ზე-18

12:02 | 17.07.2016 | ნანახია 1724 - ჯერ

სუპერ რაგბიში პლეი ოფები დაწყვილდა

სუპერ რაგბის 2016 წლის რეგულარული სეზონი დასრულდა და გუნდები პლეი ოფში დაწყვილდნენ. სულ ბოლო მეოთხედფინალისტი ავსტრალიის კონფერენციაში გამოვლინდა და ის როგორც მოსალოდნელი იყო „ბრამბისი“ გახდა.

კანბერელებმა იცოდნენ, რომ „ვარატასის“ ჩამოსატოვებლად კონფერენციის აუტსაიდერი „ფორსი“ ნებისმიერი სხვაობით უნდა დაემარცხებინათ და მიზანს მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა 34-ივე ქულა პირველ ტაიმში აიღეს, ხოლო მატჩის ბედი 5-წუთიანმა მონაკვეთმა გადაწყვიტა. ლეალიიფანოს ჯარიმას, ტოომუას ლელოს და ლეალიიფანოს გარდასახვას, სტუმრებმა ტაპუაის ლელოთი, პრიორის გარდასახვით და ჯარიმით უპასუხეს. შედეგად ნახევარი საათის შემდეგ წონასწორობა აღდგა.

„ბრამბისი“ მოვლენების ასეთ განვითარებას ვერ შეეგუებოდა და შესვენებამდე 5-წუთიან მონაკვეთში ჯერ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, მერე თავი კურიდრანმა გამოიჩინა. გარდასახვები ლეალიიფანომ და ტოომუამ შეასრულეს - 24:10. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და მეოთხედფინალში „ბრამბისი“ ზელანდიურ „ჰაილენდერსს“ უმასპინძლებს.

„სტორმერსს“ დასკვნითი მატჩი აღარაფერს აძლევდა. ის სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში მეორე ადგილზე მყარად იყო მოკალათებული, თუმცა აუტსაიდერ „კინგსს“ მაინც სძლია - 52:24. ამ თამაშში საინტერესო ის იყო, რომ ჯონსმა პოკერი, ხოლო ზასმა ჰეთ თრიკი შეასრულა. მასპინძლების მერვე ლელო ტომსონის ანგარიშზეა.

აფრიკული დერბი „ჩიტასსა“ და „ბულზს“ შორის აღარაფერს ცვლიდა. „ხარებმა“ სეზონის დასკვნითი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 43:17 იმარჯვეს. სტუმართაგან დუბლები ისმაილმა და ბოთმამ შეასრულეს, ხოლო ერთი ულენგოს ანგარიშზეა, რაზეც მასპინძლებმა ორი ლელოთი უპასუხეს.

სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერი „ლაიონსი“ არგენტინას უმოტივაციოდ ეწვია. ამით სუპერ რაგბის დებიუტანტებმა იხეირეს და სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. გუნდებმა სამ-სამი ლელო დადეს და „იაგუარესის“ გამარჯვება ნიკოლას სანჩესის ზუსტმა დარტყმებმა განაპირობა - 34:22. მასპინძელთაგან ლელოები ისამ და ალემანომ მიითვალეს, ერთიც საჯარიმო იყო. აფრიკელთაგან დუბლი ვოლმინკმა შეასრულა და ერთხელ თავი მაჰუზამ გამოიჩინა.

ამრიგად, მეოთხედფინალებში „ბრამბისი“ ზელანდიურ „ჰაილენდერსს“ მასპინძლობს, „ჰარიკეინსი“ სამხრეთ აფრიკულ „შარქსს“ ზელანდიაში დაუხვდება, „ლაიონსი“ ზელანდიურ „კრუსეიდერსს“ აფრიკაში მიიღებს, ხოლო „სტორმერსი“ „ჩიფსს“ ასევე აფრიკაში უმასპინძლებს.

სუპერ რაგბი 2016. მეოთხედფინალები

22 ივლისი

ბრამბისი (ავსტრალია) - ჰაილენდერსი (ახალი ზელანდია)

23 ივლისი

ჰარიკეინსი (ახალი ზელანდია) - შარქსი (სამხრეთ აფრიკა)

ლაიონსი (სამხრეთ აფრიკა) - კრუსეიდერსი (ახალი ზელანდია)

სტორმერსი (სამხრეთ აფრიკა) - ჩიფსი (ახალი ზელანდია)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085873