან
მილტონ ჰეიგისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის... თავის საქმის პროფესიონალია. მისი თავკაცობის პერიოდში გაიზარდა ქართული რაგბი და სახელი გაითქვა მსოფლიოში როგორც მზარდმა და მებრძოლმა გუნდმა, ასევე ეს წარმატება მილტონის პროფესიული წარმატებაცაა, მან როგორც მწვრთნელმა ერთი ორად აიმაღლა რეიტინგი მსოფლიო რაგბის მწვრთნელებს შორის. ... აქვე მინდა ვთქვა, რომ დასაფასებელია მისი ის შეხვედრები მსოფლიო რაგბის სხვადასხვა გავლენიან პირებთან და მათი დარწმუნება, რომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში ოკეანეთის ტურნეს მოპოვებაში და მის წარმატებით დამთავრებაში მილტონს დიდი როლი აქ ნათამაშები... მოკლედ მადლობა მილტონს ჩვენი გუნდის როგორცფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური განვითარებისთვის. წარმატებები მელიტონ !!!
ამ ხალხმა მელიტონას თამადობით ისე შეგვაყვარა რაგბი, რო ოკეანეთის თამაშებზე დღეებს და საათებს ვითვლიდი და ღამე არ მეძინა, 35 წლიანი გულშემატკივარი ვარ სპორტის და ასეთი რამეები ადრე ფეხბურთზე მქონდა მარა გასაგები მიზეზების გამო დამეკარგა ფეხბურთზე ინტერესი ხოლო სხვა ქვეყანის ნაკრებებზე ნაღდად ვერ მოვიკლავ თავს და დავიჯერო ჩემნაირი საქართველოში 50 ატასი ვერ მოგროვდება? ასე რომ ფინანსურადაც არ იქნება საქართველოს ჩართვა წამგებიანი ის კი არა ერთ ორ წელიწადში თუ მიგვიღეს სხვაზე უფრო საინტერესო იქნება საქართველოში ჩამოსვლა. ვიზე ნაკლები ტურისტული ადგილები გვაქ უბრალოდ ევროპაში არ ვართ გაპიარებული კარგად. შედეგი: მიგვიღეთ და განახებთ სეირს მოედანზეც და მის გარეთაც. (ის კი ექვი ერის თამაშებზე მოდურიც გახდება მისვლა - ასე მგონია მე
მე და ჩემი მეგობრები ზუგდიდან ჩამოვდივართ პორტუგალიაზე და ესპანეთზე და ექვი ერის თამაშებზე ფეხით რო იყოს ჩამოვალთ და არანაირ ფასს არ დავიშურებთ. და ჩვენნაირი საქართველოში 50 ატასი კი არა ბილეთი იქნება საშოვნელი
ჩვენტან არანაირი პრობლემა არ იქნება მეგობარო, უბრალოდ შიშობენ, რომ ჩვენების სტუმრობისას არ შეივსება სტადიონები, მაგრამ ერთ-ორ ბობოლას რომ მივძუყნით, იქაც მოვა ხალხი.
მელიტონას უყვარს საქართველო, მის ოჯახსაც ყვარებია, ჩემი აზრია რო თუ მისი სურვილი იქნება დავიტოვოთ საქართველოში 2023 მდე მთავარი მწვრთნელის, ხოლო შემდეგ რამე სხვა პონტში რაგბში (ოღონდ ბოლო კაცად რაგბში ისიც არ დათანხმდება) რამე ნაკრებების კურატორის ან რაიმე სხვა ადგილას. ბოლო-ბოლო უსინდისოები ვიქნებით და უმადურები ამის წვლილს თუ ვერ დავაფასებთ. იმიტომ რომ ჩემი აზრით ამ კაცს მარტო მწვრთნელის რანგში კი არა სიყვარული აკავშირებს ჩვენს ქვეყანასთან და არაა დასაკარგი ასეთი ხალხი. ის კი არა მოქალაქეობაც ეკუთვნის თუ თანახმაა და ზელანდიას აქვს ორმაგი მოქალაქეობა.
დიდი ხანი მელიტონა უკვე საქართველოს მოქალაქეცაა
"საქართველოში თამაშებზე მუდამ განსაკუთრებული ატმოსფეროა. რუმინეთთან მატჩს 54 ათასი მაყურებელი დაესწრო, მაშინ, როდესაც მეტოქის დამარცხება ერთა თასზე მეტს არაფერს გვაძლევდა. დარწმუნებული ვარ, ექვსი ერის შემთხვევაში, ორ-სამჯერ მეტი მსურველიც იქნება. ჩვენთან ჩამოსული სტუმრები, ცნობილი, ქართული სტუმართმოყვარეობით დატკბებიან და ვფიქრობ, თბილისიც მოეწონებათ. თუ ჩვენ ოდესმე ასეთი შესაძლებლობა მოგვეცემა, თბილისი რომსა და პარიჟზე ნაკლები არაფრით იქნება“
.
ამ სიტყვებით კი ჰეიგი საქართველოს ნამდვილი დესპანის როლში გვევლინება და ამბობს იმას რისი თქმაც მასზე მეტად სამთავრობო მოხელეების ვალდებულებაა. მოკლედ, იშვიათად მინახავს
ასეთი უცხოელი, რომელიც მთელ ძალას და ენერგიას ახარჯავს არა მხოლოდ თავისი პროფესიული
მოვალეობის შესრულებას, არამედ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას
მეც მაგას ვამბობ ! ალბათ დროა შემოვიღოთ საქართველოს საპატიო მოქალაქის ტიტული(როგორც თბილისს და სხვა ქალაქებს აქვთ)და პირველი ტიტული მივანიჭოთ მელიტონას !!
„უბრალოდ გვინდა, რომ იქ თამაშის უფლება მოგვცენ. სიმართლე გითხრათ, საწყისი ეტაპისთვის ექვსი ერის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფით დაწესება ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა. თუ ჩვენ მართლა კარგები ვართ, პლეი ოფში გავიმარჯვებთ და მიზანს მივაღწევთ. ერთადერთი, რისი სურვილიც გვაქვს, მოგვეცეს ამის შანსი. თუ პლეი ოფში ვერაფერს გავხდებით, ვიქნებით პირველები, რომლებიც ვიტყვით: „გვაპატიეთ, იქნებ რამდენიმე წლის შემდეგ ვცადოთ“.
.
შეხედეთ რამხელა პასუხისმგებლობის გრძობით გამოირჩევა მელიტონა?! მაგარი კაცია ნამდვილად!
მთავრობის/რაგბის კავშირის ადგილას მე მას უვადო კონტრაქტს გავუფორმებდი
მსოფლიო თასამდე ზოგიერთი ამბობდა რომ სხვა მწვრთნელი უნდოდა ნაკრებს რომელიც ახალ ეტაპზე გაიყვანდა, მაგრამ მგონი ყველა დაარწმუნა ჰეიგმა რომ კიდე დიდხანს შეძლებს ჩვენი ნაკრების გაუმჯობესების გზაზე ტარებას
მართალია გაამართლა
იმის გათვალისწინებით, რომ მისი ინტელექტი ადვილად ამოწურვადი არ არის იგი შეძლებს 2023 წლამდე საქართველოს ნაკრები აღმასვლით ატაროს.
ის არამარტო ძლიერი მწვთნელია, დავრწმუნდი რომ მას აქვს ზებუნებრივი ცოდნა სიტყვები სწორად შეარჩიოს...მან იცის სიტყვის ძალა...