ზე-18

18:18 | 8.07.2016 | ნანახია 1294 - ჯერ

„ბელადებმა“ „წითლები“ გაანადგურეს

ახალზელანდიურმა „ჩიფსმა“ ბრისბენში ადგილობრივი „რედსი“ 50:5 გაანადგურა, რა თქმა უნდა პრემიალური ქულაც მიითვალა და არა მხოლოდ საკუთარ კონფერენციაში, არამედ საერთო ცხრილშიც გალიდერდა.

„ბელადებმა“ „წითლებს“ ერთის წილ რვა ლელო დაუდეს, ორ-ორჯერ უწიეს მიზანს სეტა ტამანივალუმ და დამიენ მაკკენზიმ. ამ უკანასკნელმა მონაგარს 10 ქულა გარდასახვებითაც შემატა. საერთო ცხრილში „ჩიფსის“ გადასწრების შანსი „ლაიონსს“ აქვს, რომელიც დღეს საღამოს აუტსაიდერ „კინგსს“ მასპინძლობს და პრემიალური ქულით მოგების შემთხვევაში ზელანდიელებს ქულით გაასწრებს და ერთპიროვნულ ლიდერობას დაიბრუნებს. სამაგიეროდ, მას ვერ დაეწევა „კრუსეიდერსი“, რომელსაც 6 ქულით უსწრებს და კონფერენციაში კვლავ პირველები იქნებიან. „რედსი“ 14 თამაშიდან 16 ქულით მხოლოდ მე-15-ეა საერთო ჩათვლაში და ბოლოდან მეორე კონფერენციაში.

უმოტივაციო „წითლებს“ გამარჯვების დიდი შანსი არც თანაბარ თამაშში ექნებოდათ, მაგრამ დისციპლინაში იმდენად მოიკოჭლებდნენ, რომ ტაიმის ბოლოს ერთბაშად ორი მოთამაშე დაკარგეს და 9 წუთი 13 კაცის ამარა დარჩნენ. ამ პერიოდში „ჩიფსმა“ სამი ლელო და 19 ქულა მიითვალა.

ტამანივალუმ ანგარიში ლელოთი პირველსავე წუთზე გახსნა, 10 წუთში ატუნაისა მოლის ჯერი დადგა, კრის კურიდრანმა მე-20 წუთზე ერთადერთი საპასუხო ლელო დადო, მერე კი, „რედსი“ ჯერ საჯარიმო ლელოთი და ფრისნის სინბინით დაისაჯა, ერთ წუთში ყვითელი ჯეიმს ტუტლემაც მიიღო და სემ კეინმა და ტამანივალუმ შესვენებამდე კიდევ ორი ლელო დადეს - 33:5. მაკკენზიმ თავისი წილი დუბლი 55-ე და 76-ე წუთებზე შეასრულა, ხოლო მათ შორის ერთი ლელო ნათან ჰარისმა მიითვალა - 50:5.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078342