ზე-18

13:38 | 10.07.2016 | ნანახია 1896 - ჯერ

რვიდან ექვსი გაირკვა [+ვიდეო]

სუპერ რაგბის 2016 წლის სეზონის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, რვიდან ექვსი მეოთხედფინალისტი ცნობილია.

ახალზელანდიურმა ფრანშიზებმა მაქსიმუმი მიიღეს და ხუთიდან ოთხი კლუბი მეოთხედფინალში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ პლეი ოფში გასულ ოთხივე ზელანდიურ გუნდს რეგულარული გათამაშების დასკვნით ტურში ერთმანეთთან უწევს თამაში - „კრუსეიდერსი“ „ჰარიკეინსს“, ხოლო „ჰაილენდერსი“ „ჩიფსს“ ეთამაშება.

ბოლოსწინა ტურში „ჩიფსის“ „რედსთან“ და „კრუსეიდერსის“ „რებელსთან“ დიდი სხვაობებით მოგების შესახებ უკვე ვწერდით. „ჰარიკეინსი“ პრინციპულ მატჩში „ვარატასს“ სტუმრად ეთამაშებოდა. ავსტრალიის კონფერენციიდან ჯერაც არ გარკვეულა ვინ ითამაშებს პლეი ოფში და რადგან წინა დღეს „ბრამბისი“ „ბლუზთან“ დამარცხდა, მის კონკურენტს დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საწყის 20 წუთში ბოდენ ბარეტიმ ჯერ ორი ჯარიმა გაიტანა, მერე ლელო დადო და ზელანდიელები 11:0 დააწინაურა. „ვარატასმა“ შესვენებამდე ნაიარავოროს ლელოთი უპასუხა, ხოლო ფოლიმ ზუსტი გარდასახვის შემდეგ, გაწითლებულ დროზე ჯარიმაც გაიტანა - 10:11. ამ ეპიზოდში „ჰარიკეინსი“ სინბინითაც დაისაჯა და ავსტრალიელები მეორე ნახევრის დებიუტში ფოლაუს ლელოთი და ფოლის გარდასახვით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ქულები მხოლოდ ზელანდიელებმა აიღეს, კორი ჯეინმა და ჯულიან სავეამ ლელოები დადეს, ბარეტიმ ორივე გარდასახვის გარდა ჯარიმაც გაიტანა, დასკვნით მეოთხედში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ჰარიკეინმა“ 28:17 იმარჯვა.

შედეგად, „ვარატსმა“ კონკურენტთან დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა და მისი და „ბრამბისის“ ბედი დასკვნით ტურში გადაწყდება. ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს და „ვარატასი“ სტუმრად „ბლუზს“ ეთამაშება, ხოლო „ბარმბისი“ „ვესტრნ ფორსს“ დაუხვდება და მეტოქის და შინაური კედლების გათვალისწინებით, უკეთეს პოზიციაშია.

სამხრეთაფრიკული კონფერენციიდან პლეი ოფში თამაში „ლაიონსმა“ და „სტორმერსმა“ დაიბევეს. პირველმა „კინგსი“ უპრობლემოდ რომ დაამარცხა 57:21 უკვე ვწერდით, ხოლო მეორემ „ფორსს“ 22:3 აჯობა. მასპინძლებმა ანგარიში დებიუტში ჯარიმით გახსნეს და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ. დუ პლესმა საპასუხო ჯარიმა 33-ე წუთზე გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი, „სტორმერსმა“ ორი ლელო დადო, ერთი გარდასახა და 15:3 დაწინაურდა. 57-ე წუთზე ვან ვიკმა დუბლი შეასრულა, დუ პლესის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო და რადგან ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, მისმა გუნდმა სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

სამხრეთ აფრიკიდან პლეი ოფის მესამე საგზურისთვის „შარქსი“ და „ბულზი“ იბრძვიან. განვლილ ტურში „ბულზს“ „სანვულვზმა“ პრობლემები ვერ შეუქმნა. აფრიკელებმა ერთი ჯარიმა გაუშვეს, 7 ლელო გაიტანეს და 50:3 მოგებით პრემიაც აიღეს. სამხრეთაფრიკულ დერბიში „ჩითასი“ „შარქსთან“ ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, რაზეც „ზვიგენებმა“ შესვენებამდე ჯერ ჯარიმით, მერე პიტერსენის ლელოთი და ეპრილის გარდასახვით უპასუხეს - 10:7. მეორე ტაიმში პირველი ქულები კვლავ სტუმრებმა აიღეს და ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მასპინძლების მოტივაცია დიდი იყო და ეპრილმა ორი ჯარიმით და ერთი გარდასახვით, უნგერერმა კი ლელოთი უპასუხა - 26:10. იმის გათვალისწინებით, რომ „შარქსი“ „ბულზს“ 2 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში „სანვულვზს“ მასპინძლობს, დიდი ალბათობით მეოთხედფინალში სწორედ ის ითამაშებს. „ხარები“ რეგულარულ გათამაშებას „ჩითასთან“ მატჩით ასრულებენ.

გასული ტურის დასკვნით თამაშში არგენტინული „იაგუარესი“ ზელანდიურ „ჰაილენდერსს“ დაუხვდა და 8:34 დამარცხდა. სტუმრებს პრობლემა არ შექმნიათ. მართალია პირველ ტაიმში მათ ჯარიმა და ერნანდესისგან ლელო გაუშვეს, მაგრამ თავად მეორე წუთზე ბენ სმიტის ლელოთი დაწინაურდნენ და შესვენებამდე ტომპსონმა და დიქსონმა კიდევ ორი ლელო დადეს. სოპოაგამ გარდასახვების გარდა ტაიმის მიწურულს ჯარიმაც გაიტანა - 24:8. მეორე ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა, დიქსონმა 64-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო სოპოაგა გარდასახვიდან არც ამჯერად შეცდა და მანამდე ჯარიმაც გაიტანა.

სუპერ რაგბის რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური 15-16 ივლისსაა დანიშნული და გარდა ორი მეოთხედფინალისტისა ისიც უნდა გაირკვეს, ვინ იქნება პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძელი.

ვარატასი - ჰარიკეინსი 17:28

ფორსი - სტორმერსი 3:22

ბულზი - სანვულვზი 50:3

შარქსი - ჩითასი 26:10

იაგუარესი - ჰაილენდერსი 8:34

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090219