ირლანდიის ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელის ჯო შმიდტის მიმართ ინტერესს სუპერ რაგბის ორი ზელანდიური ფრანშიზი იჩენს.
50 წლის სპეციალისტს ირლანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტის ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მხარეები მის გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან. ევროპულ და ზელანდიურ პრესაში ვარაუდობენ, რომ შვილის ავადმყოფობის გამო შმიდტი კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და სამშობლოში დაბრუნდება.
შედეგად, გასულ კვირაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჯოს მიმართ ინტერესს „ჰაილენდერსი“ იჩენს, რომლის ამჟამინდელი მწვრთნელი ჯეიმი ჯოზეფი 2016 წლის შემოდგომაზე გუნდს დატოვებს და იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. ჯოზეფს ახალ თანამდებობაზე დებიუტი საქართველოს ნაკრებთან მატჩში ექნება.
ახლახანს შმიდტთან თანამშრომლობის სურვილი სუპერ რაგბის კიდევ ერთმა ზელანდიურმა ფრანშიზმა, „ჩიფსმა“ გამოთქვა. ეს ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა ენდრიუ ფლექსმანმა დაადასტურა: „ჯო ის სპეციალისტია, რომლითაც დაინტერესებული ვართ და მზად ვართ მასთან ეს საკითხი განვიხილოთ“.
აღსანიშნავია, რომ „ჩიფსს“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ დეივ რენისთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა შეთანხმებაშია პუნქტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ მხარეს კონტრაქტის გაწყვეტა 2017 წლის ზაფხულში შეეძლება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია