რაგბი ევროპის გენერალურ ასამბლეაზე, რომელსაც 23-25 ივნისს თბილისმა, Radisson Blu Iveria-მ უმასპინძლა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება დამტკიცდა.
ცვლილებებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გასაჯაროებულა და მათი ნაწილი დღის შუქს 31 ივლისს იხილავს, თუმცა, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დეტალები ცნობილი გახდა.
საორგანიზაციო კუთხით დამტკიცდა რაგბი ევროპის ახალი წესდება, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა; ცნობილი გახდა, რომ გასული წლის შედეგების თანახმად, ორგანიზაციამ უწინდელის მსგავსად ფინანსური ზარალი განიცადა. ამის გამო იგეგმება, რომ სამომავლოდ შემოსავლებს მეტი ყურადღება დაეთმოს; ფარული კენჭისყრით ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რაგბი ევროპაში გიბრალტარის გაწევრიანებას; რაგბი ევროპის სპორტულ დირექტორად ფრანგი მიშელ არპაიენი დაამტკიცეს, რომელიც აქამდე „მსოფლიო რაგბის“ განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა.
რაც შეეხება ტურნირებს - ერთა თასს უკვე ერთი წელია რაგბი ევროპის ჩემპიონშიპი ქვია, ხოლო ქვედა დივიზიონს „რაგბი ევროპის ალაფა“ დაერქმევა. შეიცვლება მესამე დივიზიონი, რეგიონალური პრინციპით ორ ჯგუფად დაიყოფა და რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, პლეი ოფის მეშვეობით გაირკვევა დაწინაურებული გუნდი. ანალოგიური იქნება სულ ქვედა, მეოთხე დივიზიონშიც.
ასამბლეაზე საბოლოოდ ეთქვა უარი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორწლიანი ციკლით ჩატარებას. გარდა იმისა, რომ დივიზიონის გამარჯვებულები ერთ წრედ, ერთი წლის შედეგების მიხედვით გაირკვევა, დივიზიონებს შორის გუნდების როტაციაც ერთწლიანი ციკლის შემდეგ მოხდება. შეგახსენებთ, ბოლო წლებში ერთა თასის პირველ დივიზიონში გამარჯვებული ერთი წლის შედეგების მიხედვით ვლინდებოდა, თუმცა დივიზიონიდან ის გუნდი ვარდებოდა, რომელიც ბოლო ადგილს ორი წლის ჯამში იკავებდა. შესაბამისად, ქვედა დივიზიონიდან პირველადგილოსანი ორი წლის ჯამის მიხედვით ირკვეოდა.
რაც შეეხება ბონუს-ქულების დარიცხვის სიტემას. აქ 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის გუნდი კვლავ მიიღებს 1 ქულას, თუმცა, ამიერიდან მეორე ბონუსის ასაღებად მხოლოდ 4 ლელოს დადება საკმარისი აღარ იქნება. სისტემა ეგრეთწოდებული ფრანგული გახდება, ისეთი, როგორც საქართველოს ჩემპიონატშია დანერგილი და გუნდი პრემიალურ ქულას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეტოქეს 3-ით მეტ ლელოს დაუდებს. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება 31 ივლისისთვის გახდება ცნობილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაშინ სამ გუნდიან ჯგუფებად უნდა დაყონ და ოთხი თამაში ჯგუფში მოუწევთ და ჯგუფის გამარჯვებულემა ითამაშონ ორ მატჩიანი ფინალი
ერთ წელიწადში როგორ უნდა ჩაატარონ შინ და სახლში ათი თამაში?
ისევე იქნება როგორც ადრე. უბრალოდ ჩემპიონი ყოველ წელს დასახელდება. 6 ერიც ასე ტარდება.
ა ნაკრების გაყვანა ესე იგი ვერ მოხერხდა.
რაში გვაინტერესებს აწი ეს ტურნირი? ეს ჩვენთვის უკვე გუშინდელი დღეა. ნუთუ იმდენი ვერ მოახერხა ჩვენმა რაგბის კავშირმა რომ ა ნაკრების გამოსვლა მიეღწია ამ ტურნირზე?!
-ა-ნაკრები ვერ გააჩალიჩეთ?
უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს?