საერთაშორისო

18:32 | 19.07.2016 | ნანახია 2134 - ჯერ

„ინგლისს ედი ჯონსთან ერთად ძველი დიდების დაბრუნება შეუძლია“ - ჯონი ვილკინსონი

რაგბის ინგლისელი ლეგენდა, 2003 წლის მსოფლიო თასის გმირი ჯონი ვილკინსონი მიიჩნევს, რომ ედი ჯონსის დამოძღვრილ ინგლისის ნაკრებს 2003 წლის შედეგის განმეორება შეუძლია. შეგახსენებთ, „ვარდებმა“ 13 წლის წინ მსოფლიო თასი აღმართეს.

Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვილკინსონი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობას მიმოიხილავს. იგი დარწმუნებულია, რომ ჯონსს დიდი გუნდის აშენება შეუძლია:

„დიახ, მათ შეუძლიათ იგივე გაიმეორონ, რაც ჩვენ შევძელით 2003 წელს. ჩვენ 2000 წელს შევუდექით მომავალი მსოფლიო თასისთვის მზადებას, მაგრამ მაშინ ავსტრალიის დამარცხება საერთო ანგარიშით 3:0, არარეალური ჩანდა, ახლა კი ინგლისმა ეს მოახერხა. ფაქტია, ახლანდელი ნაკრები მოსამზდებელ ეტაპზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ ვიყავით, თუმცა მთავარია 2019 წლის მსოფლიო თასზე იყოს შედეგი“.

ვილკინსონმა „ვარდების“ „ოლ ბლექსთან“ მსგავსებაზეც ისაუბრა:

„თუ ჩვენ ვეცდებით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრების - „ოლ ბლექსის“ მსგავსად ვითამაშოთ, აუცილებლად დავმარცხდებით. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ საუკეთესო ინგლისს საუკეთესო ახალი ზელანდიის დამარცხება შეუძლია. მაგრამ ჯერჯერობით საკუთარი გზის ძიებაში ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების სათავეში ედი ჯონსი 2015 წლის მსოფლიო თასის კრახით დასრულების შემდეგ მოიყვანეს. მის გაწვრთნილ გუნდს ბრწყინვალე შედეგი აქვს - 9 მატჩში 9 გამარჯვება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:09 | 19.07.2016
dede (87)

ეხ როდის გვეყოლება ასეთი 10 ნომერი

0.074609