ზე-18

13:24 | 12.07.2016 | ნანახია 2069 - ჯერ

სუპერ რაგბი აფრიკელ მაყურებელს კარგავს

სუპერ რაგბის სისტემა და სამხრეთაფრიკული ფრანშიზების არცთუ დამაჯერებელი თამაში, ამ ქვეყანაში ტურნირისადმი ინტერესის კატასტროფულ ვარდნას იწვევს.

ტელეარხმა SuperSport-მა, რომელიც ტურნირს სრულად აშუქებს, შარშანდელთან შედარებით 3,8 მილიონი ტელემაყურებელი დაკარგა. პარალელურად, კატასტროფულად მცირდება იმ გულშემატკივრების რაოდენობა, რომლებიც თამაშების საცქერლად სტადიონზე დადიან. საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, სამხრეთ აფრიკის ექვსი სტადიონიდან 50%-მდე მხოლოდ ერთი ივსება, დანარჩენებს კი, ცუდი და კატასტროფული მაჩვენებლები აქვთ.

საშუალოდ 26 992 მაყურებელი იკრიბება კეიპტაუნში „ნიულენდზე“, სადაც საშინაო შეხვედრებს „სტორმერსი“ მართავს და ეს ტევადობის 52%-ია; დურბანში, „შარქსის“ საშინაო თამაშებზე „კინგზ პარკზე“ საშუალოდ 23 591 მაყურებელი დადის, რაც ტევადობის 45%-ია; პრეტორიაში, „ლოფტუს ვერსფელდი“, სადაც „ბულზი“ თამაშობს, ტრიბუნები 35% პროცენტით ივსება - 17 921 მაყურებელი; იოჰანესბურგის „ელის პარკი“ საშუალოდ 19 808 მაყურებელს იღებს, რაც ტევადობის 32%-ია, არადა, „ლაიონსი“ ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ტურნირის ლიდერია. უფრო რთულადაა სხვა ორი სტადიონის საქმე - ბლუმფონტეინის „ფრი სტეიტზე“ „ჩიტასის“ თამაშების სანახავად სულ რაღაც 7 780 მაყურებელი იკრიბება და ტრიბუნები 17%-ით ივსება, ხოლო პორტ-ელიზაბეტში „ნელსონ მანდელა ბეი სტედიუმზე“ აუტსაიდერ „საუზერნ კინგსის“ თამაშები ტრიბუნების მხოლოდ 15%-ს ავსებს - 6 914 მაყურებელი.

„რა თქმა უნდა, ასეთი შემცირებული ციფრები ჩვენს შეშფოთებას იწვევს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული მომენტისთვის გაზრდილია ციფრული კონტენტის ოდენობა“ - ამბობს SANZAAR-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი მარინოსი.

SANZAAR-ში უკვე ფიქრობენ სუპერ რაგბის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე, რომელიც უახლოეს 10 წელიწადზე იქნება გათვლილი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078672