საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე, ექსეტერის ეტაპი გამარჯვების გარეშე ჩაამთავრა და გაუმართლა მე-8 ადგილი რომ დაიკავა.
როგორც წესი, გუნდმა ბოლო ადგილს თავი რომ დააღწიოს ერთი თამაში მაინც უნდა მოიგოს, ჩვენ კი, მოგების გარეშე ერთბაშად ოთხი გუნდი ჩამოვიტოვეთ, რისი ანალოგიც 7-კაცა რაგბიში შესაძლოა არც მოიძებნოს. ორი ფრე ჯგუფურ ეტაპზე - ლიტვასთან და რუსეთთან გადამწყვეტი აღმოჩნდა და გუნდი თასის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ მეორე დღეს თამაშიც ვერ მოიგო და საერთო ჯამში მოსკოვის ეტაპზე ნაჩვენებ შედეგზე უარესი, მე-8 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, დავშორდით ჰონკონგის საგზურსაც, რომლის ორი მფლობელიც ერთ კვირაში დასკვნით, გდინიას ეტაპის შემდეგ უნდა გაირკვეს.
ბრიტანეთის როიალსთან მარცხის შემდეგ მე-5 ადგილის ნახევარფინალში ბრიტანულმა ლაიონსმაც გვაჯობა, თანაც უშანსოდ. პირველ ტაიმში სამი ლელო მივიღეთ და 0:17 ჩამოვრჩით, თამაში რომ განახლდა ბრიტანელები გრძელი გადაცემისას საკუთარ 22-ში შეცდნენ, ლევან გოგოლაშვილი არ დაიბნა და ერთი საპასუხო ლელო დადო, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ შევძელით და ბოლოს კიდევ ერთი ლელო მივიღეთ - 7:22.
რადგან ესპანეთი უკვე თასის ნახევარფინალში იყო, ხოლო მე-5 ადგილის ნახევარფინალში გერმანიამ იტალიას მოუგო [21:12], ცხადი გახდა ჩვენი მდგომარეობა გაუარესდებოდა, თუმცა შეიძლებოდა პოლონეთში გამგზავრების წინ მეტოქეებთან ჩამორჩენა შეგვემცირებინა. იტალიასთან მე-7 ადგილისთვის მატჩი უჩვეულოდ, 0:0 სრულდებოდა, თუმცა მე-12 წუთზე მიხეილ გაჩეჩილაძე სინბინით დაისაჯა, იტალიამ მეტობით ისარგებლა და ერთი ლელოთი მოიგო - 7:0. ამრიგად, ექსეტერში დავიკავეთ მე-8 ადგილი, საერთო ჩათვლაში მონაგარს მხოლოდ 6 ქულა შევმატეთ და ჯამში გაგვიხდა 16.
გერმანიამ მე-5 ადგილისთვის მატჩი დიდ ბრიტანეთთან დათმო, თუმცა ეტაპი ორი საფეხურით წინ დაასრულა და ჯამში მას უკვე 8 ქულით ჩამოვრჩებით - 24 ქულა აქვს. ესპანეთმა მოსკოვში აღებულ 8 ქულას, ექსეტერში კიდევ 16 შემატა - რუსეთის ძლევით მე-3 ადგილი დაიკავა და ისიც 8 ქულით გვისწრებს. ამრიგად, პოლონეთში, დასკვნით ეტაპზე, ახლა მხოლოდ ჩვენზე აღარაფერია დამოკიდებული. ჰონკონგის საგზურის მოსაპოვებლად საქართველომ აუცილებლად უნდა ითამაშოს მინიმუმ თასის ნახევარფინალში და თან იმის იმედად იყოს, ესპანეთს ან გერმანიას ფეხი დაუცდება.
საქართველოს ნაკრები ექსეტერში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
დავით ლოსაბერიძე (აია), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), ნიკა გიგაური (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები), მამუკა ნინიძე (ჯიქი), იოსებ კიკვიძე (აია), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ბექა ურჯუკაშვილი (არმია).
ევროპის გრან პრი. მეორე ეტაპი
ინგლისი. ექსეტერი. 10 ივლისი
თასის მეოთხედფინალები
ესპანეთი - გერმანია 26:0
დიდი ბრიტანეთი როიალსი - საქართველო 24:7
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი - რუსეთი 5:7
საფრანგეთი - იტალია 10:5
IX-XII ადგილების ნახევარფინალები
პოლონეთი - პორტუგალია 17:26
ლიტვა - ბელგია 5:35
ნახევარფინალები V-VIII ადგილებისთვის
გერმანია - იტალია 21:12
საქართველო - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 7:22
თასის ნახევარფინალები
ესპანეთი - საფრანგეთი 0:31
დიდი ბრიტანეთი როიალსი - რუსეთი 12:10
XI ადგილისთვის
პოლონეთი - ლიტვა 17:0
IX ადგილისთვის
პორტუგალია - ბელგია 31:5
VII ადგილისთვის
იტალია - საქართველო 7:0
V ადგილისთვის
გერმანია - დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 19:31
III ადგილისთვის
ესპანეთი - რუსეთი 17:7
ფინალი
საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი როიალსი 17:33
საერთო ცხრილი ორი ეტაპის შემდეგ
საფრანგეთი 18+18=36
რუსეთი 20+14=34
დიდი ბრიტანეთი როიალსი 12+20=32
დიდი ბრიტანეთი ლაიონსი 16+12=28
ესპანეთი 8+16=24
გერმანია 14+10=24
საქართველო 10+6=16
იტალია 4+8=12
პორტუგალია 6+4=10
ბელგია 3+3=6
პოლონეთი 2+2=4
ლიტვა 1+1=2
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაუშავს ეს ჩვენთვის მაინც რაგბი-ბალეტია
ვერ დაგეთანხმები. სანახაობრივად 7 კაცა მართლა ვერაფერი შვილია, მაგრამ დიდი რაგბის უკანა ხაზის კარგი ინდიკატორია, ჰოდა თუ გვინდა უკანა ხაზმა გაქაჩოს უნდა ავთამაშდეთ შვიდკაცაშიც
უკანა ხაზი რუსეთსაც გადაუვლის, ესპანეთსაც და გერმანია ლიტვაზე აღარაფერს ვამბობ. 7 კაცას საერთოდ სხვა სპეციფიკააქ და ჩვენ უბრალოდ ამ თამაშის გონზე არ ვართ. კარგი მწვრთნელის ხელში ეს ოთხი ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვა ვერასოდეს
სხვა პოსტებს თუ ნახავ ჩემსას მეც იგივეს ვამბობ, ბიჭების პოტენციალში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მწვრთნელის მუშაობისა ამათ არაფერი ეტყობათ. თან წლებია უკვე, რა გახდა მაგისი გაშვება?