საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ს, 2017/2018 წლების სეზონიდან კიდევ ერთი პლეი ოფი დაემატება.
ცვლილებებზე მუშაობისას განიხილებოდა ლიგაში გუნდების 12-მდე შემცირების ვარიანტი, მაგრამ საფრანგეთის სარაგბო ლიგის მმართველებმა ეს მოსაზრება არ გაიზიარეს. სამაგიეროდ დადგინდა, რომ სამომავლოდ რეგულარულ გათამაშებაში მე-13 ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ არ გავარდება და ახალი სეზონისთვის ელიტა 1-ში ადგილის მოსაპოვებლად პრო დ2-ის მეორეადგილოსანთან პლეი ოფს გამართავს.
„ამ ცვლილებით ვგეგმავთ შევამციროთ ის ზეწოლა, რომელსაც გუნდები ტოპ 14-იდან გავარდნის საშიშროებით განიცდიან. ვფიქრობთ, ასე გუნდები უფრო შემტევ რაგბის ითამაშებენ“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ეს ცვლილება 2017/2018 წლების სეზონს ეხება, მანამდე კი, ცნობილი გახდა ადგილები, სადაც 2016/2017 წლების სეზონის გადამწყვეტი მატჩები გაიმართება. ცნობილი იყო, რომ ტოპ 14-ის ფინალს 4 ივნისს პარიზი, „სტად ფრანსე“ უმასპინძლებს და ის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მანამდე, ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 მაისს მარსელში, „ველოდრომზე“ გაიმართება, რომელიც 67 394 მაყურებელს იტევს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია