2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო თასების ისტორიაში ჯონა ლომუს დარად ყველაზე მეტი, 15 ლელოს დამდები ბრაიან ჰაბანა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რიოში მიდის, ოღონდ არა მოთამაშის, არამედ კონსულტანტის რანგში.
სამხრეთ აფრიკის 7-კაცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილ პაუელმა 12-კაციანი შემადგენლობა გუშინ დაასახელა და მასში ჰაბანას გარდა 15-კაცა გუნდიდან ფრანსუა ჰუგარდი და რაიან კანკოვსკი ვერ მოხვდნენ. ჰუგარდს სხვებთან შედარებით გაუმართლა და კრის დრისთან ერთად სათადარიგო მოთამაშეთა სიაშია. მას რიოში თამაშის შანსი იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ 12 ძირითადიდან რომელიმე დაშავდება. ოლიმპიადაზე სამხრეთ აფრიკის 7-კაცას კაილ ბრაუნი უკაპიტნებს.
შემადგენლობაშია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოშვიდკაცე ვერნერ კოკი, რომელსაც 2015/2016 წლების დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა ახლა მწყობრშია. ბრაზილიაში მიდის „სტორმერსის“ მორაგბე ხუან დე იონგი, რომლის ანგარიშზეც სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდში 14 ტესტ-მატჩია. სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო სერიაში მეორე ადგილი დაიკავა და სეზონის 7-კაცას „ოცნების გუნდში“ ტიმ აგაბა, ფილიპ სნიმანი, კვაგა სმიტი და სეაბელო სენატლა მოხვდნენ, რომლებიც ახლა რიოში მიდიან.
„ძალიან გართულდა 12 კაცის შერჩევა. მე შემეძლო სამი სხვადასხვა გუნდის შერჩევა და ყველა მათგანი კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ფრანსუა ჰუგარდი და კრის დრი რიოში ჩვენთან ერთად მოდიან, მაგრამ ისინი ოლიმპიურ სოფელში ვერ იცხოვრებენ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო. მათი წვლილი ჩვენს წარმატებაში უდიდესია. ახლა წინ გვაქვს 20 დღე, რათა საბოლოოდ ავაწყოთ თამაში. ამ ეტაპზე მედლებზე არ ვფიქრობთ და მთავარი საზრუნავი ტურნირის პირველი სათამაშო დღეა. აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რაც კარგად გამოგვდის და ვიმედოვნებთ, ეს შედეგის მომტანი იქნება“ - განაცხადა შემადგენლობის დასახელების შემდეგ პაუელმა.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს 92-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება, ოღონდ 7-კაცას სახით. 15-კაცა რაგბი ოლიმპიადაზე ბოლოს 1924 წელს, პარიზში ითამაშეს. სამხრეთ აფრიკის მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალია, საფრანგეთი და ესპანეთი იქნებიან, 12-კაციანი განაცხადი კი, ასეთია:
სესილ აფრიკა, ტიმ აგაბა, კაილ ბრაუნი, ხუან დე იონგი, ჯასტინ გედულდი, ვერნერ კოკი, ჩესლინ კოლბე, დილან სეიგი, სეაბელო სენატლა, კვაგა სმიტი, ფილიპ სნიმანი, როსკო სპეკმანი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია