ზე-18

16:50 | 15.07.2016 | ნანახია 1435 - ჯერ

„ბლუზმა“ „ვარატასი“ პლეი ოფთან არ მიუშვა [+ვიდეო]

ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ ავსტრალიური „ვარატასი“ სუპერ რაგბის რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში 34:28 დაამარცხდა და სეზონი ამაღლებული განწყობით დაასრულა.

მთლიანობაში, „ბლუზისთვის“ სეზონი წარმატებული არ გამოდგა და ის ახალი ზელანდიის კონფერენციაში ბოლო ადგილზე გავიდა. რამდენიმე ტურით ადრე ცხადი იყო, რომ ეს გუნდი საჩემპიონო პლეი ოფში ვერ ითამაშებდა, თუმცა ზელანდიური რაგბის უპირატესობა ავსტრალიურთან, ბოლო ორ ტურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ზელანდიის კონფერენციის აუტსაიდერმა, ავსტრალიის კონფერენციის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა.

რადგან ერთი კვირის წინ „ბლუზთან“ „ბრამბისი“ დამარცხდა, „ვარატასს“ კონფერენციაში პირველ ადგილის დასაკავებლად და შესაბამისად, პლეი ოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად გამარჯვება ჭირდებოდა. სტუმრებმა მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს, 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა აიღეს და ამ ეტაპზე კონფერენციას ლიდერობენ, თუმცა ძნელად სავარაუდოა ხვალ „ბრამბისი“ „ფორსთან“ სენსაციურად დამარცხდეს და ამრიგად, ეს ერთი ქული დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება.

თამაში დაძაბული გამოდგა და მისი 20 წუთი უქულოდ მიილია, მერე „ვარატასის“ შერკინებამ მეტოქისა ლელოს ხაზთან დაჯაბნა, რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა, ფოლიმ კარის წინიდან გარდასახვა გაიტანა და ისე ჩანდა, ავსტრალიელთა მოტივაცია შედეგის მომტანი იქნებოდა, თუმცა „ბლუზმა“ სიმშვიდე შეინარჩუნა, და ტაიმის ბოლომდე ლიდერობა მოიპოვა. მასპინძლებს საპასუხო ლელოს დასადებად მხოლოდ 4 წუთი დაჭირდათ და მალე საუს და ტევიტა ლის მხარდაჭერითმარცხენა ფლანგზე მიზანს ტუიპოლოტუ მიწვდა. ფრენსის გარდასახვა გაუფუჭდა, თუმცა ნახევარი საათის თავზე მისი დარტყმა ზუსტი იყო, როდესაც „ვარატასი“ მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა - 12:7.

თამაშის განახლებიდან 5 წუთში რეფერის მესამედ მოუხდა საჯარიმო ლელოს ჩათვლა და ამჯერადაც ამის მიზეზი „ვარატასის“ ძლიერი შერკინება იყო, რის შემდეგაც სტუმრები გარდასახვით კვლავ წინ გავიდნენ. მაგრამ ამ დღეს „ბლუზი“ ძალიან კარგი იყო და ოთხ წუთში კვლავ დაწინაურდა. მომდევნო 10 ქულა ფრენსისმა მიითვალა, რომელიც 49-ე წუთზე მცველებს დაუსხლტა და ლელო თავადვე გარდასახა, ხოლო 58-ე წუთზე ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა ჩაიწერა - 22:14.

საათის თავზე ფოლაუმ „ვარატასის“ მესამე ლელო დადო და ფოლის გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა ტენდენცია არც ამჯერად დაირღვა და „ბლუზის“ საპასუხო ლელოს ამჯერად 4 წუთიც არ დაჭირდა - ნანაის ლელომ და ფრანსისის გარდასახვამ 8-ქულიანი სხვაობა აღადგინა. სტუმრებს უკან დასახევი არ ჰქონდათ და ამჯერად „ვარატასს“ მოგების იმედი ტაავაომ დაუბრუნა, ხოლო ფოლიმ გარდასახვით სხვაობა კვლავ 1 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ტრადიცია უცვლელი დარჩა, მოალამ 5 წუთში „ბლუზის“ მორიგი ლელო მიითვალა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო - 34:28. „ვარატასს“ დამსახურებული ერთი ქულა ერგო, თუმცა ძნელად სავარაუდოა მან პლეი ოფისკენ გზა გაუხსნას.

დღის მეორე მატჩში, ავსტრალიურ დერბიში, „რედსი“ და „რებელსი“ სეზონს ასრულებდნენ. გუნდებს პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ ჰქონდათ, პირველი ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და ერთის წილ სამი ლელო დადეს, დუბლი მაკმაჰონმა შეასრულა და „რებელსი“ 24:7 დაწინაურდა. სტუმრები მეორე ტაიმში გილის და კერევის ლელოებით დაბრუნდნენ, ფრისბის გარდასახვები ზუსტი იყო და 56-ე წუთზე სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. სტირზაკერმა ორიოდე წუთში შეძლო ლელოს დადება, გილმა 69-ე წუთზე დუბლით უპასუხა, თუმცა დასკვნით 10 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და „რებელსმა“ 31:28 იმარჯვა.

ბლუზი - ვარატასი 34:28

რედსი - რებელსი 28:31

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08781