ზე-18

14:17 | 8.07.2016 | ნანახია 1562 - ჯერ

„ბლუზმა“ „ბრამბისს“ გაურთულა [+ვიდეო]

ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ სუპერ რაგბის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ტურში საუკეთესო თამაში აჩვენა და „იდენ პარკზე“ ავსტრალიური „ბრამბისი“ უშანსოდ დაამარცხა - 40:15.

მასპინძლებისთვის ამ თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, სტუმრებისთვის პირიქით. „ბრამბისი“ პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის და ამ მარცხის შემდეგ „ჰარიკეინსის“ იმედად უნდა იყოს, რომელიც ხვალ მის კონკურენტ „ვარათასს“ სიდნეიში ეთამაშება.

„ბლუზმა“ სტუმრებს საწყის 20 წუთში თავბრუ დაახვია და ოთხი ლამაზი ლელო გაუტანა. ანგარიში კაინომ მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც ვესტის ჩაკიდებულს ადგილზე დახვდა. ფრენსისმა, რომელიც წლევანდელ სეზონს კარგად ატარებს და ამ თამაშის შედეგიც დიდწილად განაპირობა, გარდასახვა გაიტანა. სამ წუთში მასპინძლებმა ფლანგზე გაჭრეს მომხვდურთა დაცვა და სტივენ ლუატუამ ლელოში პარსონსი შეუშვა - 14:0.

„ბრამბისმა“ მე-11 წუთზე მძლავრი მოლით უპასუხა, რომელმაც დაახლოებით 20 მეტრი ერთი ამოსუნთქვით დაფარა. ამ ეპიზოდს „ბლუზისთვის“ ორმაგი სასჯელი მოყვა - ჯერ ერთი, მოლის ხაზზე განზრახ ჩაქცევისთვის რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა და მეორე, კაინო სინბინით დაისაჯა. ზელანდიელებმა კაცნაკლულობა არც კი შეიმჩნიეს, მე-17 წუთზე ლამაზი ოფლოუდებით უტიეს და პრეტლიმ იერიში ლელოთი დაასრულა, ხოლო 21-ე წუთზე დაფიმ მეოთხედ დალაშქრა სტუმართა ჩათვლის მოედანი და რადგან ფრენსისი უშეცდომოდ ურტყამდა - 28:7.

„ბრამბისი“ აქცენტს ძალაზე რომ აკეთებდა ტაიმის მიწურულს 10 ქულის აღება მოახერხა. ჯერ ტოომუამ შეძლო ლელოს დამიწება, ხოლო ლეალიიფანომ გარდასახვის გაფუჭების შემდეჯ ჯარიმა გაიტანა - 28:15. მაგრამ თამაშის განახლებიდან სულ რაღაც 4 წუთში, კაინო მოლს მოწყდა და დუბლი შეასრულა, რის შემდეგაც სხვაობა 20 ქულამდე გაიზარდა. „ბრამბისმა“ ვერ შეძლო გადამწყვეტი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მოპოვება, ხოლო მატჩის მიწურულს დაფიმაც შეძლო დუბლის გაფორმება და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 40:15.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077484