საქართველოში 7-კაცა რაგბის განვითარების მიზნით, რომელიც ოლიმპიური სახეობა გახდა, საქართველოს ჩემპიონატისა და ახალი ტურნირების გამართვა დაიგეგმა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა.
საქართველოს რაგბის კავშირისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ურთიერთშეთანხმებით, პირველად ჩატარდა რეგიონალური, სამეგრელოს ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეტაპებს სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობდა და მასში რეგიონის რვავე რაიონი მონაწილეობდა - აბაშა, მარტივილი, სენაკი, ხობი, ფოთი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა.
ფინალურ ეტაპზე, რომელიც ფოთის რაგბის სტადიონზე გაიმართა ოთხი გუნდი გავიდა. ნახევარფინალში სენაკმა და ფოთმა ადვილად დაამარცხეს ზუგდიდისა და მარტვილის გუნდები. უაღრესად დაძაბული გამოდგა მატჩები მესამე და 1-2 ადგილებისათვის. ზუგდიდმა ანგარიშით 12:5 დაამარცხა მარტვილი და მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი. კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა ფინალი, რომელშიც ფოთმა ერთი გარდასახვით, 7:5 მოუგო სენაკს.
რეგიონის რაგბის კავშირის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ლევან ლატარიამ და გამგეობის წევრმა ამირან შავგულიძემ, პრიზიორი გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებით, დიპლომებით და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები