ტურნირები

15:54 | 13.07.2016 | ნანახია 3309 - ჯერ

სეუ-ს 7-კაცა ნახევარფინალშია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მორაგბეთა 7-კაცა გუნდმა, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი თამაში მოიგო, მესამეში მარცხი განიცადა და თასის ნახევარფინალში მეორე ადგილით გავიდა.

სეუ უნივერსიადაზე მეოთხედ თამაშობს. აქამდე მან ბულგარეთში, ჰოლანდიასა და უნგრეთში ყველა შეხვედრა მოიგო და სამივეჯერ თასის მფლობელი გახდა, თანაც მთავარი ჯილდოს გარდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის და საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური ჯილდოებიც დაისაკუთრა.

წელს უნივერსიადის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წლებში. ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩში სეუ-მ ლიტვას 40:7, ხოლო ესპანეთს 24:5 მოუგო და მესამე შეხვედრას უნდა გაერკვია პირველი ადგილით გავიდოდა თასის ნახევარფინალში, თუ მეორეთი. პორტუგალიის, ლისაბონის უნივერსიტეტთან დაძაბული ბრძოლა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ერთის წილ ორი ლელო გაიტანა - 10:5. ეს იყო სეუ-ს პირველი მარცხი უნივერსიადაზე ამ ოთხი წლის განმავლობაში.

მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა და ხვალ სეუ თასის ნახევარფინალში რუმინეთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალური წყვილი პორტუგალიამ და რუსეთმა შეადგინეს და შესაძლოა ისე მოხდეს, ქართველებს პორტუგალიელებთან რევანშის შანსი გადამწყვეტ მატჩში მიეცეთ.

სეუ ზაგრებში ასეთი შემადგენლობით თამაშობს: ჯიმი ღამბაშიძე, ლაშა გედეხაური, ნიკოლოზ სუხაშვილი, შალვა დავითაშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ბახვა კობახიძე, შალვა მახარაშვილი, ლაშა ფოფხაძე, დაჩი კოპაძე, გიორგი აბრამიძე, თორნიკე მანაგაძე, ჟორჟ სალდაძე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:59 | 13.07.2016
ogafa (407)

წარმატებები

16:37 | 13.07.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.09353