ზე-18

15:37 | 16.07.2016 | ნანახია 1936 - ჯერ

ზელანდიელები დალაგდნენ

დღეს დილით სუპერ რაგბის დასკვნითი ტურის შეხვედრებში ახალზელანდიური დერბები შედგა. ოთხივე გუნდს პლეი ოფში თამაში დაბევებული ჰქონდა, თუმცა დღეს წყდებოდა ვინ რომელი პოზიციით გავიდოდა მეოთხედფინალში.

ადრინდელ მატჩში „კრუსეიდერსი“ „ჰარიკეინსს“ დაუხვდა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 10:35 დამარცხდა. პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი გამოდგა, ვუდვარდის ლელოს და ბარეტის გარდასახვას მოუნგამ 24-ე წუთზე ჯარიმით, ხოლო 30-ეზე გარდასახვით უპასუხა, რომელიც კროტის ლელოს მოყვა და მასპინძლები 10:7 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ ქულაც ვერ აიღეს. ტაიმი „ჰარიკეინსმა“ პერენარას მიერ მე-40 წუთზე გატანილი ლელოთი და ბარეტის გარდასახვით მოიგო, ხოლო 56-ე წუთზე ლელო ჰალაჰოლომ დადო და ბარეტი კვლავ ზუსტი იყო. დასკვნით 10 წუთში ლელოები გიბსონმა და ბარეტიმაც მიითვალეს, ეს უკანასკნელი გარდასახვებიდანაც ზუსტი იყო და მისმა გუნდმა პრემიალური ქულაც აიღო.

შეინარჩუნებდა თუ ვერა „ჰარიკეინსი“ ზელანდიის კონფერენციაში ლიდერობას, მეორე მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული, რომელშიც „ჰაილენდერსი“ „ჩიფსს“ მასპინძლობდა. „ბელადებს“ პირველი ადგილის დასაბრუნებლად მოგება ჭირდებოდათ და მე-7 წუთზე პულუს ლელოთი და მაკკენზის გარდასახვით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა საპასუხო ლელო 31-ე წუთზე დადეს, თავი რატუნიდეუბამ გამოიჩინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო.

მეორე ტაიმი მაკკენზის ჯარიმით დაიწყო, რაზეც სოპოაგამ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და „ჰაილენდერსი“ 56-ე წუთზე 11:10 დაწინაურდა, ხოლო ორიოდე წუთში პრიორიმ ლელო დადო და სოპოაგა კვლავ ზუსტი იყო. „ჩიფსმა“ გამარჯვების შანსი 69-ე წუთზე ბოშიერის ლელოთი დაიბრუნა, თუმცა მათ იმედებს წერტილი სოპოაგამ დაუსვა, რომელმაც ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:15. შედეგად, ზელანდიის კონფერენცია „ჰარიკეინსმა“ მოიგო, „ჰაილენდერსი“ მეორე ადგილამდე აღზევდა და „ჩიფსი“ ჩამოიტოვა, ხოლო „კრუსეიდერსი“ პლეი ოფში მეოთხე პოზიციით გავიდა.

კრუსეიდერსი - ჰარიკეინსი 10:35

ჰაილენდერსი - ჩიფსი 25:15

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088336